მით უფრო, რომ 70 წლის შოტლანდიელი მომდევნო სეზონისთვის გუნდის მზადებას უკვე შეუდგა.
"იუნაიტედს" ერთი უმთავრესი ღირსება აქვს - ის არასოდეს ნებდება. ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებოდით მწვერვალზე. წარსულში სულ ასე ხდებოდა. ნამდვილად ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ეს ამჟამად," - აცხადებს ის.
- აქამდე გაწუხებთ შარშანდელ სეზონში განცდილი მარცხის ჯავრი?
- დიახ, წყობილებიდან გამოვდივარ, როცა ამაზე ვფიქრობ.
- როცა ტიტულს კარგავ იმ სიტუაციაში, რომელშიც ეს ჩვენ გავაკეთეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ წაგართმევს გამარჯვებას. ამ დროს შენს თავს უნდა უთხრა, არა უშავს, მომავალ წელს კიდევ ვიბრძოლებო. ვისაც უნდა ეგონოს, რომ მომავალი სეზონის მთავარი ფავორიტი "სიტია". ამ აზრს არასოდეს დავეთანხმები.
- როდის დაკარგეთ ტიტულის მოპოვების შანსი?
- "ევერტონთან". მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 4:2-ს ვიგებდით და ბოლოს ფრედ ვითამაშეთ. ამ შეხვედრამ საჩემპიონო რბოლის ჩარხი სხვა მხარეს შეაბრუნა. შეიძლება, ასე ყველა მატჩის დაწვრილებითი ანალიზი ჩავატაროთ, მაგრამ იმ ფაქტს ვერსად გავექცევით, რომ ტიტული მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო დავთმეთ.
- რას ფიქრობთ "ტოტენჰემსა" და "ლივერპულში" მომხდარ ცვლილებებზე?
- თავის დროზე ძალიან გამიკვირდა, როცა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ნაკრების პოსტი როი ჰოჯსონს შესთავაზა. ჩემთვის მთავარი ფავორიტი ჰარი რედნაპი იყო. რედნაპს დენიელ ლევისთან იდეალური ურთიერთობა არასოდეს ჰქონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა ნაკრებში მუშაობის სურვილი დაადასტურა, მათ შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. რაღაც ამის მსგავსი მოხდა კენი დალგლიშის სიტუაციაშიც. მათ ჩათვალეს, რომ კენის გუნდი სხვა მიმართულებით მიჰყავდა.
- ფიქრობთ, რომ სუარესისადმი მხარდაჭერამ მას პოსტი შეურყია?
- არ შემიძლია იმის მტკიცება, რომ ეს გადამწყვეტი მომენტი გახლდათ, მაგრამ ერთ-ერთი წინაპირობა ნამდვილად იყო.
- არ გაგაკვირვათ ლუის სუარესის საქციელმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა პატრის ევრასთან ინციდენტი?
- დიახ, გავიგე, რომ მან ეს თემა ხელახლა წამოწია. თუ საჭიროა, არც მე დავიხევ უკან.
- სუარესმა თქვა, რომ "იუნაიტედს" საკმარისი გავლენა აქვს ასოციაციაში, რომ მას სასურველი გადაწვეტილება მიაღებინოს.
- მის სიტყვებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ლუისი ყველაფერს მხოლოდ ევრასთან მომხდარი უსიამოვნების გამო ლაპარაკობს.
- სუარესის გარდა რასისტულ სკანდალში იყო გახვეული ჯონ ტერიც, ვის წინააღმდეგაც სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
- არ მგონია, რომ ჩვენს ფეხბურთს რასიზმის საფრთხე ემუქრებოდეს. მას მერე, რაც მე აქ მოვედი სამუშაოდ, დიდი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. ის, რაც ტერიმ ანტონ ფერდინანდს აკადრა, ყველამ შეიტყო, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ეს გლობალური პრობლემა იყოს.
- ჰო, მაგრამ ნუთუ არ არის პრობლემა ის, რომ რიო ფერდინანდი ნაკრებში არ გამოიძახეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მეწყვილე ტერი უნდა ყოფილიყო.
- არ ვარ დარწმუნებული, რომ ნაკრებს მიღმა რიოს დარჩენის მიზეზი ნამდვილად ეს იყო. თუმცა, ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა კიდეც, ყოფილიყო.
- რიო ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
- ვერ წარმომიდგენია, რომ ეს კიდევ მოხდეს. ფერდინანდი უკვე 34 წლისაა და მხოლოდ "იუნაიტედში" სურს თამაში.
- ფერდინანდს თუ შესთავაზეთ ხელშეკრულების გაგრძელება, რომელიც მას ერთ წელიწადში უმთავრდება?
- მისი ასაკის ფეხბურთელებთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტების გაფორმება ცოტა სარისკოა. ჩვენ დიდი ხანია ვეტერანებს მხოლოდ თითო წლით ვუგრძელებთ ხელშეკრულებებს. თუკი ის ჯანმრთელი იქნება და ფორმასაც შეინარჩუნებს, ნამდვილად შეძლებს 37 წლამდე თამაშს.
რიო იოგას ვარჯიშებითაა დაკავებული, რაც ძალიან შველის. მან წინა სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ბოლო წლებისგან განსხვავებით, როცა ტრავმები ტანჯავდა, სერიოზული დაზიანება თითქმის არ მიუღია. მან და ჯონი ევანსმა ერთად მრავალი კარგი მატჩი ჩაატარეს.
- პატრის ევრა ბოლო 5 წელია, პრაქტიკულად, შეუცვლელად თამაშობს. ფაბიო და სილვა არენდით გაუშვით. ეს ნიშნავს, რომ ახალი მცველი გჭირდებათ?
- ჩვენ ამ პოზიციაზე ორი კარგი ახალგაზრდა გვყავს, რომელთაც "ამაზულუსთან" ითამაშეს და თავიც გამოიჩინეს.
- ეს სეზონი ალბათ უკანასკნელი იქნება სქოულზისა და გიგზის კარიერაში.
- პოლისთვის დიდი ალბათობით ჰო, აი, გიგზს რაც შეეხება, იმედია, ის ჩვენთან კიდევ ორიოდე სეზონით დარჩება.
- მაისის ბოლოს გულშემატკივრები შეშფოთებულები იყვნენ, როცა ცხვირიდან სისხლდენის გამო საავადმყოფოში მოგათავსეს. მოგვიყევით ამ ამბის შესახებ.
- ეს ჩვეულებრივი სისხლდენა იყო, მეტი არაფერი. მიზეზი ალბათ ის იყო, რომ იმ პერიოდში ძალიან ბევრს დავფრინავდი. ექიმმა ამიხსნა ყველაფერი და მე მის დაკვნას დავეთანხმე. ვშიშობდი, რომ სამხრეთ აფრიკამდე 12-საათიანი ფრენაც აისახებოდა ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ არაფერი საშიში არ მომხდარა.
- თქვენ ნამდვილად გამბედავი ადამიანი ხართ.
- დამიჯერეთ, ძალიან ბევრი ადამიანი მოიძებნება, ვინც სულითა და გულით არ დაგეთანხმებიან თქვენს დასკვნაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"