რობინ ვან პერსი ლონდონის "არსენალიდან" მიდის

AutoSharing Option
5 ივლისის ნომერში რობინ ვან პერსიზე არსენ ვენგერის კომენტარი გაგაცანით, მადლობა ღმერთს, "არსენალის" ლიდერს გუნდიდან წასვლა არ აქვს გადაწყვეტილიო. მას მერე 24 საათი გავიდა და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ფრანგი სპეციალისტი მწარედ შეცდა და რომ ჰოლანდიელი კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ გეგმავს.

"მეთოფეებთან" მისი კონტრაქტი 2013 წლის 1 ივლისს იწურება. ახლა უკვე კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, რა უღირს - 15 მილიონი ფუნტის აღება თუ ერთი წლის მერე ვან პერსის უკომპენსაციოდ გაშვება. "არსენალიდან" წასვლის მიზეზებზე ფეხბურთელმა საკუთარ ვებგვერდზე ილაპარაკა:

"მე მთელი
ბოლო პერიოდი ვდუმდი, რადგან კლუბს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მის მიმართ ლოიალურად გახლდით განწყობილი.

ამას გარდა, სიტყვიერად ვიყავი შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, არსენ ვენგერთანაც.

თუმცა მასმედიაში ჩემს მომავალთან დაკავშირებული სპეკულაციების გამო იძულებული ვარ, ყველაფერზე გულახდილად ვილაპარაკო, რადგან ასე უფრო სამართლიანი იქნება.

როგორც პრესაში დაიწერა, სეზონის დასრულების შემდეგ შევხვდი კლუბის დირექტორატის წევრებს, უშუალოდ, ივან გაზიდისსაც. განვიხილეთ კლუბის სამომავლო სტრატეგია და მისი პოლიტიკა. ფინანსურ დეტალებსა და კონტრაქტზე არაფერი გვითქვამს, რადგან ჩემთვის ეს პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა.

პირადად ჩემთვის უკანასკნელი სეზონი ბრწყინვალედ წარიმართა, მაგრამ ჩემი უმთავრესი მიზანი სხვა რამეა - მოვიგო ტიტულები ჩემს გუნდთან ერთად.

სწორედ ვენგერის, ფანებისა და თანაგუნდელებისადმი უდიდესი პატივისცემის გამო მინდა, რომ ამ შეხვედრის შესახებ გესაუბროთ და გითხრათ, რომ ვერცერთ საკითხზე საერთო ენა ვერ გამოვნახეთ.

დიდხანს ვფიქრობდი, თუ როგორ მოვქცეულიყავი და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ხელშეკრულება აღარ გამეგრძელებინა. თქვენ, გულშემატკივრები ჩემს გადაწყვეტილებას შეიძლება არასოდეს დაეთანხმოთ, მაგრამ მე თქვენი პოზიციის მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიქნები განმსჭვალული.

რაც უნდა მოხდეს, "არსენალი" და მისი ფანები ყოველთვის მეყვარება. მე გავიზარდე, როგორც ამ გუნდის მოთამაშე. კლუბში მუდმივად მხარში მედგნენ წლების განმავლობაში. ჩემი მხრივ, მეც ყველაფერს ვაკეთებდი მისთვის, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

ვამაყობ, რომ 8 წლის განმავლობაში ამ ფანტასტიკური კლუბის წევრი ვიყავი. ინფორმაციას მომავალშიც ჩემი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით მოგაწვდით".

ოფიციალური განცხადება გააკეთა "არსენალის" საიტმაც. აი, რა წერია იქ: "ჩვენ პატივი უნდა ვცეთ რობინ ვან პერსის გადაწყვეტილებას, რომ კლუბთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს.

ხელშეკრულების ამოწურვამდე ერთი წელი დარჩა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რობინი ვალდებულებას ბოლომდე შეასრულებს. ჩვენს კლუბს ამბიციური გეგმები აქვს მომდევნო სეზონთან დაკავშირებით".

"დეილი მირორის" ცნობით, "ეტიჰადზე" ეს ამბავი გაიგეს თუ არა, ფეხბურთელის გადასაბირებლად ახალი გეგმა შეადგინეს. გამოცემის მტკიცებით, "ქალაქელები" მზად არიან, "არსენალს" 25 მილიონი ფუნტი შესთავაზონ, ჰოლანდიელს კი წელიწადში 14,5 მილიონი ევრო აძლიონ.

"დეილი მეილის" ინფორმაციით კი, 28 წლის სუპერფორვარდის ხელში ჩაგდების პერსპექტივამ "მანჩესტერ იუნაიტედიც" მოხიბლა. "ეშმაკები" მზად არიან, "მეთოფეებთან" მოლაპარაკება უახლოეს დღეებში დაიწყონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული