ოლივიე ჟირუ ტიტულების იმედად

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "არსენალში" ოლივიე ჟირუს ტრანსფერის საკითხი საბოლოოდ გაირკვა, ფეხბურთელმა "მეთოფეთა" ოფიციალურ სატელევიზიო არხს მისცა ინტერვიუ. მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- კლუბს ახლა ფეხბურთელთა კარგი თაობა და კარგი გუნდი ჰყავს. ფეხბურთელებს შარშანდელ სეზონში სერიოზული ტრავმები აწუხებდათ, რაც მათ სერიოზულად უშლიდა ხელს სათანადო შედეგების ჩვენებაში. სტაბილურად საასპარეზოდ ეს ძალიან ცუდი წინაპირობაა.

ვფიქრობ, რომ "არსენალს" განსაკუთრებული გუნდური სული აქვს. ეს ერთ-ერთი ის ფაქტორი იყო, რის გამოც არჩევანი აქაურობაზე შევაჩერე.

მჯერა ამ ფეხბურთელების პოტენციალის და მათი ბრწყინვალე მომავლის. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში
რამე ტიტულს აუცილებლად მოვიგებთ.

აქ ამის გაკეთება ძალიან ძნელია, რადგან პრემიერლიგაში ბევრი ელიტური კლუბია, მაგრამ ჩემპიონატს განსაკუთრებული შარმი სწორედ ამიტომ აქვს და ამის გამოა, ამდენი გულშემატკივარი რომ ჰყავს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძნელი ჩემპიონატი და პროგრესის მიღწევა აქ არც ისე იოლი იქნება. თუმცა ჩემი თავის იმედი მაინც მაქვს.

იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიო, ყველაფერი მაქვს. სრულად ადაპტაციისთვის გარკვეული დრო აუცილებად დამჭირდება, მაგრამ ამის გამო არ ვნერვიულობ. ვფიქრობ, დიდი პრობლემა არ შემექმნება.

იმ კატეგორიის მოთამაშეთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელთაც უბრალოდ თამაში კი არა, მასზე გავლენის მოპოვება უყვართ.

სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ "არსენალის" სტილი შემეფერება. მიყვარს და მეხერხება გოლების გატანა. ჩემი გუნდი კი უამრავ საგოლე მომენტს ქმნის და თუკი თამაში წამივიდა, ეს გუნდზეც დადებითად იმოქმედებს. რა თქმა უნდა, აქ ჩემამდეც იყვნენ მაღალი კლასის თავდამსხმელები, რადგან ეს ტოპკლუბია. მესმის, რომ ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ მომიწევს.

ჩემი აზრით, ევროპის ხუთ უძლიერეს ჩემპიონატს შორის ინგლისის დონით ყველაზე მაღლა დგას. სწორედ ამიტომ ავირჩიე "არსენალი".

აქ თითქმის ყველაფერი მომწონს - გულშემატკივრები, სავსე სტადიონები, განსხვავებული მენტალიტეტიც კი. ბედნიერი ვარ, რომ პრემიერლიგის დაჭაშნიკების შანსი მეძლევა. აქ ყველაფერი ფეხბურთის გარშემო ტრიალებს. ფანები თითქოს ოჯახის წევრად გაღიარებენ.

ისინი ძალიან ემოციურები არიან და ეს ყველაფერი მათ სისხლში აქვთ. ეს ადამიანები ცხოვრობენ ფეხბურთით, იკვებებიან ფეხბურთით და მხოლოდ ფეხბურთზე ისვენებენ. სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი განსხვავება ინგლისელსა და ფრანგ ფანებს შორის.

ამ გუნდში ახალი გამოცდები მელის. "არსენალში" ვითამაშებ იმისთვის, რომ ისტორია დავწერო, საკუთარი თამაშით დავტკბე და სიამოვნება გულშემატკივრებსაც მივანიჭო. ვფიქრობ, პრემიერლიგაში კარგად უნდა მიმიღონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული