ლონდონელებმა რობინ ვან პერსის უსტვინეს

AutoSharing Option
12 აგვისტოს კიოლნის "რაინ ენერგი შტადიონს" "არსენალი" ესტუმრა და 4:0 იმარჯვა.

მატჩის ბოლოს, ლუკას პოდოლსკის ნაცვლად (ვისაც ადგილობრივი პუბლიკა ძალიან თბილად შეხვდა) მოედანზე რობინ ვან პერსი გამოვიდა.

ამას ტრიბუნებზე მჯდომი 1500-მდე ლონდონელი ფანის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი აპროტესტებდნენ იმას, რომ ჰოლანდიელს "მანჩესტერ იუნაიტედში" აქვს განზრახული კარიერის გაგრძელება.

ჰოლანდიელის ბურთთან ყოველ შეხებას სტუმარი გულშემატკივარი გამაყრუებელი შეძახილებით ეგებებოდა. რობინი კიოლნიდან ამსტერდამში გაემგზავრა, სადაც 15 აგვისტოს ბელგიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

აქვე გაგაცნობთ "არსენალის" შემადგენლობასა და გოლის ავტორებს: მანონე (46. შჩესნი), იენარისი (46. ჯენკინსონი),
მერტეზაკერი (46. კოშელნი), ვერმალენი (46. ნიაბრი/69. შამახი), გიბსი (46. სანტოსი), კოკლენი (46. დიაბი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (46. სონგი), კასორლა (46. არშავინი), უოლკოტი (46. ჟერვინიო), ჟირუ (46. ჯურუ), პოდოლსკი (69. ვან პერსი).
გოლები: 0:1 ვერმალენი (7), 0:2 პოდოლსკი (15-პენ), 0:3 პოდოლსკი (43), 0:4 ჟერვინიო (62).

სონგი ბედნიერია
ესპანური პრესა წერს, რომ "არსენალის" 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი ალექს სონგი დღე-დღეზე "ბარსელონას" მიაშურებს.

კამერუნელის სამსახურით "კამპ ნოუზე" ტიტო ვილანოვამდეც იყვნენ დაინტერესებულები. ასე რომ, ეს სულაც არ არის ახალი ამბავი.

მიუხედავად მოარული ხმებისა, სონგი სიმშვიდეს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ მართალია, "ბარსას" მხრიდან მისით დაინტერესება სიამოვნებს, მაგრამ ლონდონში თავს მაინც ძალიან ბედნიერად გრძნობს.

"პრესას თუ დავუჯერებთ, ჩემი მომავალი კლუბი "ბარსელონაა", მაგრამ მე რახანია შევეგუე, რომ მსგავსი ხმები სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან დახურვამდე ვრცელდება.

რეალურად კი ის ხდება, რომ "არსენალთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებ,"
- ამბობს ალექს სონგი.

არსენალიდან უიგანში
"მეთოფეთა" 19 წლის იაპონელი ნახევარმცველი როი მიაიჩი არსენ ვენგერმა 2010 წელს ერთ-ერთი იაპონური საფეხბურთო სკოლიდან წაიყვანა და იმის გამო, რომ მისთვის სამუშაო ვიზის გაცემას საშველი არ დაადგა, 6 თვის შემდეგ "ფეიენოორდში" იჯარით გაუშვა, სადაც ფეხბურთელმა ფანტასტიკური თამაში უჩვენა - ერედივიზიეს 12 შეხვედრაში მან 3 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიაიჩიმ 2011/12 წლების სეზონი უკვე "ბოლტონში" გაატარა. გუნდში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. წესით, როის მესამე სეზონი უკვე "არსენალში" უნდა დაეწყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფრანგი დამრიგებელი მას ძირითადისთვის საბრძოლველად ჯერ კიდევ არ მიიჩნევს მზად.

13 აგვისტოს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვენგერმა ის ერთწლიან პრაქტიკაზე "უიგანში" გაუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული