18 წლის ნახევარმცველი "ოლდ ტრეფორდზე" "ქრიუ ალექსანდრიიდან" გადავიდა და ბუნებრივია, მას კიდევ დიდი ჯაფა დაადგება არათუ ძირითად შემადგენლობაში, არამედ მთავარ გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად.
- როგორი იყო პირველი კვირა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის სტატუსით?
- დიდებული. ყველანი ძალიან მეგობრულები იყვნენ ჩემთან, მაქსიმალურად ცდილობდნენ, ყველაფერში დამხმარებოდნენ. ვგრძნობ, რომ საერთო ენა ყველასთან გამოვნახე. საწვრთნელი პროცესიც განსხვავდებოდა იმისგან, რასაც აქამდე ვიყავი შეჩვეული.
- სიმართლე თუ გინდათ, გეტყვით, რომ საერთოდ არ მძინებია. ვნერვიულობდი, თითქოს სკოლაში პირველად უნდა წავსულიყავი. წინა დღეს ვცდილობდი, კონტაქტი ყველასთან დამემყარებინა და ამან ცოტა კიდევ მიშველა, რადგან, როგორც გითხარით, ყველა გულთბილად მომეპყრო.
- მოგვიყევით კერინგტონის ბაზაზე გატარებულ პირველ დღეზე.
- გასახდელში შესვლა და კარადაზე ჩემი გვარის წაკითხვა დაუჯერებელი გრძნობა იყო. პირველები ვისაც იქ შევხვდი გიგზი და სქოულზი იყვნენ. შეჩვეული ვიყავი, რომ ისინი ტელევიზორში მენახა. პირადად მათი გაცნობა უჩვეულო იყო. მოსასალმებლად თავად მოვიდნენ ჩემთან. მოუთმენლად ველოდები, როდის მომეცემა შანსი, რომ მათთან ერთად ვითამაშო.
- ყველაზე მეტად რა გხიბლავთ "მანჩესტერ იუნაიტედში"?
- ის, რომ არამარტო ინგლისის ყველაზე დიდ, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევუერთდი. ამ კლუბმა უამრავი ტიტული მოიგო და მეც მინდა, რომ მისი ნაწილი გავხდე.
- აქ ყველაფერი "ქრიუსგან" განსხვავებით არის მოწყობილი?
- დიახ, დიდი სხვაობაა. კლუბში მომუშავეთა რიცხვიც განსხვავდება. ერთი სიტყვით, "იუნაიტედი" სულ სხვა განზომილებაა.
- რაშია კარდინალური სხვაობა?
- მაგალითად, ბაზის უზარმაზარ ფართობსა და ვარჯიშების ინტენსივობაში. ადრე, როცა "იუნაიტედს" ტელევიზორში ვუყურებდი, მხოლოდ ვოცნებობდი, რომ მათ გვერდით ვყოფილიყავი და საქმე მათთან ერთად მეკეთებინა. ახლა ამ ბიჭებს უკვე ყოველდღე ვხედავ. დაუჯერებელია...
- მოგვიყევით აქაურ ვარჯიშებზე?
- თავიდანვე პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. მუშაობა დავიწყეთ ბურთის ფლობის ტექნიკაზე. შემდეგ "კვადრატი" ვითამაშეთ, სადაც პირველ დღეს ყველამ დამამარცხა. სქოულზი ამ მხრივ ყველაზე ძლიერია.
გასაოცარია განწყობა, რაც აქ სუფევს. გუნდში ყველას მხოლოდ გამარჯვება სურს, უბრალო ვარჯიშზეც კი. ასეთი დამოკიდებულება ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ პროფესიულ წინსვლაში ხელს შემიწყობს. "ქრიუში" ბევრად უფრო მოშვებული ვიყავი. აქ უკვე ვისწავლე, რომ ყოველ დღე ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო და ყოველ ჯერზე მაქსიმალურად დავიხარჯო. სწორედ ეს არის პროგრესის წინაპირობა.
- სერ ალექსთან პირველმა შეხვედრამ როგორ ჩაიარა?
- ცოტა შეშინებული ვიყავი, თუმცა ძალიან სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. მისი აქ ყოფნა ერთ-ერთი ის მიზეზი იყო, რატომაც გადავწყვიტე "იუნაიტედში" კარიერის გაგრძელება. მან მითხრა, რომ ყველაფერი ჩემს ხელში იყო და თავის გამოსაჩენად შანსს აუცილებლად მივიღებდი, თუკი ამას დავიმსახურებდი. იმედია, შევძლებ ამას.
- დაგისახათ თუ არა მწვრთნელმა კონკრეტული ამოცანები?
- დიახ, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.
- წინასასეზონო შეკრებისგან რას ელით?
- მშვენიერი იქნება ახალ თანაგუნდელებთან გარკვეული დროის გატარება, რათა ისინი უკეთ გავიცნო. ამას გარდა რამდენიმე ქვეყანას ვესტუმრები.
- მოგიყვნენ თუ არა გამოცდილი თანაგუნდელები, ფანებისგან რა რეაქციას უნდა ელოდოთ?
- დიახ, მითხრეს, რომ ჩინეთში გულშემატკივართა სიმრავლის გამო ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ეს კლუბის პოპულარობის მაჩვენებელია.
- რომელ პოზიციაზე უფრო წარმოგიდგენიათ თქვენი თავი. ნახევარდაცვაში თუ თავდასხმაში?
- მირჩევია, რომ ჩემს თავს ნახევარმცველი ვუწოდო. შეიძლება შემტევი ნახევარმცველიც კი. იმ სტილის ფეხბურთელებს მივეკუთვნები, რომელთაც უყვართ მომენტების შექმნა და მუდამ თავისუფალ ზონებს ეძებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"