დიდი ოჯახის შვილი - ნიკი ბატი

AutoSharing Option
ნიკი ბატმა "მანჩესტერ იუნაიტედში" საერთო ჯამში 12 წელიწადი გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ "ოლდ ტრეფორდიდან" წასვლის შემდეგ ფეხბურთს კიდევ 7 წელიწადი თამაშობდა, მისი სახელი დღემდე "ეშმაკებთან" ასოცირდება.

ის "იუნაიტედის" 90-იანების სკოლის გამოშვებაა, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთს დევიდ ბექჰემი, გარი და ფილ ნევილები, საიმონ დევისი, რაიან გიგზი, კიტ გილესპი, რობი სევიჯი, პოლ სქოულზი და მრავალი სხვა სახელგანთქმული ფეხბურთელი აჩუქა.

"ბოსისგან (სერ ალექსი. რედ) დღემდე ვიღებ საშობაო საჩუქრებს, მე და ჩემი ოჯახი დღემდე ვართ ხოლმე კლუბის მიერ დაგეგმილი შეხვედრების სტუმრების სიაში, ბაზაზე მოსვლაც
მაშინ შემიძლია, როცა მოვისურვებ. მოკლედ, აქ ერთი დიდი ოჯახია.

ზოგიერთი ფეხბურთელი მანჩესტერში საცხოვრებლად მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ კლუბთან ახლოს იყოს," - აცხადებს ნიკი ბატი. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს 37 წლის ვეტერანთან.

- "იუნაიტედმა" რა გავლენა მოახდინა თქვენს განვითარებაზე?
- თვე არ გავიდოდა, ერიკ ჰარისონს ("იუნაიტედის" აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი. რედ.) თავისთან არ დავებარებინეთ და ჩვენთვის ლექცია არ ჩაეტარებინა. ის მთხოვდა, ბრაიან რობსონისა და როი კინის თამაშს დავკვირვებოდი, გნებავთ, თავდასხმაში, გნებავთ დაცვაში.

- ჰარისონი, ალბათ, გრძნობდა, რომ იმ თაობიდან პირველი თქვენ მომწიფდებოდით პირველ გუნდში სათამაშოდ...
- კონკრეტულ ასაკამდე ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ რაღაცით სხვებზე უკეთესი ვიყავი. ფიზიკურად სხვებივით მსუბუქი გახლდით და თანაგუნდელებს, ალბათ, ხასიათის სიმტკიცით ვაჯობე. მენეჯერი სხვებზე უკეთ გრძნობდა, როდის იყო ამა თუ იმ ფეხბურთელის თამაშში ჩართვის დრო. შენ შეიძლება იფიქრო, რომ გახვალ მოედანზე და ყველაფერს გასწვდები და რომ მხოლოდ შანსი გჭირდება.

მახსოვს, ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" 0:4 წავაგეთ. მაშინ აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი ასეთი თამაშისთვის. მოედანზე კი იმიტომ აღმოვჩნდი, რომ მაშინ ლეგიონერებზე ლიმიტი არსებობდა. რამდენადაც კარგი უნდა გეგონოს შენი თავი, მთავარია, მოთმინებით აღიჭურვო და მიხვდე, რომ შემადგენლობის დაყენება მწვრთნელის საქმეა.

- 1992 წლის კლასმა რა გავლენა იქონია გამოშვებული ფეხბურთელების ბედზე?
- იმ გამოშვებამ მსოფლიოს უამრავი ბრწყინვალე ფეხბურთელი აჩუქა. ეს ბიჭები კლუბს დღემდე არ შორდებიან და ეს მშვენიერია. მთელი ჩემი ოჯახი "იუნაიტედის" თავგადაკლული ფანია. ეს კლუბი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება.

ხომ ხედავთ, გიგზი და სქოულზი დღემდე კლუბში არიან და ახალი თაობის აღზრდაში თავიანთ როლს თამაშობენ. პატარა ბიჭებს ისინი კლუბის ფილოსოფიას ასწავლიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა მათხელა ვიყავი და წარმოვიდგენ, რაიანისა და პოლის მსგავს ადამიანებთან მუშაობა რამხელა სიამოვნება იქნება.

- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ბევრმა თქვენგანმა სამწვრთნელო კარიერა უნდა დაიწყოს?
- სქოულზს ამისთვის მშვენიერი მონაცემები აქვს. ის ყოველდღიური საწვრთნელი პროცესისგან სიამოვნებას ღებულობს და ამიტომაც არის, ფეხბურთს ამდენი ხანი რომ თამაშობს. გიგზიც ამ საქმისთვის დაბადებული მგონია.

უბრალოდ, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ითამაშებს ფეხბურთს. ამ გზას ადგას გარი ნევილიც, მაგრამ მას "სქაისთან" 3-წლიანი კონტრაქტი აქვს და საკლუბო ფეხბურთში მისი დასაქმება უახლოესი პერსპექტივა არ არის. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ მარკ ჰიუზი მწვრთნელობას მოინდომებდა? ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ მოვლენათა მსგავსი განვითარებისთვის.

-
"იუნაიტედში" ყველაზე მეტად რა გენატრებათ?
- ის ატმოსფერო, რაც გასახდელში სუფევდა. ბიჭები კლუბის სიმბოლოები იყვნენ. პოლი ნამდვილი პროფესიონალი და მშვიდი კაცი იყო, გიგზი და კინი გუნდის დიდ სულს განასახიერებდნენ. შემადგენლობაში ასეთი ფეხბურთელების ყოლა აუცილებელია, თუკი წარმატებებს გეგმავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული