სერ ალექს ფერგიუსონი სისხლდენის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გამოტყდა, რომ ასაკმა ხელი დაატყო და ძველებურად ბევრ მუშაობასა და მოგზაურობას ვეღარ უძლებს.

რა იყო ამის მიზეზი ვერ გეტყვით, მაგრამ ჯერ კიდევ "იუნაიტედის" შეკრების დაწყებამდე შოტლანდიაში ყოფნისას ფერგის ცხვირიდან სისხლი წასკდა.

სისხლდენა ვერაფრით რომ ვერ შეაჩერეს, მისი ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ, ის გლაზგოს საავადმყოფოში გადაეყვანათ.

"სანის" ჟურნალისტთან საუბრისას ვეტერანი სპეციალისტი გამოტყდა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მას 7-ჯერ მოუხდა თვითმფრინავით მგზავრობა, რამაც ძალები გამოაცალა.

"ასაკის წინაშე ყველანი უძლურნი ვართ რაიმე ვიღონოთ. ჩემი ამდენი ფრენა
ცოტა სისულელე მგონია - ბელფასტი, ბერლინი, გლაზგო, მანჩესტერი, ისევ გლაზგო... აშკარად ძალიან ბევრი მომივიდა.

იქნება ეს იმის ნიშანია, რომ უნდა შევანელო ჩემი ცხოვრების ტემპი. ისე აშკარაა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გულთან არაფერ შუაშია"
, - განუცხადა "სანს" სერ ალექსმა.

"იუნაიტედის" თავკაცი სულ მუდამ იმას ამტკიცებდა, რომ გუნდში იქამდე დარჩებოდა, ვიდრე ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემდა.

რიო ნაკრებში არ დაბრუნდება
"ეშმაკების" დამრიგებელს ინგლისის ნაკრებში რიო ფერდინანდის შესაძლო დაბრუნებაზე დაუსვეს შეკითხვა. შოტლანდიელმა ეს პერსპექტივა პრაქტიკულად გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ რიო ევრო 2012-ზე ინგლისელთა განაცხადში ვერ მოხვდა, რაც როი ჰოჯსონმა წმინდა სპორტული პრინციპებით ახსნა. ეს მაშინ, როცა პატარა ბავშვისთვისაც კი ცხადი იყო, რომ ფერდინანდი ჯონ ტერისთან გართულებულ ურთიერთობებს გადაჰყვა.

თუკი ეს ვერსია მართალია, მაშინ ინგლისელთა დამრიგებელი ცამდე მართალი ყოფილა, რადგან "ჩელსის" კაპიტანი ბოლო წლებში იუნაიტედელს ნამდვილად სჯობნის.

ასაკს თავისი მიაქვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული