ჯო ალენი მალე მერსისაიდელი გახდება

AutoSharing Option
Goal.com-ის ინფორმაციით, "სუონსის" 22 წლის ნახევარმცველი ჯო ალენი მალე "ენფილდ როუდზე" განაგრძობს კარიერას.

"წითლებს" ეს გარიგება 13,5 მილიონი ფუნტი (17,22 მლნ ევრო) უჯდებათ. საკითხს წერტილი უახლოეს დღეებში დაესმება.

აღსანიშნავია, რომ უელსელ შუახაზელს კონტრაქტში საკომპენსაციო თანხა 15 მილიონი ფუნტი ეწერა, მაგრამ მერსისაიდელებმა მათ 1,5 მლნ დააკლებინეს. შარშან ყველა ტურნირში ერთად ალენმა 44 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გარდა, ამდენივე საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ახალი სპონსორი
მერსისაიდელებმა ამერიკული ავტოწარმოების გიგანტ "შევროლესთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

კომპანიის ლოგო გამოსახული იქნება "ენფილდ როუდზე", საწვრთნელ ბაზაზე და
რაც მთავარია, ლივერპულელი ფეხბურთელები ამერიკელების სარეკლამო კამპანიაში ჩაერთვებიან. კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე მხარეები არაფერს იუწყებიან.

ჯო კოულის ოცნება
"ლივერპულის" 30 წლის ნახევარმცველმა ჯო კოულმა კლუბის ვებგვერდს მისცა ინტერვიუ, სადაც გუნდში საკუთარ პერსპექტივაზე ილაპარაკა. ფეხბურთელს ჯერჯერობით ერთადერთი პრობლემა აწუხებს - არ იცის, თუ რომელ პოზიციაზე აპირებს ბრენდან როჯერსი მის გამოყენებას. პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ჯო მარჯვენა ფლანგზე იყო გამწესებული.

"საწვრთნელი პროცესი შესანიშნავად მიდის. ფორმას ნელ-ნელა ვკრეფ და ვემზადები, რომ გუნდის განუყოფელ ნაწილად ვიქცე. სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა თავდაუზოგავად ვარჯიშობ და შენს საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებ.

პირველად, როცა "ენფილდზე" ფეხი შევდგი, მსურდა, რომ ამ დიდი კლუბის ისტორიაში ჩამეწერა ჩემი სახელი. მას მერე არაფერიც არ შეცვლილა. ეს ამბიცია ჯერ კიდევ ცოცხალია. ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო ტიტულების მოპოვებაში," - ამბობს ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული