რობინ ვან პერსის ბედი 18 აგვისტომდე გადაწყდება

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გულშემატკივარს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა - რობინ ვან პერსის ბედი 18 აგვისტომდე, ანუ პრემიერლიგის დაწყებამდე აუცილებლად გადაწყდება.

ახალი ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის შემდეგ ჰოლანდიელი ვარსკვლავი კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ შეხვდა, თუმცა მხარეთა დიალოგმა შედეგი ვერც ამჯერად გამოიღო.

რობინი რამდენიმე არსენალელთან ერთად ლონდონში დარჩა და ბაზაზე ფიზმომზადების მწვრთნელების მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ ლონდონელებს სამი შეთავაზება აქვთ აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით - მანჩესტერული გრანდები და "იუვენტუსი". თუმცა ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ განხილულა.

აი, რას ამბობს ვენგერი: "მოგეხსენებათ, ვან პერსის
ხელშეკრულებაში ერთი წელიწადი რჩება. მართალია, ძალიან გვინდა მასთან თანამშრომლობა, მაგრამ, პირველ რიგში, ვალდებულნი ვართ, "არსენალის" ინტერესებიდან გამოვიდეთ. ინტერპრეტაცია, თუ რას ნიშნავს ეს ფრაზა, თქვენთვის მომინდვია.

მართალია, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, მაგრამ ჩვენ ჩვენს დედლაინს ვაწესებთ - ესაა 18 აგვისტო, პრემიერლიგის სტარტი".

ფრანგი სპეციალისტის მტკიცებით, "არსენალი" იან მ’ვილას გადაბირებას აღარ გეგმავს. არადა, 2011/12 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგული პრესა ამ ამბავს, პრაქტიკულად, გადაწყვეტილად მიიჩნევდა. ვენგერის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მას ამ პოზიციაზე უკვე ჰყავს აარონ რემსი, ალექს სონგი, ფრანსის კოკლენი, აბუ დიაბი და ჯერ უილშირი, მეხუთე ფეხბურთელის შეძენა ზედმეტად მიაჩნია.

ინტერესი 21 წლის ფრანგის მიმართ კი თავის დროზე იმით იყო გამოწვეული, რომ გუნდიდან წასვლას ალექს სონგი გეგმავდა. არსენის თქმით, სიტუაცია მხოლოდ ტრავმათა ახალმა ეპიდემიამ შეიძლება შეცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული