ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჯონ ტერის საქმეზე თავისას იტყვის

AutoSharing Option
პარასკევს ლონდონის სასამართლომ ჯონ ტერი ანტონ ფერდინანდის რასისტული ხასიათის შეურაცხყოფაში უდანაშაულოდ სცნო.

მიუხედავად ამისა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ამ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი გამოძიების დაწყებას აპირებსო, განაცხადა მისმა წარმომადგენელმა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ორგანიზაციამ "ჩელსის" ვარსკვლავი შესაძლოა ისევე დასაჯოს, როგორც თავის დროზე "ლივერპულის" ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს მოექცა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთამერიკელმა პატრის ევრას "ნეგრიტო" უწოდა, რაც ურუგვაიში სულაც არ მიიჩნევა რასისტულ ფრაზად და ამისთვის 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. აკრძალვა შეეხო როგორც პრემიერლიგის, ისე ლიგისა და ასოციაციების თასის მატჩებს.

ფეხბურთის "მამებს" ტერის დასჯისკენ მოუწოდებს ბრიტანეთის
ანტირასისტული მოძრაობის თავმჯდომარე პოლ ელიოტი. მისი განცხადებით, ფეხბურთელი მთელ ქვეყანას ჩრდილს აყენებს.

ფერდინანდების დუმილი
სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ ჟურნალისტებმა სცადეს ანტონ ფერდინანდთან გასაუბრება და მისი კომენტარის ჩაწერა, მაგრამ "ქუინზ პარკის" ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან გასაუბრება არ ისურვა.

შაბათს ლონდონური კლუბი მალაიზიაში გაემგზავრა წინასასეზონო ტურნეში. მასმედიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ სცადეს ფერდინანდთან დალაპარაკება, მაგრამ მისგან ერთადერთი სიტყვა მოისმინეს: "უკომენტაროდ"!

ამ დღეებში ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი თქვეს ანტონის ოჯახის წევრებმაც.

პროცესის დასრულების შემდეგ მათ სახეებზე ცხადად შეიძლებოდა წაკითხვა, რომ უკმაყოფილონი იყვნენ სასამართლოს შედეგებით.

ჩვენი ინგლისელი კოლეგების ბოლო იმედი "ქუინზ პარკის" წარმომადგენლები იყვნენ. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბერდმა განაცხადა: "რა შეიძლება ითქვას ანტონ ფერდინანდზე? ის გუნდთან ერთად აზიურ ტურნეშია. დაველოდოთ, გამოიჩენს თუ არა თავს უახლოეს დღეებში"... ცხადია, რომ მასმედიელები მისგან ამ თემაზე კომენტარს არ ითხოვდნენ. ერთი სიტყვით, თემიდას გადაწყვეტილების განსჯას მანაც გამოცდილი დიპლომატივით აუარა გვერდი.

კაპელო გახარებულია
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ სიხარული ვერ დამალა, როცა ჯონ ტერის მიმართ ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოს განაჩენი შეიტყო.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო ასოციაციამ ტერის ნაკრების კაპიტნობა ისე ჩამოართვა, რომ გუნდის თავკაცთან კონსულტაციის გავლა აზრადაც არ მოსვლია. იტალიელმა სპეციალისტმა ჩათვალა, რომ ეს მის საქმეებში უხეში ჩარევა იყო და პოსტიდან გადადგა.

ESPN-ის ჟურნალისტთან კომენტარი ფაბიოს ვაჟმა პიერფილიპო კაპელომ გააკეთა: "ჩემი ოჯახი სასამართლოსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს მოუთმენლად ელოდა. ჩემი, როგორც იურისტის აზრით, აღნიშნულ საკითხში ეს ფინალური წერტილი უნდა იყოს".

იდიოტიზმის მწვერვალი
"დეილი მეილის" მიმომხილველები, ზოგადად, რადიკალური შეფასებებით გამოირჩევიან ხოლმე. ასე მოხდა ამჯერადაც. ჟურნალისტ დეს კელის აზრით, ეს სასამართლო საერთოდ არ უნდა შემდგარიყო. გთავაზობთ ჩვენი კოლეგის ნააზრევს:

- რამდენადაც არ უნდა მომწონდეს, რომ ჯონ ტერიმ სასამართლოში დალაგებულად ილაპარაკა, ის იმ ადგილას ნამდვილად არ უნდა მდგარიყო.

ისევე, როგორც იქვე სავარძელში არ უნდა მჯდარიყო ანტონ ფერდინანდი, რადგან მისი სიტყვების სიმართლე ყველამ ეჭვქვეშ დააყენა.

ერთადერთი, ვინც იქ ჯდომას იმსახურებდა, იყო სამეფო პროკურატურის ის გულუბრყვილო წარმომადგენელი, ვინც შეხედა მის ხელთ არსებულ "მტკიცებულებებს" და გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იყო, რათა ის საფეხბურთო იდიოტიზმი, რაც მინდორზე მოხდა, სასამართლოს დარბაზში გადაეტანა.

ნებისმიერი, ვინც თვალი მიადევნა ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, შეიძლება იფიქროს, რომ ის ეხებოდა ორი 14 წლის არასრულწლოვანი ხულიგნის კამათის გარჩევას, რომლებიც ერთმანეთს ბავშვთა სათამაშო მოედანზე დაეტაკნენ და თავის გასამართლებლად აცხადებდნენ, "არა, მან დაიწყო პირველმა", "არა, ჯერ მან მაკადრა ცუდი სიტყვა" და ასე შემდეგ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს დარბაზი არ არის ის ადგილი, სადაც დაშვებულია უზრდელობა, ჭკუიდან გადასვლა და უშნო ხუმრობები. ეს ყველაფერი ძალიან ბავშვური და სასაცილოა.

მომხდარი ნამდვილად უნიჭო ცირკს ჰგავდა, რომლის მონაწილეები გახდნენ მოსამართლე, ადვოკატები, ნაფიცი მსაჯულები და მოწმეები.

ნამდვილად ასე იყო. მეტისმეტად ხშირად ისმებოდა შეკითხვები, რომლებზეც დაცვის მხარის მოწმე ეშლი კოულს უხდებოდა სიტყვის წარმოთქმა, რომელიც სხვანაირად ქალის სასქესო ორგანოს ნიშნავს.

ცუდი სანახავი იყო ის, თუ რა რეაქცია ჰქონდა ტერის, ფეხბურთელს, რომელიც მთელი ცხოვრებაა ამტკიცებს, ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული რჩება, როცა მას სთხოვდნენ გაეხსენებინა, თუ როგორ ესმოდა 40 ათასი გულშემატკივრის შეძახილი, დედაშენს ჰომოსექსუალი სკაუზერი უყვარსო.

"ჩელსის" ფეხბურთელი შემდეგ იძულებული იყო, აეხსნა, რომ დედამისი მავან ლივერპულელთან ერთად ცხოვრობს. ეს ყველაფერი ცუდ სიზმარს ჰგავს.

გთხოვთ, ხელმეორედ ნახეთ ის ვიდეორგოლი, სადაც საწყალი ბრაიან სუონსონი, ცნობილი ჟურნალისტი თავისი სერიოზული სახის მიმიკით, "სქაი სპორტსის" საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში ამ თემაზე ლაპარაკობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული