პირველი ამ სერიაში ჯონ ტერი გახლდათ, მეორე ეშლი კოული, ახლა კი ფრენკ ლემპარდის ჯერი დადგა.
ვეტერანს მიაჩნია, რომ ოლიმპიური თამაშები ქალაქისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება.
- ფრენკ, რას ფიქრობთ ოლიმპიადაზე?
- ბრიტანელებისთვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა. სამხრეთამერიკელები და აფრიკელები ამას უფრო შეჩვეულები არიან, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ყველაფერს ვიზამთ, რაც შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ოლიმპიურ ნაკრებში იქნება, ყველა მაქსიმალურად მოინდომებს. თუმცა მაინც მგონია, რომ მსოფლიოს
- ოლიმპიადასთან დაკავშირებული თქვენი პირველი მოგონება რომელია?
- შეიძლება ზამთრის ოლიმპიადაზე ვთქვა? მაშინ "არწივი ედი" (მაიკლ ედვარდსი, განთქმული ბრიტანელი ტრამპლინიდან მხტომელი. რედ). დროში განსხვავების გამო სპეციალურად დილაუთენია ვდგებოდი, რომ სკოლაში წასვლამდე რეპორტაჟებისთვის მეყურებინა.
- რას ელოდებით 2012 წლის თამაშებისგან?
- რა თქმა უნდა, ბრიტანელი ათლეტების გამარჯვებებს, მაგალითად, 100 მეტრზე სპრინტში. პრინციპში, მინდა, ჩემს შვილებთან ერთად ყველაფერს მივადევნო თვალი, რის ბილეთსაც ვიშოვი. ლორდმა კოემ (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1500 მეტრზე სირბილში და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. რედ) წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატარა, რათა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო ორგანიზებული. ამისთვის მას დიდი მადლობა ეკუთვნის.
- ვინ არის თქვენი საყვარელი ოლიმპიელი?
- რაკი პირადად ვიცნობ, სებასტიან კოეს დავასახელებ - მისი, სტივ ოვეტისა და სტივ კრამის ეპოქა ჩვენი მორბენალებისთვის უდიდესი იყო.
- დაათვალიერეთ ოლიმპიური სტადიონი?
- ქუჩაზე ახლოსაც ჩამივლია. გარედან ბრწყინვალედ გამოიყურება. დასათვალიერებლად დამპატიჟეს კიდეც, მაგრამ დრო ვერ გამოვნახე ამისთვის.
- როგორ მოგწონთ ლონდონი, როგორც მასპინძელი ქალაქი?
- ძალიან მიყვარს ლონდონი. ვიცი, რომ რთული დრო გვქონდა, მაგრამ ახლა შეგვიძლია ვიამაყოთ. იმედია, ეს ქალაქს სერიოზულ შემოსავალს მოუტანს, მის მიმართ ინტერესს გააღვიძებს და გონებაში კარგ მოგონებად დარჩება. ჩემს ქალაქში ასეთი ღონისძიება აქამდე არასოდეს ჩატარებულა და ალბათ, მეორედ მას ვეღარც მოვესწრები.
- ოლიმპიადაზე მონაწილეობა რომ შემოეთავაზებინათ, რომელ სახეობას აირჩევდით?
- აკადემიურ ნიჩბოსნობას. თქვენთან ინტერვიუში ეშლი კოულმა მე 400 მეტრზე სირბილში "გამამწესა". ვფიქრობ, ამას ვერ შევძლებდი, რადგან საკმარისი სისწრაფე არ მაქვს.
- "ჩელსის" ფეხბურთელებისგან 4/100-მეტრზე ვის დააყენებდით?
- სტარიჯს, რამირესს, ივანოვიჩსა და ბერტრანდს.
- დაბოლოს, სპორტის რომელ სახეობას დაამატებდით თამაშებს?
- არცერთს. რაც არის, იმითაც კმაყოფილი ვარ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"