ბედნიერი დასასრული - რობინ ვან პერსი "მანჩესტერ იუნაიტედშია"

AutoSharing Option
"დეილი მეილის ოტომონტაჟი - რობინ ვან პერსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმაში

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ პრემიერლიგაში ევროპის სეზონის უმთავრესი ტრანსფერი განხორციელდა.

"არსენალის" ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, კაპიტანი, ლიდერი და კიდევ ბევრი სხვა სტატუსის მფლობელი რობინ ვან პერსი 24 მილიონ ფუნტად "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.

არსენ ვენგერმა ყველაფერი გააკეთა ფეხბურთელის შესანარჩუნებლად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ფრანგმა პირობა დადო, რომ ჰოლანდიელის ბედს ჩემპიონატის პირველ ტურამდე გაარკვევდა. ასეც მოხდა.

ოთხშაბათს ღამე ორივე კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა, რომ რობინი ამიერიდან "ოლდ ტრეფორდზე" ითამაშებს.

ვან პერსი
გუშინვე უნდა სწვეოდა მანჩესტერს, რათა სამედიცინო შემოწმება გაევლო და "წითელ ეშმაკებთან" პირად კონტრაქტზე მოეწერა ხელი. მაშ ასე, ტრანსფერს, რომელზე ლაპარაკიც ჯერ კიდევ 2011/12 წლების დასრულებამდე დაიწყეს, წერტილი დაესვა.

ფეხბურთელმა, ვინც "მეთოფეთა" რიგებში ნათამაშები 8 წლის განმავლობაში ვერაფერი მოიგო, გუნდიდან წასვლა დაიჟინა და მიზანს მიაღწია კიდეც.

მისი გადაბირება, "იუნაიტედის" გარდა, "მანჩესტერ სიტისა" და "იუვენტუსს" სურდათ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ორივე უარით გაისტუმრა.

ვენგერს არჩევანი არ ჰქონდა
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი გულგატეხილი ჩანდა.

"ჩვენდა სამწუხაროდ, მან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ისურვა. საკითხს ნათელი ოთხშაბათს შუადღისას მოეფინა. რასაკვირველია, ჩვენთვის კარგი არაფერია იმაში, რომ ზედიზედ ვკარგავთ მისი კალიბრის ფეხბურთელებს, მაგრამ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვქონია.

ერთი წლის შემდეგ ხომ მას უფასოდ შეეძლო წასვლა. თუმცა ჩვენ გვყავს ოლივიე ჟირუ და ლუკას პოდოლსკი, ფეხბურთელები, რომლებიც ვან პერსის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში საკომპენსაციოდ შევიძინეთ,"
- განუცხადა ფრანგულ TF1-ს 64 წლის მწვრთნელმა.

იმედგაცრუებულები არიან ჰოლანდიელის ყოფილი თანაგუნდელებიც.

მაგალითად - ტომას ვერმალენი, რომელმაც თქვა:

"ძალიან მინდოდა, რომ ვან პერსი დარჩენილიყო. შარშან ხომ ის, უბრალოდ, დიდებული იყო. არა უშავს, მთელი "არსენალი" უნდა დაირაზმოს ახალი სეზონის წინ. აუცილებლად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია რომელიმე ტურნირში გამარჯვება".


ვივ
ანდერსონი მემკვიდრეზე
ვინ არის ვივ ანდერსონი და რატომაა რობინ ვან პერსი მისი მემკვიდრე? ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც ის გზა გაუვლია, რომელსაც ახლა 29 წლის ჰოლანდიელი დაადგა.

აი, რა განაცხადა მან:

"ვფიქრობ, "ეშმაკებისთვის" ვან პერსი შესანიშნავი შენაძენია. ის ჩვენს ჩემპიონატში ჩამოყალიბდა, როგორც ფეხბურთელი. შეუძლია მრავალ პოზიციაზე თამაში, რაც მის ღირსებებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

"იუნაიტედმა" მასში ძალიან დიდი ფული გადაიხადა და თუკი ჰოლანდიელი გუნდს ტიტულების მოპოვებაში დაეხმარება, ჩავთვლი, რომ 24 მილიონი წყალში არ გადაყრილა. მას ნამდვილად შეუძლია, უახლოესი რამდენიმე სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს.

თუკი ის, რუნი, უელბეკი და ჩიჩარიტო რეგულარულად გაიტანენ, მეტოქეებს დამატებითი სანერვიულო მიეცემათ".


ბოლოს იმ ფეხბურთელთა ვინაობას გაგაცნობთ, რომელთაც "არსენალიდან" პირდაპირ "იუნაიტედს" მიაშურეს:

დევიდ ჰერდი ("არსენალი" 1954-61; "მანჩესტერ იუნაიტედი" 1961-68), ჯორჯ გრემი ("არსენალი" 1966-72; "მანჩესტერ იუნაიტედი" 1972-74), ფრენკ სტეპლტონი ("არსენალი" 1972-81; "მანჩესტერ იუნაიტედი" 1981-87), ვივ ანდერსონი ("არსენალი" 1984-87; "მანჩესტერ იუნაიტედი" 1987-91).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული