ათი ყველაზე ცუდი ტრანსფერი

AutoSharing Option
“არსენალის” მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის მიერ იან მ’ვილაზე უარის თქმამ ჩვენს უცხოელ კოლეგებს ფრანგი სპეციალისტის სატრანსფერო პოლიტიკაზე წერის საღერღელი აუშალა. გუშინ შემოგთავაზეთ მასალა, სადაც იმ ხუთი ფეხბურთელის ვინაობა გაგაცანით, რომელთა შეძენაზე ვენგერმა თავის დროზე უარი თქვა და შემდეგ ალბათ მწარედაც ინანა კიდეც. დღეს იმ ფეხბურთელებზე ვიმსჯელოთ, რომლებიც “მეთოფეებმა” რეალურად ტყუილად გადაიბირეს. მასალა დენ კილპეტრიკის კალამს ეკუთვნის და მას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

ანდრეი არშავინი
საკამათო არჩევანია, თუკი მხედველობაში მივიღებთ რუსი ფეხბურთელის თამაშის რიგ მომენტებს. მაგალითად, “ენფილდზე” გატანილ 4 გოლს. თუმცა როგორც
არ უნდა ვატრიალოთ, ფეხბურთელმა, ვისი გადაბირებაც “არსენალს” 15 მილიონი ფუნტი დაუჯდა, მასზე გაცემული ავანსი ვერ გაამართლა. ლონდონში თავდამსხმელმა თავი გამოიჩინა მხოლოდ სიზარმაცითა და საქმისადმი უგულო დამოკიდებულებით. ამჟამად 31 წლის ვეტერანს აქვს შანსი მშობლიურ “ზენიტს” დაუბრუნდეს.
მიკაელ სილვესტრი

ფრანგმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მალე ცხადი გახდა, თუ რატომ დათმო ალექს ფერგიუსონმა ფეხბურთელი უბრძოლველად. კონტრაქტის ხელის მოწერის მომენტში ის უკვე შორის იყო საუკეთესო ფორმისგან. “მეთოფეთა” რიგებში მან 2 სეზონის განმავლობაში სულ 26 თამაში ჩაატარა და ისე დაშორდა გუნდს.

სებასტიან სკილაჩი
ფრანგი ცენტრალური მცველი “არსენალში” “სევილიიდან” მოვიდა, თუმცა ვენგერის ნდობა ძალიან მალევე დაკარგა. წარუმატებელი მატჩების მთელი სერიის შემდეგ მწვრთნელმა მას გერმანელი პერ მერტეზაკერის სახით ღირსეული ალტერნატივა მოუნახა. შარშანდელ სეზონში ფეხბურთელმა სულ 6 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ერთადერთი პრემიერლიგაში.

პაკ ჩუ იუნი
2011 წლის ზაფხულზე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებით ადრე სამხრეთკორეელი თავდამსხმელი გუნდში დათესილი პანიკური განწყობის გამო შეიძინეს. მას მხოლოდ ერთხელ ეღირსა პრემიერლიგის მატჩებში მოედანზე გასვლა. მწვრთნელი შეგირდს მაშინაც კი არ ენდობოდა, რომ გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა დახმარება წინა ხაზში.
ჟულიო პაბტისტა

“მხეცი” “არსენალში” “რეალიდან” 2006 წელს გადავიდა. გულშემატკივარი დიდხანს ელოდა მისი “მხეცური” თვისებების დემონსტრირებას. ბრაზილიელმა სეზონის დიდი ნაწილი უღიმღამოდ ჩაატარა. ის თავის გამოჩენას მხოლოდ რეზერვისტთა შორის თუ ახერხებდა.

ხოსე ანტონიო რეიესი
უმაღლესი კლასის ვინგერი “არსენალმა” “სევილიისგან” 2004 წელს 10,75 მილიონ ფუნტად შეიძინა და გარკვეული პერიოდი გუნდის ყველაზე ძვირად ღირებულ შენაძენად მიიჩნეოდა. რეიესმა არაერთხელ მოახერხა თავისი ოსტატობის დემონსტრირება, თუმცა სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს მაინც ვერ ახერხებდა. ამასთან ესპანელი ტრავმების გამოც იტანჯებოდა. 2007 წელს რეიესი “რეალში” გადავიდა.

პასკალ სიგანი
2002 წელს “არსენალს” ფრანგი მცველის შეძენა 2,1 მილიონი ფუნტი დაუჯდა. თუმცა პირველივე შეხვედრებში გასაგები გახდა, თუ რატომ შეიძინა ვენგერმა ეს ფეხბურთელი. სიგანი მშვენივრად თამაშობდა თავით და არასოდეს ერიდებოდა ძალისმიერ ილეთებს ორთაბრძოლებში. თუმცა ის ვერაფრით ახერხებდა მაღალ ტემპში თამაშს. “არსენალიდან” ის “სევილიაში” 2006 წელს გადავიდა.

რიჩარტ რაიტი
2001 წელს რაიტის შეძენა “არსენალს” 6 მილიონი ფუნტი დაუჯდა და ის დევიდ სიმენის პოტენციურ შემცვლელად განიხილებოდა. მან გუნდი ერთი წლის შემდეგ დატოვა, რადგან როცა თამაშობდა, მაშინაც წარმოუდგენელ შეცდომებს უშვებდა. სულ მის ანგარიშზე 12 მატჩი იყო. 2002 წელს ის “ევერტონში” გადავიდა.

მარუან შამახი
2010 წელს მაროკოელი “არსენალში” უფასოდ გადავიდა, მაგრამ ამის მიუხედავად თქმა, რომ წარმატებული ტრანსფერი იყო, შეუძლებელია. მშვენიერი სტარტის შემდეგ მან ძალიან მალე დაკარგა ფორმა. ფანებმა მის მიერ შეტევების დასრულებაზე ანეკდოტების შეთხზვა დაიწყეს. შარშანდელ სეზონში მან ერთადერთი გოლი “ბლექბერნს” გაუტანა. სულ კი მის ანგარიშზე 8 ბურთია. ვენგერს რა ხანია ფეხბურთელის გაყიდვა სურს, მაგრამ მსრუველს ვერ პოულობს.

ფრენსის ჯეფერსი
მიუხედავად იმისა, რომ ჯეფერსს პროფესიულ ფეხბურთში სულ 4 წლის სტაჟი ჰქონდა, ვენგერმა 2001 წელს მასში 8 მილიონი ფუნტი გადაიხადა. პრესა მას “მომავალ მაიკლ ოუენს” უწოდებდა. ფეხბურთელმა ვერ მოახერხა თავისი პოტენციალის ჩვენება. 4 სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული