ლედლი კინგი - ხულიგანთა თამაშის ჯენტლმენი

AutoSharing Option
"ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ლედლი კინგი ფეხბურთიდან 31 წლისა წავიდა. ფეხბურთელმა გადაწყვეტილება გამუდმებული ტრავმებით ახსნა.

სტატისტიკის მოყვარულები მეორე დღესვე ჩაუსხდნენ "დავთრებს" და აღმოაჩინეს, რომ "ტოტენჰემის" რიგებში გატარებული 13 სეზონის შემდეგ ლედლიმ ყველა ტურნირში ერთად 323 მატჩში მხოლოდ 8 (არაფერი შეგვშლია - რვა) ყვითელი ბარათი მიიღო და 14 გოლი გაიტანა. ნაკრებში ჩატარებულ 21 შეხვედრაში კი მცველს გაფრთხილება არ მიუღია.

კლუბის მესვეურებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ყოფილ კაპიტანს გამოსამშვიდობებელ შეხვედრას აუცილებლად გაუმართავენ. დეტალები ამ საკითხზე მოგვიანებით გაირკვევა.

ბუნებრივია, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი
გამორჩეულად ნიჭიერი მცველის ფეხბურთიდან წასვლას გაზეთებიც გამოეხმაურნენ. ჟურნალისტები ამ ფაქტზე ერთხმად დაწუხრებულები წერენ.

დეილი მეილი: "ინფორმაცია, რომ ლედლი კინგი ფეხბურთიდან მიდიოდა, "ტოტენჰემის" გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი რასაკვირველია არ იქნებოდა. ის არ უნდა გაჰკვირვებოდა ფეხბურთის ნეიტრალურ გულშემატკივარსაც. მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველანი ველოდით, ეს ფაქტი მაინც გულს გვწყვეტს.

"დეზების" კაპიტანს არამხოლოდ თავისი თაობის უძლიერესი მცველი, არამედ ინგლისის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შეეძლო, რომ გამხდარიყო".

ტელეგრაფი: "ცხადია, რომ არა პერმანენტული ტრავმები, კინგი რეგულარულად ითამაშებდა ნაკრებში და შესაძლოა, მისი კაპიტანიც კი გამხდარიყო. ის "ტოტენჰემსაც" თავისთავად უფრო მეტ დახმარებას გაუწევდა.

იმ დროს, როცა ვმსჯელობთ, თუ რისთვის შეიძლებოდა მიეღწია მას ყველაფერი სხვანაირად რომ წარმართულიყო, სჯობს იმაზე ვილაპარაკოთ, რას შესწვდა ყველაფრის მიუხედავად.

მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 21 მატჩია. ლედლი აგრძელებდა რა ფეხბურთის თამაშს ასეთ რთულ პირობებში, მისი მთავარი მიღწევა ალბათ ის ხასიათი იყო, რომელიც მან წლების განმავლობაში გამოიმუშავა ტრავმებთან ბრძოლის დროს"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული