"მანჩესტერ სიტი" მართლა ძლიერია

AutoSharing Option
ვოლფსბურგი-მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 აგუერო (40), 0:2 ი. ტურე (56)
ვოლფსბურგი: ბენალიო, კნოხე, ნალდო, პოგატეცი, შეფერი, როდრიგესი, ჰელმესი, ფაგნერი, ირაჩეკი, ოლიჩი, ბას დოსტი შეცვლაზე შევიდნენ: ჰიტცი, დიეგო, პილარჟი, კირიაკოსი, ტრეში, არნოლდი, იონსონი, ოროშკო, ლაკიჩი, ჰასანი

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, საბალეტა, კ. ტურე, სავიჩი, კოლაროვი, ა. ჯონსონი, რაზაკი, დე იონგი, ი. ტურე, ტევესი, აგუერო შეცვლაზე შევიდნენ: სუარესი, ჯეკო, სკაპუცი, სანტა კრუსი

თამაში, რასაკვირველია, "მანჩესტერ სიტის" უპირატესობით დაიწყო და 90-მა წუთმა მათი სცენარით ჩაიარა.

პირველად კარის აღების შანსი კარლოს ტევესს მე-5 წუთზე მიეცა.
ანგარიში მაინც არგენტინელმა გახსნა - სერხიო აგუერომ თამაში თავის თავზე აიღო, საჯარიმოში შეიჭრა, მასთან ვერც მცველები გახდნენ რამეს, ვერც მეკარე.

იაია ტურეს ანგარიშის გაზრდა პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე შეეძლო, მაგრამ ბოლოს მცველებმა ითამაშეს კარგად.

მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე "მგლებმა" გამოიღეს ხელი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 56-ე წუთზე ტევესმა ნალდოს ბურთი ფეხიდან ააცალა და კარისკენ დაიძრა, თუმცა ვეტერანი ბრაზილიელი ფეხებში ჩაუვარდა. ბურთი საბოლოოდ იაია ტურესთან აღმოჩნდა, ვინც მარსელ შეფერს იოლად გასცდა, მეკარეს კი შანსი აღარ დაუტოვა.

გერმანელებმა პირველი და უკანასკნელი სახიფათო მომენტი 64-ე წუთზე შექმნეს, როცა შეფერმა შორიდან გაისროლა, მაგრამ ჯო ჰარტი მომენტს მომზადებული შეხვდა.

საშიში არაფერია
"ვოლფსბურგთან" შეხვედრის მიწურულს სერხიო აგუერომ ემანუელ პოგატეცთან შეჯახებისას ტერფის ტრავმა მიიღო. რობერტო მანჩინიმ მის ნაცვლად მინდორზე როკე სანტა კრუსი შეუშვა.

სერხიოს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა. ექიმების დასკვნით, არგენტინელს საშიში არაფერი სჭირს. ინგლისის სუპერთასზე "ჩელსისთან" მატჩისთვის ის მზად იქნება.

იმედიანად არის განწყობილი თავად ფეხბურთელიც. "ყველაფერი რიგზეა. მადლობა ყველას, ვინც ჩემი ჯანმრთელობით დაინტერესდა", - დაწერა ფეხბურთელმა "ტვიტერზე".

აღნიშნული მატჩი, "უემბლის" ნაცვლად, 12 აგვისტოს ბირმინგემის "ვილა პარკზე" გაიმართება. "უემბლი", მოგეხსენებათ, ოლიმპიადის მატჩებს მასპინძლობს.

სინკლერიც ქალაქში
"დეილი მირორის" ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" "სუონსის" გარემარბს, 23 წლის სკოტ სინკლერს დაადგა თვალი.

უახლოეს დღეებში "ქალაქელები" "გედებთან" მოლაპარაკებას დაიწყებენ. უელსურ კლუბს ისინი 5 მილიონ ფუნტს სთავაზობენ კომპენსაციის სახით.

სინკლერს მანჩინი თეო უოლკოტის ალტერნატივად განიხილავს, ვისი გადაბირებაც "არსენალიდან" არა და არ ხერხდება.

ჰელმესის ექვსი თვე
"ვოლფსბურგი"-"მანჩესტერ სიტის" შეხვედრაში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა "მგლების" 28 წლის თავდამსხმელმა პატრიკ ჰელმესმა.

ექიმების პროგნოზით, ფეხბურთელი გუნდს მინიმუმ 6 თვით დააკლდება.

"ძალიან ცუდი ინფორმაციაა როგორც პატრიკისთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის", - განუცხადა "კიკერს" "ვოლფსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული