ვინ არის ბრენდან როჯერსი?

AutoSharing Option
"ლივერპულსა" და "სუონსის" შორის მხოლოდ დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი და ბრენდან როჯერსი "წითლების" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნება.

უელსელთა აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი ევროპაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის შედის, რომელთა გუნდებსაც ბურთის გათამაშება ყველაზე უკეთ ეხერხებათ. როჯერსი 1973 წლის 26 იანვარს ჩრდილოეთ ირლანდიის პატარა ქალაქ კარნლოხში დაიბადა.

ფეხბურთის თამაში 1990 წელს 18 წლის ასაკში მუხლის უმძიმესი ტრავმის გამო მიატოვა. მაშინ ის "რედინგში" ირიცხებოდა, თუმცა თამაში მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდში მოახერხა. პროფესიულ დონეზე დებიუტი კი არ დასცალდა.

1995-იდან 2004 წლამდე ის "რედინგის" აკადემიის ხელმძღვანელად
მუშაობდა. 2004 წელს, როცა ჟოზე მოურინიო "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სტივ კლარკის რჩევით, პორტუგალიელმა როჯერსი ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად მიიწვია.

მალე მას სარეზერვო გუნდი ჩააბარეს. 2008 წელს ბრენდანმა "ჩელსი" მიატოვა, რათა "უოტფორდში" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაეკავებინა.

ეს გუნდი მან ჩემპიონშიპიდან გავარდნისგან იხსნა. 2009 წლის ივნისში კი ის "რედინგის" მაშინდელმა მფლობელმა ჯონ მადეისკიმ მიიწვია, მაგრამ გუნდში მას საქმეები არ წაუვიდა და იმავე წლის დეკემბერში თანამდებობიდან გადადგა.

6-თვიანი უმუშევრობის შემდეგ მან "სუონსი" ჩაიბარა, რომელიც ჩემპიონშიპის პლეი ოფში გაიყვანა.

1/2-ფინალში მას "ნოტინგემ ფორესტი" შეხვდა, ფინალში კი... "რედინგი" გადაეყარა. როჯერსმა და მისმა გუნდმა შეძლეს "არისტოკრატების" ("რედინგის" მეტსახელია) გზიდან ჩამოშორება და ელიტურ დივიზიონში ადგილის მოპოვება.

პრემიერლიგაში დებიუტანტებმა ნამდვილი "გადატრიალება" მოახდინეს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პრაქტიკულად უცნობი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ასეთ მიმზიდველ და შედეგიან ფეხბურთს ითამაშებდა.

საბოლოოდ "სუონსიმ" ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა. "გედებმა" ყველა გააოცეს განუწყვეტელი გუნდური მოძრაობებითა და ბურთის უსწრაფესი გათამაშებებით და ეს ყველაფერი ისეთ ძალისმიერ ჩემპიონატში, როგორიც პრემიერლიგაა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ "სუონსის" შუახაზელები.

სეზონის ბოლოს სტატისტიკოსებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ "სუონსი" ევროპის მასშტაბით მე-6 გუნდი იყო ზუსტი პასების პროცენტული მონაცემებით. მას მხოლოდ "ბარსელონამ", "ბაიერნმა", "მანჩესტერ სიტიმ", "რეალმა" და "ჩელსიმ" გაუსწრეს.

მას შემდეგ, რაც ბრენდან როჯერსის დანიშვნის ამბავი გაირკვა, კომენტარი ისურვა "ლივერპულის" ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა რობი ფაულერმა. "იმ ყველაფრისთვის, რასაც როჯერსმა "სუონსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიაღწია, ის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

მას "ჩელსიში" ჟოზე მოურინიოსთან ერთად უმუშავია. ასე რომ, კარგად უნდა ესმოდეს სიტყვა გამარჯვების მნიშვნელობა. მისთვის "ლივერპულის" მწვრთნელის პოსტი კარიერაში წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია.

როჯერსს მოუწევს ახალ ფეხბურთელებთან მუშაობა და "ლივერპულის" მერვე ადგილიდან ზემოთ დაძვრა.

ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა, სწორედ ეს იქნება მისთვის უპირველესი ამოცანა, მაგრამ მისი გადაჭრა ძალიან რთული იქნება.

მიზეზი ის არის, რომ "ენფილდზე" კარგი ფეხბურთელების გადმოყვანა გაჭირდება, გუნდი ხომ წელს ჩემპიონთა ლიგაში არ ითამაშებს.

ეს ფაქტორი კი მოლაპარაკებების პროცესს ყოველთვის ართულებს. ასეა თუ ისე, ჯობია "ლივერპულის" გულშემატკივრები კიდევ ერთ რთულ სეზონს ელოდონ," - განაცხადა ფაულერმა "დეილი მირორის" ფურცლებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული