ანდრე ვილაშ ბოაშის ცოცხი კარგად გვის

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ ბოაშმა უკვე დაიწყო კონკრეტული იდეების დამუშავება შემადგენლობის გასაძლიერებლად.

ჩრდილოლონდონელებს ამ ეტაპზე ეს ყველაზე მეტად აწუხებთო, ვერ გეტყვით, მაგრამ მალე პრობლემა თვალშისაცემი რომ გახდება, ამის პროგნოზი ძალზე იოლია.

"დეზების" ძირითადი მეკარეების ასაკი დიდი ხანია, საფეხბურთო სამყაროში კრიტიკულად მიიჩნევა.

გუნდში 3 გოლკიპერი ირიცხება - 31 წლის ეურელიო გომეში, ვისაც ბოლო 2 წელია, თითქმის არ უთამაშია; 38 წლის კარლო კუდიჩინი და 41 წლის ბრედ ფრიდელი.

უკანასკნელს ხელშეკრულება 2013 წლის 1 ივლისს უმთავრდება და ფეხბურთიდან მიდის. პენსიაზე აპირებს
გასვლას კუდიჩინიც.

რაც შეეხება ბრაზილიელ გოლკიპერს, მას გულშემატკივრებთან ცუდი ურთიერთობა აქვს და ის, რომ ფეხბურთელი ჯერაც "ტოტენჰემშია", მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ის, უბრალოდ, არავინ წაიყვანა.

ცხადია, რომ ამ პირობებში კვალიფიციური მეკარე გუნდს ჰაერივით სჭირდება. ვილაშ ბოაში მზადაა, "ლიონს" 25 წლის უგო ლორისში 10 მილიონი ფუნტი (12,53 მლნ ევრო) შესთავაზოს.

ფრანგები მეკარეს 16 მილიონ ფუნტად (20 მლნ ევრო) აფასებენ. ამას გარდა, ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტი "აიაქსიდან" იან ფერტონგენის ტრანსფერზე მოლაპარაკებების განახლებასაც აპირებს და რაც მთავარია, ის მზადაა, "ჩელსის" კონკურენცია გაუწიოს და "პორტუდან" ჰალკი 35 მილიონ ფუნტად (43,85 მლნ ევრო) გადაიბიროს. ვილაშ ბოაშს იმედი აქვს, რომ ყოფილი შეგირდი მასთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის.

მოხიბლული სიგურდსონი
"ტოტენჰემის" ახალწვეულმა გილფი სიგურდსონმა იმ მიზეზებზე ილაპარაკა, თუ რატომ ამჯობინა "ტოტენჰემი" "ლივერპულს", გუნდს, სადაც მას ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ელოდებოდა.

"მე მომწონდა როჯერსთან მუშაობა "სუონსიში". მისი მადლობელი ვარ ყველაფრის გამო, მაგრამ შემოთავაზებების განხილვის შემდეგ "უაით ჰართ ლეინი" ვამჯობინე. კლუბის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ კი მათი ამბიციური იდეებით მოვიხიბლე.

ამ გუნდს დიდი გეგმები აქვს და მინდა, რომ ამ გეგმის ნაწილი მეც ვიყო. მომეწონა ანდრე ვილაშ ბოაშის ფილოსოფიაც. მას სჯერა ჩემი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოლოდინი გავამართლო. გუნდს მსოფლიო კლასის ფეხბურთელები ჰყავს და შემტევ ფეხბურთს თამაშობს,"
- განუცხადა 22 წლის ისლანდიელმა "დეილი მეილის" ჟურნალისტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული