როი ჰოჯსონს ნაკრებში სამი კაცი დააკლდა

AutoSharing Option
15 აგვისტოს, შვეიცარიულ ბერნში იტალიისა და ინგლისის ნაკრებების ამხანაგური მატჩისთვის როი ჰოჯსონის მიერ შეკრებაზე მიწვეული ფეხბურთელების ვინაობა რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ.

ინგლისელთა 65 წლის დამრიგებელს 24 საათის ინტერვალით 3 ფეხბურთელი დააკლდა. ესენი არიან: მეკარე ჯო ჰარტი, ვინც ხერხემლის ტრავმის გამო კვირას "ჩელსისთან" "ქომუნითი შილდზეც" ვერ ითამაშა; ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ვისაც ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული და თავდამსხმელი დენიელ სტარიჯი.

ამ უკანასკნელმა სუპერთასის შეხვედრაში მარჯვენა ფეხზე თითი ისე იტკინა, რომ სიარულშიც კი უშლის ხელს.

"სიტის" კარის დარაჯის ნაცვლად კუნძულელთა ღირსებას ჯენ ბატლენდი
დაიცავს ან ჯონ რადი. როი ჰოჯსონმა ცოტა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - მეკარის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის გამოკლების შემდეგ ნაკრებში "მანჩესტერ სიტის" მცველ ჯოლეონ ლესკოტს უხმო. ინფორმაცია ფეხბურთელმა თავად გაავრცელა "ტვიტერის" საშუალებით.

ჰოჯსონის განკარგულებაში რჩებიან შემდეგი ფეხბურთელები: ბატლენდი, რადი - ბეინსი, ბერტრანი, კეჰილი, კოლკერი, იაგიელკა, უოკერი, ლესკოტი - კერიკი, კლევერლი, ლემპარდი, ა. ჯონსონი, ჯ. ლივერმორი, მილნერი, როდუელი, იანგი - კეროლი, დეფო, უოლკოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული