"სუონსის" მიკაელ ლაუდრუპს ჩააბარებენ

AutoSharing Option
"სქაი სპორტსის" ცნობით, "სუონსის" ახალ მთავარ მწვრთნელად მიკაელ ლაუდრუპი დაინიშნება.

მხარეთა შორის ყველაფერი შეთანხმებულია, თუმცა უცნობია, რამდენი წლით დაუკავშირებს თავის ცხოვრებას 47 წლის სპეციალისტი უელსურ კლუბს. შეგახსენებთ, რომ "გედების" ყოფილი თავკაცი ბრენდან როჯერსი ორიოდე კვირის წინ "ლივერპულში" დაინიშნა.

ლაუდრუპამდე "სუონსიმ" "უიგანიდან" რობერტო მარტინესის ასისტენტის, გრემ ჯონსონის გადაბირება სცადა, თუმცა საბოლოოდ მისგან უარი მიიღო. ჯონსონის გარდა, განიხილებოდა იან ჰოლოვეის, გუსტავო პოიეტისა და მარსელ დესაის კანდიდატურები.

ჰარი რედნაპი რჩება
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა კატეგორიულად უარყო ხმები, თითქოს "უაით ჰართ ლეინიდან" წასვლას
გეგმავს.

სწორედ ამ დღეებში დაიწერა, რომ 65 წლის სპეციალისტს პრეზიდენტსა და კლუბის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ახალი კონტრაქტის გაფორმება ამიტომაც იუარაო.

"არა, არ გადავმდგარვარ და წარმოდგენაც კი არ მაქვს, რატომ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. აღმაშფოთებელია, როცა გაზეთები იმას წერენ და მერე სხვებსაც აჯერებენ, რასაც მოისურვებენ. შანსი არ არის, აქედან არსადაც არ წავალ, თუნდაც იმიტომ, რომ ხელშეკრულებაში მინიმუმ 1 წელიწადი მაქვს დარჩენილი," - განუცხადა მწვრთნელმა ESPN-ს.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები 10-10 წლით ჩასვეს
ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტებს ნან იუნსა და სე იალუნს გარიგებულ საფეხბურთო მატჩებთან კავშირის გამო 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორი მაღალჩინოსნის გარდა, ციხეში კიდევ რამდენიმე ადამიანი მოხვდა. გეტყვით, რომ საფეხბურთო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩინეთის პოლიციამ 2 წლის წინ დაიწყო და მას მერე ათეულობით კანონდამრღვევი გამოავლინა.

კაგავას ცენტრში თამაში ურჩევნია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულის, შინჯი კაგავას თქმით, მას ძალიან უნდა, რომ ახალ გუნდში მწვრთნელმა მხოლოდ გამთამაშებლის პოზიციაზე გამოიყენოს. 23 წლის იაპონელი ამ ზაფხულს "ეშმაკების" პირველი ახალწვეული აღმოჩნდა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" მასში 12 მილიონი ფუნტი (14,88 მილიონი ევრო) უკვე მიიღო, 5 მილიონს (6,2 მილიონი ევრო) კი ბონუსების სახით სამომავლოდ მიითვლის. "ცენტრის გარდა, თამაში ფლანგზეც შემიძლია, თუმცა ვგრძნობ, რომ სწორედ გამთამაშებლის პოზიციაზე ვარ ყველაზე სასარგებლო.

მაქსიმალურად ბევრს ვიმუშავებ, რათა სწორედ ცენტრში დავიკავო ჩემი ადგილი. გეტყვით, რომ "დორტმუნდიდან" წასვლის გადაწყვეტილება იოლად არ მიმიღია. "იუნაიტედში" ახალი თავგადასავლების საძიებლად მოვედი," - განუცხადა ფეხბურთელმა იაპონურ გამოცემა "კიოდოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული