"მანჩესტერ იუნაიტედი" - არაკომერციული ტრანსფერი

AutoSharing Option
30 მაისს ვწერდით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს არის "დორტმუნდის" 23 წლის იაპონელი ნახევარმცველის, შინჯი კაგავას შეძენასთან.

"ეშმაკები" თანახმანი არიან, 350 ათას ევროდ ნაყიდ ფეხბურთელში გერმანიის ჩემპიონებს 22 მილიონი გადაუხადონ.

მანჩესტერელთა კომერციული დირექტორი რიჩარდ არნოლდი აცხადებს, რომ გარიგებაზე ისინი წმინდა სპორტული მიზნებისთვის მიდიან და არა იმისთვის, რომ კლუბმა აზიურ ბაზარზე უფრო მეტად გაიმყაროს პოზიცია, სადაც ის ისედაც განუზომელი პოპულარობით სარგებლობს.

"ჩვენ არ ვყიდულობთ ფეხბურთელებს მხოლოდ მაისურების გასაყიდად. ჩვენს შემადგენლობაში 25 ნამდვილი ვარსკვლავი ირიცხება, ასე ვთქვათ, ჯორჯ ბესტის 25 კლონი გვყავს.

თუკი
გაითვალისწინებთ, რამდენად წარმატებულები ვართ პლანეტის ამ მხარეში, ეს ვერ იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის დამსახურება.

რა თქმა უნდა, ჟი სუნ პარკი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის სამხრეთ კორეის ნაკრების კაპიტანია და დღემდე რჩება "იუნაიტედის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ. ჩვენი კლუბი ყოველთვის მეტია, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი.

ის უფრო მეტია, ვიდრე ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, დევიდ ბექჰემი, ერიკ კანტონა და ჟი სუნ პარკი ცალკე აღებული. ჟი ძალიან პოპულარულია კორეაში, ისევე, როგორც ხავიერ ერნანდესი მექსიკაში, მაგრამ პოლ სქოულზს გულშემატკივრების მთელი არმია ჰყავს ჩინეთში.

ისინი ნამდვილი ვარსკვლავები არიან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. "იუნაიტედის" შეხვედრებს 1,1 მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალს მთელ მსოფლიოში. ეს არის ფილმების სერია, რომელსაც ხალხისთვის წელიწადში 60-ჯერ ვიღებთ. შეუძლიათ რამე ამის მსგავსი ჯორჯ კლუნისა და ბრედ პიტს? არაფერი," - აცხადებს არნოლდი.

უკვე სახელგანთქმული ფეხბურთელების გარდა, "იუნაიტედის" სკაუტები ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ.

მაგალითად, "ეშმაკებმა" ქვედალიგელი "ქრიუდან" ინგლისის 18-წლამდელთა ცენტრალური ნახევარმცველი, 18 წლის ნიკოლას პაუელი გადაიბირეს, ვისთანაც 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კვირეული 20-ათასიანი ანაზღაურებით.

ტრანსფერი 3 მილიონი ფუნტი (3,75 მილიონი ევრო) დაჯდა. პაუელს კონტრაქტებს "ევერტონი", "ჩელსი", "ნიუკასლი" და "ფულჰემიც" სთავაზობდნენ.

კაგავას გარდა, მანკუნიანელთა ყურადღება სხვა ფეხბურთელებისკენაც არის მიპყრობილი, მაგალითად - ნიუკასლელი პაპის სისესკენ. 26 წლის სენეგალელმა პრემიერლიგას გემო იანვარში გაუგო, მაგრამ უმალ აუღო ალღო და ფანტასტიკური სადებიუტო სეზონი გამოუვიდა.

"კაჭკაჭების" შემადგენლობაში 14 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. "დეილი მორორის" ცნობით, ექსფრაიბურგელის შეძენა "იუნაიტედსა" და "ჩელსის" სურთ. სისეს გარდა, ჩრდილოინგლისელებს დემბა ბასა და იოან კაბაის შესანარჩუნებლადაც მოუწევთ ბრძოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული