ბრენდან როჯერსი: ფაბიო ბორინის აუცილებლად შეიყვარებთ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "რომასგან" ფაბიო ბორინის შეძენის შემდეგ საკლუბო ვებგვერდთან ინტერვიუში ვრცლად ილაპარაკა 21 წლის იტალიელის ღირსებებზე; გამოთქვა იმედი, რომ ფაბიო მაქსიმალურად მალე გახდება გუნდის წამყვანი ფეხბურთელი და გულშემატკივართა ფავორიტი.

მწვრთნელი და შეგირდი ჯერ კიდევ "ჩელსის" დუბლებში მუშაობის პერიოდიდან იცნობენ ერთმანეთს. "წითლების" თავკაცმა ბორინი ხანმოკლე იჯარით "სუონსიშიც" წაიყვანა 2011 წელს, სადაც ფეხბურთელმა 9 თამაშში 6 გოლი გაიტანა. გთავაზობთ მწვრთნელის კომენტარს ახალწვეულზე:

- "ლივერპულში" მისი მოყვანა ძალიან მინდოდა, რადგან ის მშვენივრად ეწერება იმ სათამაშო მოდელში, რომლის დანერგვასაც ამ სეზონში
"ენფილდზე" ვაპირებ. ფაბიო მხოლოდ 21 წლისაა და ძალიან ნიჭიერია. აქვს საგოლე ალღო, განსაკუთრებული ვნება თამაშისადმი. ამასთან, ის ყოველთვის ბოლომდე კონცენტრირებულია, რაც მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის განსაკუთრებით ფასეული თვისებაა.

მე მას 16 წლიდან ვიცნობ. მაშინ ჩვენ ის "ბოლონიიდან" გადავიყვანეთ "ჩელსიში". ასეთ პატარა ასაკში მისმა სწრაფმა პროგრესმა მაშინვე გაგვაკვირვა.

ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ ბორინის პირველ გუნდშიც კი იწვევდნენ (სულ "ლურჯების" მაისურით 4 მატჩი აქვს ჩატარებული. რედ). სამწუხაროდ, ის ვერ შეუთანხმდა კლუბს ახალ, პროფესიულ კონტრაქტზე.

მოგვიანებით "სუონსიშიც" მივიწვიე, სადაც არანაკლებ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩემს გუნდს პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები მას ძალიან მალე შეიყვარებენ. როგორც უკვე აღვნიშნე, ის ნამდვილი გოლეადორია, თუმცა სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში. ფაბიო ტექნიკურად კარგად არის მომზადებული.

ორივე ფეხით ერთნაირად თამაშობს. ამასთან, ძალზე სწრაფია და ტაქტიკურადაც ძალიან კარგად არის გაცნობიერებული.

ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია.

ფსიქოლოგიურადაც გაწონასწორებულია. დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია, დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.

ხომ ხედავთ, ის იტალიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ვგრძნობ, რომ ბორინი "ლივერპულში" შეძლებს პროფესიულ წინსვლას.

რაკი მას ამ ქვეყანაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, ადაპტაციის პერიოდი, წესით, მარტივად უნდა წარიმართოს. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ, ჩემი მხრივ, არ მინდა მასზე რაიმე ზეწოლა მოვახდინო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული