გადაწყდა: ჟი სუნ პარკი "ქუინზ პარკ რეინჯერსში" ითამაშებს

AutoSharing Option
Goal.com-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 31 წლის კორეელი ნახევარმცველი ჟი სუნ პარკი 9 ივლისს "ქუინზ პარკში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ლონდონის გარეუბნის წარმომადგენელთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

"წითელი ეშმაკები" ვეტერანი ნახევარმცველის სანაცვლოდ 2,5 მილიონ ფუნტს ახლავე მიიღებენ და ამდენივეს მიითვლიან, თუკი ეს კლუბი პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

ტრანსფერის ინიციატორი მარკ ჰიუზი გახლავთ. სწორედ მან დაარწმუნა პრეზიდენტი ტონი ფერნანდესი, ასაკში შესულ ფეხბურთელში ამხელა თანხა "გაესროლა".

უკანასკნელი 1,5 წლის განმავლობაში პარკმა თამაშს აშკარად მოუკლო და ამიტომაც არის, რომ ალექს ფერგიუსონი მის გაშვებას იოლად დათანხმდა.
რეგულარულმა სათამაშო პრაქტიკამ კორეელს შესაძლოა ძველებური რწმენა დაუბრუნოს საკუთარ ძალებში.

პარკი მეორე ფეხბურთელია ამ ზაფხულს, ვინც "ოლდ ტრეფორდიდან" "ლოფტუს როუდს" მიაშურა. პარკამდე ეს გზა ფაბიო და სილვამ გაიარა. ოღონდ ბრაზილიელი ლონდონში მხოლოდ იჯარით არის მივლენილი.

პარკის გარდა, მარკ ჰიუზი კიდევ ერთი ვეტერანის სამსახურით არის დაინტერესებული. ლაპარაკია "ლივერპულის" 32 წლის თავდამსხმელ კრეიგ ბელამიზე. მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. მათ ერთად უმუშავიათ უელსის ნაკრებში, "ბლექბერნსა" და "მანჩესტერ სიტიში".

უელსელის შეძენას "კარდიფ სიტიც" გეგმავს. ბელამი "მელვუდის" ბაზაზე მხოლოდ ლონდონის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ დაბრუნდება. ახლა ყველაფერი მხოლოდ ბრენდან როჯერსის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული