ლუკას პოდოლსკი: "კიოლნი" ჩემი გუნდია

AutoSharing Option
"არსენალის" ახალწვეულმა ლუკას პოდოლსკიმ ESPN-ს ინტერვიუ მისცა, სადაც გერმანელმა ინგლისში გადაბარგებასა და კიდევ ბევრ საინტერესო რამეზე ილაპარაკა. მასალას მონოლოგის სტილში შემოგთავაზებთ.

- შარშანდელი სეზონის გამო არსენ ვენგერის კრიტიკას არ ვეთანხმები. ის ყოველ წელს ახერხებს გუნდის გაყვანას ჩემპიონთა ლიგაში. გერმანიაში მას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, ისევე როგორც მთელ ევროპაში.

ძალიან მომწონს მისი შემტევი სტილი. ვენგერის გუნდები სხვებისგან ყოველთვის გამოირჩევიან. ის პრინციპული ადამიანია და მათ ხარჯზე არასოდეს თანხმდება კომპრომისზე. შესაძლოა, ვიღაცები მისით უკმაყოფილონი იყვნენ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი მწვრთნელია.

ბოლო წლებში
"არსენალი" ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. არსენი ადგილზე რჩება, რაც იმის დასტურია, რომ "ემირიტსზე" უმთავრესი ფიგურა სწორედ ის არის.

რასაკვირველია, მას შეეძლო სხვაგან წასვლა, მაგრამ დარჩა და ახალი გუნდის მშენებლობას შეუდგა. ის ცოცხლობს თავისი იდეებით. ეს გუნდი მისთვის შვილივითაა.

მასზე ამბობენ, რომ ფეხბურთელებს პროგრესში დიდად უწყობს ხელს, თუკი მეც დამეხმარება ერთი-ორი რჩევით, მხოლოდ მოხარული ვიქნები. გერმანიაში მის მიღწევებს სათანადოდ აფასებენ და რჩევებს ითვალისწინებენ.

შევეცდებით, შვიდწლიანი უტიტულო ციკლი დავასრულოთ და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილიც დავიკავოთ. ამისთვის "არსენალს" საკმარისად ჰყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები. არ შეიძლება წინასწარ ისეთი განწყობით თამაში, რომ საბოლოოდ ვიღაცა მაინც გვაჯობებს.

ლიგაში თამაშის განაღდება მხოლოდ პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ჩვენ წარმატების ისეთივე შანსი გვაქვს, როგორც სხვა გუნდებს. სეზონის სადებიუტო ნაწილს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. კარგია, რომ "სიტისა" და "იუნაიტედისგან" განსხვავებით "არსენალი" ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ ითამაშებს.

მე ერთადერთი ფეხბურთელი არ ვარ, რომელსაც გრანდში ადაპტაცია გაუჭირდა. "ბაიერნში" გადასვლისას ალბათ ძალიან პატარა ვიყავი. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება, რადგან უფრო გამოცდილი, ჭკუადამჯდარი ადამიანი ვარ.

ფეხბურთზე უფრო მეტი რამ ვიცი. სხვა თუ არაფერი, გერმანიის ნაკრებში 100 თამაშზე მეტი მაქვს ჩატარებული.

ვიცი, რომ ჩემგან ახლა უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე "კიოლნში" ელოდნენ. როცა შენი გუნდი მხოლოდ დარჩენისთვის ახერხებს ბრძოლას, ასეთ პირობებში თავის გამოჩენა ძალიან ძნელია, რადგან ყოველი შეცდომა განსაკუთრებულ ფასს იძენს. ეს კი გუნდზე სასარგებლოდ არასოდეს მოქმედებს. "კიოლნი" ჩემი გუნდია.

სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან მე იქ 14 წელიწადი გავატარე. იქაურობა ყოველთვის განსაკუთრებული იქნება ჩემთვის. შესაბამისად, მისი მიტოვება წარმოუდგენლად რთული იყო. იმედი მაქვს, ოდესმე ისევ დავბრუნდები.

კარიერაში გიხდება ხოლმე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ჩემთვისაც დადგა დრო, როცა რაღაც ახალი უნდა მეცადა. "კიოლნმა" მე არ მომცა ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი. ამიტომაც გადავედი ევროპის ტოპკლუბში, გუნდში, რომელიც მე ყველანაირად მაკმაყოფილებს.

პრემიერლიგაში ბევრად უფრო დიდი კონკურენციაა, ვიდრე ბუნდესლიგაში. აქ ალბათ 8-9 კლუბია ისეთი, რომელსაც შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება და ოთხეულში ადგილის დაკავება. ეს ნიშნავს, რომ ყველა ტური განსაკუთრებული გამოცდა იქნება.

ადაპტაციაში ხელს შემიწყობს ის, რომ შემიძლია თამაში შეტევის დამაგვირგვინებლად, უკან დახეულ თავდამსხმელად და შემიძლია სიღრმეში მოქმედებაც.

ჩემი თამაშის სტილი საკმაოდ ავანტიურულია, იოლად ვიხსნები და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებ - საკუთარი თამაშით კმაყოფილიც მხოლოდ ამ შემთხვევაში ვრჩები. მსიამოვნებს იმის მოსმენა, როცა ხალხი აღნიშნავს, რომ დაცვაში თამაში გავაუმჯობესე. მე კიდევ ვაგრძელებ ამ საფეხბურთო კომპონენტზე მუშაობას.

ამტკიცებენ, რომ მალე გერმანიის ნაკრების ძირითადში ადგილს დავკარგავ... ნამდვილად არ ვაპირებ ასე იოლად დანებებას. დაე, ასეც მოხდეს, ეს არ იქნება იმის ნიშანი, რომ სამყაროს აღსასრული დადგა.

ნებისმიერ შემთხვევაში გუნდის წევრად დავრჩები და მის წარმატებებში ჩემს წვლილს შევიტან. ბედზე წუწუნს არ ვაპირებ, ეს ჩემი სტილი არ არის. გერმანიაში უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობა მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია ამ ფრონტზეც გამძაფრდება. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული