ინგლისში სეზონი სუპერთასით გაიხსნება

AutoSharing Option
12 აგვისტოს, თბილისის დროით 16:30 საათზე ბირმინგემის "ვილა პარკზე" ინგლისის სუპერთასისთვის ერთმანეთს პრემიერლიგის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" და ასოციაციის თასის გამარჯვებული "ჩელსი" შეხვდებიან.

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი დრო არ იქნება და გუნდები გამარჯვებულს პირდაპირ პენალტების სერიით გაარკვევენ.

ლონდონურმა კლუბმა ეს ტიტული ბოლოს 2009 წელს კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით მოიგო. "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირება 2:2 დასრულდა, პენალტებში კი დედაქალაქელებმა იძალეს.

სტატისტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლებში "ქომუნითი შილდზე" გამარჯვება სეზონის წარმატებულად წარმართვის ერთგვარი წინაპირობაა.

მართლაც, თუკი თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ,
რომ აღნიშნული ტიტულის მფლობელი სეზონს, იშვიათად ასრულებდა "მშრალად". თუმცა ეს მხოლოდ დამთხვევაა და რასაკვირველია, რაიმე კანონზომიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

"ჩელსის" ბანაკში აცხადებენ, რომ მიუხედავად სუპერთასის შედეგისა, გუნდი მაქსიმალურად შეეცდება შარშანდელი შედეგების გაუმჯობესებას.

ლაპარაკი, უპირველესად, ჩემპიონატზეა. "ლურჯებს" იმედიანი განწყობის საფუძველი ნამდვილად აქვთ, რადგან სწორედ მათ რიგებში ითამაშებს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი ედენ აზარი. ბელგიელის ათამაშებას სულმოუთქმელად ელიან არამხოლოდ "ჩელსიში".

რა შეუძლია, აზარმა სწორედ პრემიერლიგაში უნდა დაამტკიცოს. ძალიან ბევრს ელიან მარკო მარინისგანაც. 23 წლის გერმანელი გარემარბი "ვერდერში" გადასვლამდე გერმანიაში ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად მიიჩნეოდა, მაგრამ მან "ვეზერშტადიონზე" ფრთების გაშლა ვერ მოახერხა. ის 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რაც მისთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა.

შარშან "ჩელსიში" ეს მაისურა დიდიე დროგბას ემოსა. აქვეა ბრაზილიელი ოსკარიც, ვისი თამაშსაც ევროპა ხეირიანად ჯერ კიდევ არ იცნობს.

ქალაქელები დიდი ბრძოლის მოლოდინში
"მანჩესტერ სიტის" 29 წლის ცენტრალურმა მცველმა ჯოლეონ ლესკოტმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც გულწრფელად განაცხადა, რომ მისი გუნდი "ვილა პარკზე" უმძიმესი ბრძოლისთვის ემზადება.

"სიტიში" მშვენივრად ესმით, რომ ლონდონელები სერიოზულად გაძლიერდნენ. "ქალაქელებს" ჯერ კიდევ ვერ მოუნელებიათ, რომ შარშან ამავე ტიტულისთვის ბრძოლაში ისინი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 3:2 დამარცხდნენ.

აი, რას ამბობს ლესკოტი: "დარწ¬მუნებული ვარ, რომ შარშანდელი "ქომუნითი შილდი" გარკვეულწილად შემობრუნების წერტილად იქცა ჩვენთვის.

იქამდე ასევე მნიშვნელოვანი იყო ასოციაციის თასზე გამარჯვება. სწორედ ამის მერე ვირწმუნეთ საკუთარი ძალების და დავიჯერეთ, რომ ჩემპიონატში გამარჯვებაც შეგვეძლო.

შარშანდელი სეზონის წინ ჩვენთვის ეს უპირველესი ამოცანა იყო. ჩემი აზრით, 2012/13 წლებში ბევრად უფრო მეტად გაგვიჭირდება, რადგან მეტოქეებმა ახლა უკეთ იციან, თუ რა შეგვიძლია და შესაბამისად, ძალების მაქსიმალური კონცენტრაციით დაგვიპირისპირდებიან.

რამდენიმე წლის წინ ჩვენთვის პრემიერლიგის მოგება და ჩემპიონთა ლიგაში თამაში მხოლოდ ოცნება იყო. თუმცა ორიოდე წარმატებულმა წელიწადმა ეს განწყობა შეცვალა. ვფიქრობ, "სიტის" შეუძლია დიდ წარმატებებს ეწიოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული