არსენ ვენგერი ფინანსური ფეარ პლეის შემოღებაზე - ბიზნესმა სწორად უნდა იმუშაოს

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით "მეთოფეებმა" ერთადერთი გამართლებული ეკონომიკური მოდელი აირჩიეს ფუნქციონირებისთვის.

აი, რა განუცხადა ფრანგმა სპეციალისტმა Goal.com-ს:

- ნამდვილად არ მინდა, რომ ეს ისე ჟღერდეს ჩემგან, როგორც თავის მართლება ბოლო წლების წარუმატებლობების გამო, მაგრამ ბიზნესმა სწორად უნდა იმუშაოს.

მჯერა, რომ წელიწადში 150-მილიონიანი დოტაცია არ შეიძლება რაიმე ტიტულის მოგების გარანტიად იქცეს. აუცილებელია კლუბის მიერ ფინანსური ბალანსის დაცვა შემოსავალსა და გასავალს შორის.

როცა ინგლისში სამუშაოდ ჩამოვედი, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, ყველა კლუბი მხოლოდ საკუთარი რესურსებით
ცხოვრობდა. თუმცა გავიდა დრო და პრემიერლიგაში ჯერ "ჩელსი" გაჩნდა, მერე "მანჩესტერ სიტი", რამაც ლიგა გარკვეულ პრობლემებამდე მიიყვანა.

ჩვენ ჩვენი სტრატეგიისთვის არასოდეს გვიღალატია და ვხარჯავდით მხოლოდ იმ ფულს, რასაც თავად გამოვიმუშავებდით. თანაც ჩვენთან ყოველთვის თამაშობდნენ ექსტრაკლასის ფეხბურთელები.

თუკი "არსენალს" არ შეუძლია, მსოფლიოს უმდიდრეს კლუბებს სატრანსფერო ბაზარზე გაეჯიბროს, ეს ავტომატურად არ უნდა ნიშნავდეს, რომ მათთან მოედანზე დაპირისპირებაც არ შეგვიძლია ღირსეულად.

ნამდვილად კარგი გუნდი გვყავს, მოკლე დროში დიდებული სტადიონი ავაშენეთ, ფინანსური კუთხითაც სტაბილურები ვიყავით და მუდამ პრემიერლიგის ლიდერებს შორის ვტრიალებდით. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ კლუბის მმართველობა მოწოდების სიმაღლეზეა.

ფინანსური ფეარ პლეის შემოღებამ "არსენალს" შესაძლოა ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუადვილოს, მაგრამ იქამდე ჯერ უნდა დაველოდოთ, რეალურად უეფას კანონს რამდენად ექნება კლუბების ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესზე გავლენა. თუკი ეს გავლენა რეალური იქნება, ეს მხოლოდ შეუწყობს ხელს გუნდებს შორის კონკურენციას და შესაბამისად ჩემპიონატისადმი ინტერესი ერთი ორად გაიზრდება.

თუკი საბოლოოდ ეს წესები ისეთი სახით დამტკიცდა, როგორც ამას ახლა განიხილავენ, ისეთი კლუბისთვის, როგორიც "არსენალია", ეს დიდი პლუსი იქნება. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ჩვენ ყველაზე მშვიდად შეგვეძლება თავი დავიგულოთ.

კიდევ ერთი მსურველი
"არსენალის" ბანაკში მთავარი თემა, რა თქმა უნდა, რობინ ვან პერსის ტრანსფერია, თუმცა ლონდონელები არც სხვა ფეხბურთელების საკითხს ივიწყებენ. მაგალითად მარუან შამახისას, ვის გაშვებაზეც აგერ უკვე მთელი წელიწადია მიდის ლაპარაკი, მაგრამ ჯერ შედეგი არ მოჰყოლია.

თურქული პრესის ცნობით, 29 წლის მაროკოელის შეძენას "ბეშიქთაში" გეგმავს, ვისაც თავდასხმის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს მიუხედავად იმისა, რომ უგო ალმეიდა ჰყავს განაცხადში.

სტამბულელებს მხოლოდ ფეხბურთელის ფასი აშინებთ. "მეთოფეები" შამახში 5 მილიონ ევროს ითხოვენ. თუკი სრულყოფილ ტრანსფერზე მოლაპარაკება არ შედგა, "ბეშიქთაში" იჯარითაც დაკმაყოფილდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული