"მანჩესტერ იუნაიტედი" იყიდება

AutoSharing Option
ერთი კვირის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" მესაკუთრე გლეიზერების ოჯახის იურისტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის აქციების ნაწილი კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული შუამავალი კომპანიის დახმარებით ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაიყიდება.

გასული წლის მიწურულს კლუბის აქციათა სინგაპურის ბირჟაზე გატანა იგეგმებოდა, მაგრამ შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ მსურველები აქციების შეძენით მხოლოდ შეზღუდული ხმის უფლებას მოიპოვებენ.

"იუნაიტედის" ხაზინაში შემოსული თანხა სრულად წარიმართება საბანკო ვალების დასაფარად, რომელიც ამ ეტაპზე 423 მილიონ ფუნტს (655 მლნ დოლარი) უტოლდება (2006 წელს ეს თანხა 660 მილიონი ფუნტი
სტერლინგი იყო). კლუბის ბოსები ამ გზით მინიმუმ 100 მილიონი დოლარის მიღებას ვარაუდობენ.

გლეიზერებმა "იუნაიტედის" საკონტროლო პაკეტი 2005 წელს ლონდონის ბირჟაზე შეიძინეს. ეს გარიგება მაშინ 800 მილიონი ფუნტი, მაშინდელი კურსით 1,5 მილიარდი დოლარი დაჯდა.

იმავე წელს მესაკუთრეებმა კლუბი დახურული ტიპის სააქციო საზოგადოებად აქციეს. როგორც ჩვენი ბრიტანელი კოლეგები ირწმუნებიან, ოჯახი კლუბის მართვის სადავეების ხელიდან გაშვების საფრთხის წინაშე არ დგას, რადგან სრული ხმის უფლების მქონე აქციათა 100%-ს სწორედ მალკოლმ გლეიზერის შვილები ავრაამი, კევინი, ბრაიანი, ჯოელი, ედვარდი და დარსი ფლობენ.

ეიმოსი ჰალ სიტიში
"იუნაიტედზე" წერას განსხვავებული თემატიკით დავასრულებთ. ალექს ფერგიუსონმა გუნდიდან უკვე მეორე მეკარე გაუშვა. თუკი ტომაშ კუშჩაკმა "ოლდ ტრეფორდი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, 22 წლის ბენ ეიმოსმა "ჰალ სიტის" ერთწლიანი იჯარით მიაშურა.

გარიგება ჩემპიონშიპის წარმომადგენელს სულ რაღაც 250 ათასი ფუნტი დაუჯდა. ეიმოსის იჯარა სულაც არ არის გასაკვირი, რადგან პერსპექტიულ გოლკიპერს არნახული კონკურენციის გამო თამაში, პრაქტიკულად, არ უწევს. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე "ეშმაკებმა" მას ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული