ფერნანდო ამორებიეტა "ენფილდზე"

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ევრო 2012-ზე ინგლისის ნაკრები მას რომ წაეყვანა ბევრად უკეთეს შედეგს აჩევნებდა. რატომ გადადგა 66 წლის სპეციალისტი პოსტიდან, ამ თემაზე იმდენჯერ დაწერილა, რომ თავს აღარ შეგაწყენთ. ამიტომ პირდაპირ მის ციტატას შემოგთავაზებთ:

“ეს ბიჭები ჩემპიონატზე მე რომ წამეყვანა, დარწმუნებული ვარ, უკეთესად ვითამაშებდით. ყოველი სანაკრებო მწვრთნელი 2-3 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის იბრძვის. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მომეცა. როცა დასახულ გეგმებზე გელაპარაკებიან, მაგრამ ამასთან შენს საქმეებში უხეშად ერევიან, შეუძლებელია, თავი კომფორტულად იგრძნო. ჩემს კონტრაქტში
შავით თეთრზე ეწერა, რომ გუნდის კაპიტნის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მე უნდა მიმეღო,” - თქვა იტალიელმა “მაესტრომ”.

ამორებიეტა "ენფილდზე"
ის, რომ “ლივერპულს” ამჟამად ოთხი კარგი ცენტრალური მცველი ჰყავს და მეხუთეს შეძენას გეგმავს, ცოტა ალოგიკურად ჟღერს, რადგან გუნდს საკადრო პრობლემები ნამდვილად არ აკლია, მაგალითად წინა ხაზში. შესაძლოა, ხმები მარტინ შკრტელის გუნდიდან წასვლაზე მართალია და “წითლები” ამით თავს იზღვევენ. ინფორმაცია ამის თაობაზე ესპანურმა “მარკამ” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, ვენესუელელის აგენტმა კი ის გუშინ დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელს “ბილბაოსთან“ ხელშეკრულება ერთი წლის მერე უმთავრდება და წესით, თუკი სურვილი ექნება, “ენფილდისკენ” გზას იოლად გაიკაფავს. “ჩემს კლიენტს თავის დროზე იმაზეც კი უფიქრია, რომ კარიერა “სან მამესზე” დაესრულებინა, მაგრამ ბოლო წარმატებული სეზონის შემდეგ მისით ძალიან ბევრი უცხოური კლუბი დაინტერესდა. მათ შორის არის “ლივერპულიც”, - აცხადებს დენის კარბახალი.

ქრეივენ კოტეჯის ტევადობა გაიზრდება
“ფულჰემის” ხელმძღვანელობამ ლონდონის მერიისგან ნებართვა მიიღო, დამტკიცებული გეგმის მიხედვით “ქრეივენ კოტეჯის” სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეუდგეს. ამჟამად არენაზე 25 700 ადამიანი ეტევა. სამუშაოების შემდეგ მას 4300 ადგილი დაემატება. მშენებლების მტკიცებით, სტადიონი არ დაკარგავს თავის განუმეორებელ ხიბლს.

მოჯანყეთა სასამართლო
ისევე როგორც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრების ბანაკში სკანდალები არც ამჯერად ყოფილა უცხო ხილი. სიტუცია იქამდეც კი მივიდა, რომ ფეხბურთელების ჯგუფებმა ერთმანეთში საქმის გარჩევები მოაწყვეს. სკანდალში შემჩნეულები სამირ ნასრი, იან მ’ვილა, ჟერემი მენეზი და ატემ ბენ-არფა გუშინ სადისციპლინო კომიტეტის წინაშე თბილისის დროით 12:00-ზე წარდგნენ. მათ დახურულ სხდომაზე კომისიის წევრთა შეკითხვებზე უნდა გაეცათ პასუხი. ვის მიმართ რა სანქციები იქნება დაწესებული, ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული