სერ ალექს ფერგიუსონი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, 70 წლის ალექს ფერგიუსონმა პირველი კომენტარი გააკეთა კლუბის მესაკუთრეთა გადაწყვეტილებაზე, აქციათა 10%-ის საფონდო ბირჟის მეშვეობით გაყიდვის შესახებ.

ამერიკელთა ამ ნაბიჯმა გულშემატკივართა შორის განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. ამ დღეებში ბაზასთან ფანების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. შოტლანდიელის თქმით, მას ეშინია, რომ ამის მერე გულშემატკივართა უარყოფითი დამოკიდებულება გლეიზერების ოჯახის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდება.

"ბოლო დღეებში ყურადღებით ვაკვირდები, თუ რა პოლემიკაა გაჩაღებული "იუნაიტედის" აქციების ბირჟაზე გატანასთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, ჩემი პოზიცია მაქვს. ისიც კი წავიკითხე, რომ ამ ნაბიჯით თურმე გარკვეულ ფინანსურ სარგებელს
ველი.

ამ მოსაზრებაში სიმართლის ერთი მარცვალიც კი არ არის. გარიგებიდან არაფერსაც არ ველოდები. მე "მანჩესტერ იუნაიტედში" მხოლოდ საფეხბურთო კომპონენტი მეხება.

გლეიზერების საქმიანობასთან დაკავშირებით კი იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი მე პრობლემებს არ მიქმნიან, პირიქით, მხოლოდ მეხმარებიან. ჩემი დამოკიდებულება არასოდეს არავის მიმართ არ ყოფილა იმაზე დამოკიდებული, ვინმესგან რამე მოგებას ველი თუ არა.

მსგავსი ბრალდებების შემდეგ თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ფულს გამოკიდებული რომ ვყოფილიყავი "იუნაიტედს" დიდი ხნის წინ დავტოვებდი. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ კლუბსა და ფანებს შორის გაუგებრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

25 წელია აქ ვმუშაობ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კლუბი პროგრესის გზით ვატარო და ვაცხადებ, რომ არასდროს არაფერი გამომივიდოდა ჩვენი ფანების მხარდაჭერის გარეშე," - განუცხადა "გარდიანს" სერ ალექსმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული