რობერტო დი მატეოს პირველი პრესკონფერენცია

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ ახალი სეზონისთვის მზადების დაწყებამდე პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც დაწვრილებით ილაპარაკა გუნდში არსებულ ვითარებაზე და მოკლედ დაახასიათა "ლურჯების" ახალწვეულები.

იტალიელმა სპეციალისტმა პრესასთან ურთიერთობა სამწუხარო ინფორმაციით დაიწყო:

- დენიელ სტარიჯს ვირუსული მენინგიტი აქვს. მე მას უკვე ველაპარაკე და გარწმუნებთ, რომ ის თავს უკეთ გრძნობს. სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა ფეხბურთელმა რაც შეიძლება მალე იგრძნოს თავი კარგად.

იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება და დენიელი შეძლებს ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების შეკრებაზე გამგზავრებას.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მის მდგომარეობას ექიმები
ყოველ დღე ამოწმებენ. ჩვენი წარმომადგენლები მას მუდმივად თავს დასტრიალებენ და რეგულარულად გვაწვდიან ინფორმაციას. სტარიჯმა თავი შეუძლოდ ამ უქმეებზე იგრძნო. ის სასწრაფო დახმარების მანქანით "სენტ მერის" საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ აქ ვარ. მოუთმენლად ველოდები ფეხბურთელებთან მუშაობის განახლებას. იმედია, წელს უფრო წარმატებული სეზონი გვექნება.

აზარი დიდებული ფეხბურთელია. თავისი ასაკისთვის მან უკვე ძალიან ბევრს მიაღწია, მაგრამ არც იმის დავიწყება გვმართებს, რომ ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა.

ძალიან კარგი ფეხბურთელია მარკო მარინიც. მას რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირად კარგად შეუძლია თამაში. ამჟამინდელი შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ სატრანსფერო ბაზარს მაინც მივაქცევთ ყურადღებას.

ვნახავთ, შეიძლება თუ არა კიდევ გუნდის გაძლიერება. ველოდები, რომ ფრენკ ლემპარდი გუნდს გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება. ის თავს უკვე კარგად გრძნობს და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის.

მიხარია ფერნანდო ტორესისა და ხუან მატას წარმატებაც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მათ იტალიას მოუგეს.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ ყველა იმ ტურნირის მოსაგებად, სადაც ვთამაშობთ. მართალია, დიდიე დროგბას გარეშე მოგვიწევს თამაში, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ და წინ ვიაროთ. მისი ტვირთი სხვა ფეხბურთელებმა უნდა ზიდონ. ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები მინიმუმ 21-დღიან შვებულებას მიიღებენ.

P.S "დეილი მეილის" ინფორმაციით, დენიელ სტარიჯის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და მის გამოჯანმრთელებას გარკვეული დრო დასჭირდება. ფეხბურთელის მკურნალობისთვის ძლიერმოქმედი პრეპარატებია საჭირო. შესაბამისად, ოლიმპიურ თამაშებზე მისი ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული