ფრენკ ლემპარდს ლონდონში დარჩენა უნდა

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველს კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის დეტალების განხილვა სურს, რომლის დასრულების შემდეგ ის ფეხბურთიდან წასვლას აპირებს. 34 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება "ლურჯებთან" ერთი წლის თავზე უმთავრდება.

შემდეგი განცხადება მან "სქაი სპორტსთან" საუბრისას გააკეთა:

"კარიერის დასრულება "ჩელსიში" მინდა. თუმცა იქამდე კიდევ რამდენიმე წელიწადია დარჩენილი, რადგან ვგრძნობ, რომ აქტიურ ფეხბურთში დარჩენა კიდევ შემიძლია.

იმედია, კლუბის ხელმძღვანელობაც ამავეს ფიქრობს. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოხდება უახლოეს მომავალში, რადგან მოლაპარაკებები წინა სეზონში დავიწყეთ და პროცესის დასრულებას ჯერ კიდევ ბევრი აკლია.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ გუნდში
ახლა დიდი ცვლილებების პერიოდი დგას.

გუნდში მოსულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ, ჩვენს თამაშში სიახლე შემოიტანონ, თუმცა მეც მაქვს ამბიცია, რომ "ჩელსის" უახლოესი მომავლის ერთ-ერთი თანამონაწილე ვიყო. ისიც მესმის, რომ როცა ფეხბურთელი მეოთხე ათწლეულში შეაბიჯებ, შენდამი დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება.

ერთადერთი ძალა, რაც მამოძრავებს, არის სიყვარული ფეხბურთის და უშუალოდ "ჩელსის" მიმართ. თუკი მექნება შეგრძნება, რომ გუნდის დახმარება აღარ შემიძლია, მაშინ ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვეღარც მივიღებ და წავალ".

ჰათჩინსონი მეტყევეებში
"ჩელსის" 23 წლის უნივერსალი მცველი სემ ჰათჩინსონი უკვე 5 წელია, "ლურჯების" რიგებში ირიცხება. 2010 წლამდე ის დუბლების წევრად ითვლებოდა, მას მერე კი ძირითადი გუნდის განაცხადშია. ფეხბურთელმა უზარმაზარი კონკურენციისა და მძიმე ტრავმების გამო აქამდე ვერ მოახერხა თავის დამკვიდრება. შესაბამისად, ნიჭიერი მცველის სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

მათ შორის არის ჩემპიონშიპის "ნოტინგემ ფორესტი", რომელსაც ქუვეითელი მესაკუთრის გამოჩენის შემდეგ გუნდის გასაძლიერებლად ფული გაუჩნდა.

ნოტინგემელებმა უკვე გადაიბირეს გამოცდილი, პრემიერლიგაში ნათამაშები ფეხბურთელები: მარლონ ჰეირვუდი, პოლ ანდერსონი, კრის განტერი და სხვები. "მეტყევეების" სამიზნეში ჰატჩინსონიც მოხვდა. კლუბი მზადაა, ფეხბურთელის ტრანსფერი გამოისყიდოს, უარეს შემთხვევაში კი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმოს.

"როცა ლაპარაკია ძლიერი ხასიათის ფეხბურთელებზე, სემი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია. ის "ჩელსის" ფეხბურთელია და სწორედ ლონდონელთა გადასაწყვეტია, უღირთ თუ არა მასთან გამოთხოვება, მაგრამ მისი ღირსებების მქონე მოთამაშის შემადგენლობაში ყოლა სასიამოვნო იქნებოდა.

ჯერჯერობით მხოლოდ ნიადაგს ვუსინჯავთ, რამდენად რეალურია ჩვენი განზრახვა," – განაცხადა "ნოტინგემის" მენეჯერმა შონ ოდრისკოლმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული