არსენალი-სანდერლენდი 18:00
ტრავმები: ფრიმპონგი, უილშირი, უოლკოტი, კოშელნი, არტეტა, ოქსელეიდ-ჩემბერლენი, როსიცკი, სანია - ბრაუნი, სესინიონი, ბერდსლი, ვონი
მაშ ასე, "ემირიტსზე" რობინ ვან პერსის გარეშე ცხოვრება იწყება. "მეთოფეებისთვის" ლიდერებთან გამოთხოვება უცხო ხილი სულაც არ არის.
გეხსომებათ, რომ შარშანაც ასე იყო: ზედ პრემიერლიგის დაწყებამდე გუნდმა სამირ ნასრი და სესკ ფაბრეგასი დაკარგა, რასაც კოშმარული სტარტი მოჰყვა.
რამდენად ძლიერად იმოქმედებს ჰოლანდიელის კაპიტნის წასვლა ამჯერად, ამას "შავ კატებთან" შეხვედრაში გაეცემა პასუხი.
ჩრდილოლონდონელებს კიდევ ერთი "უწყვეტი ტრადიცია" აქვთ - ტრავმირებულთა რაოდენობა არა და არ იკლებს. ზემოთ
რაც შეეხება "სანდერლენდს", მარტინ ონილის გუნდმა ნიკლას ბენდტნერის ღირსეული შემცვლელი ვერ მონახა. გუნდს თავდასხმაში ალბათ პრობლემები ექნება, თუკი სასწაული არ მოხდა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილ 13 დღეში ვინმე არ შეიძინა.
ფულჰემი-ნორვიჩი 18:00
ტრავმები: დევისი, ჰიუზი, უაიტაკერი - უორდი, ჰულაჰანი
"ქრევეინ კოტეჯზე" ერთმანეთს პრემიერლიგის ორი საშუალო გაქანების კლუბი ხვდება.
მარტინ იოლის გუნდში სერიოზული ცვლილებები მოხდა. განსაკუთრებით ეს თავდასხმის ხაზს ეხება. ლონდონელებმა პაველ პოგრებნიაკი და ენდი ჯონსონი გაუშვეს, თავის რიგებში კი მლადენ პეტრიჩი და უგო როდალიეგა მიიღეს. ჩვენი აზრით, ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ამ გარიგებებით ნამდვილად მოიგო.
"ნორვიჩს" კი ახალი სეზონის დაწყებამდე რაიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი არ განუხორციელებია და ამდენად მასზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ.
ქუინზ პარკი-სუონსი 18:00
ტრავმები: მაკი - არავინ
წინა სეზონში "ქუინზ პარკი" ჩემპიონშიპში დაქვეითებას აცრილი გოჭივით გადაურჩა. მარკ ჰიუზმა მიზნის მიღწევის შემდეგ ბონუსად 1 მილიონი ფუნტი მიიღო.
ამბიციურ უელსელ სპეციალისტს ნამდვილად არ ენდომება, ფინიშის სწორს ძველებურად ინერვიულოს და ამიტომ საქმეს თავიდანვე სერიოზულად უნდა მოკიდოს ხელი. ამისთვის მან უკვე იზრუნა და გუნდი ბალასტისგან გაათავისუფლა. სამაგიეროდ მოიყვანა კარგი მეკარე (რობერტ გრინი), მცველები (ფაბიო, რაიან ნელსენი), ნახევარმცველები (ჟი სუნ პარკი, სამბა დიაკიტე) და ერთიც თავდამსხმელი (ენდი ჯონსონი).
"სუონსიზე" კი რისი თქმა შეიძლება? ნამდვილად არ ვიცით, როდის იქნება "გედების" ბოლო სიმღერა, მაგრამ თუკი გუნდიდან ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების გადინება ასეთი ტემპით გაგრძელდა, ეს დღე შორს აღარ იქნება.
მოგეხსენებათ, უელსელებმა ვერ შეინარჩუნეს გილფი სიგურდსონი და ჯო ალენი "ლივერპულში" გაუშვეს. გაქცევაზე უჭირავთ თვალი სკოტ სინკლერსა და ნათან დაიერს. რაც მთავარია, "ლიბერთი სტედიუმზე" აღარ მუშაობს შარშანდელი აღმაფრენის სულის ჩამდგმელი ბრენდან როჯერსი.
რედინგი-სტოკ სიტი 18:00
ტრავმები: კებე, მაკანუფი, კამინგსი - უილსონი, ჯერომი, ჰუთი
იმის გათვალისწინებით, რომ "რედინგს" დიდი ფული უმაგრებს ზურგს, შეიძლება ამ გუნდს მხოლოდ პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლის იარლიყი არ დავკიდოთ.
გუნდის პლუსებს ნამდვილად ვერ მივაწერთ იმას, რომ მთავარ მწვრთნელ ბრაიან მაკდერმოტს ელიტაში მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია.
მართალია "არისტოკრატებმა" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი გადაიბირეს, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს მიზნის მისაღწევად, ამის თქმა ძალიან ძნელია.
ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 18:00
ტრავმები: რიჯუელი, ტომასი - კოული
"ვესტ ბრომვიჩში" სერიოზული ცვლილებები იყო. უპირველესად ის, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ინგლისის ნაკრებში გადაბარგებული როი ჰოჯსონის მაგივრად, მთავარ მწვრთნელად "ლივერპულში" კენი დალგლიშის ყოფილი ასისტენტი სტივ კლარკი დაინიშნა. დადებითი ძვრებია შემადგენლობაშიც - შეტევაში ორი ახალი სახეა, "ჩელსიდან" იჯარით წამოყვანილი 19 წლის ბელგიელი რომელუ ლუკაკუ და "ვერდერის" ყოფილი შემტევი მარკუს როზენბერგი.
"ლივერპულსაც" ახალი წინამძღოლი ჰყავს - "სუონსის" ექსთავკაცი ბრენდან როჯერსი, ვისაც "ენფილდზე" ახლებური წესრიგის დამყარება აქვს განზრახული. ამისთვის მას გარკვეული დრო დასჭირდება და შესაძლოა, პირველ ეტაპზე "წითლებმა" სასურველ შედეგებს ვერც მიაღწიონ.
მერსისაიდელთა ბანაკში ცვლილებებია შემადგენლობის მხრივაც.
ვესტ ჰემი-ასტონ ვილა 18:00
ტრავმები: კოლინსი, კოლისონი, მაკარტინი, ნოლანი - აგბონლაჰორი, ოლბრაიტონი, ჰერდი, დანი, პეტროვი
"ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ გუნდის დაკომპლექტების პროცესი ჯერ არ დაუსრულებიათ. სემ ელერდაისს დიდი სურვილი ჰქონდა, თავისთან ეხილა ენდი კეროლი, მაგრამ 20 მილიონ ფუნტად შეფასებულ ტრანსფერს ისინი ვერ გაწვდნენ და ახლა სხვა კანდიდატურას ეძებენ, ვისაც კარლტონ კოულის გვერდით შეეძლება თამაში.
"ასტონ ვილას" ოდინდელი ამბიციებისგან კი აღარაფერი რომ არ არის დარჩენილი, ეს ძველი ამბავია. ბირმინგემელების მიკუთვნება თუნდაც ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდებისთვის ძალიან ძნელია, თუმცა "ვილას" ახალი მწვრთნელი ჰყავს და მას ახალ იმედებს უკავშირებს.
პოლ ლამბერტმა ბევრად უფრო მოკრძალებულ "ნორვიჩში" შეძლო ბრძოლისუნარიანი გუნდის შეკვრა და წესით, რაღაც ამის მსგავსი "ვილა პარკზეც" უნდა გამოუვიდეს.
ნიუკასლი-ტოტენჰემი 20:30
ტრავმები: ბა, არფა, ამეობი, კოლოჩინი, სისე, ტიოტე - სანტოსი, პარკერი
"ნიუკასლი"-"ტოტენჰემის" შეხვედრას თავისუფლად შეგვიძლია 1-ლი ტურის ცენტრალური დაპირისპირება ვუწოდოთ, ერთმანეთს ხომ 2011/12 წლების სეზონის მე-5 და მე-4 ადგილოსნები ხვდებიან.
რასაკვირველია, განსაკუთრებულ ყურადღებას ანდრე ვილაშ ბოაშის პერსონა იქცევს, ვისაც "ჩელსიში" არაფერი გამოუვიდა და ახლა სამუშაოდ მეორე ამბიციურ ლონდონურ კლუბს მიაშურა.
ჯერ კიდევ გაურჯვეველია, პორტუგალიელ მწვრთნელს ეყოლება თუ არა ლუკა მოდრიჩი. სიმართლე გითხრათ, იშვიათად გვახსენდება ხორვატის გაწელილ ისტორიაზე უფრო მომაბეზრებელი საქმე. თუკი ის მაინც წავა, ჩვენი აზრით, ეს არ უნდა იყოს აუნაზღაურებელი დანაკლისი "დეზებისთვის", რადგან გუნდს გილფი სიგურდსონი ჰყავს.
ისლანდიელის შესაძლებლობებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. თანაც, ეს ამ წუთას ნამდვილად არ არის ჩვენი თემა. ერთი პრობლემა რომლის მოგვარებაც გუნდს ნამდვილად მართებს, ეს თავდასხმის ხაზია. ემანუელ ადებაიორს მოსვლა ნამდვილად მალამო იქნება ვილაშ ბოაშის გულზე. ამბობენ, რომ ტოგოელის ტრანსფერი მხოლოდ დროის ამბავიაო.
"ნიუკასლზე" რა უნდა ვთქვათ? "კაჭკაჭებს" დიდი გადაადგილებები ნამდვილად არ ჰქონიათ და შესაბამისად, მას ბევრი არაფერი მიმატებია და არც დაკლებია. ჩრდილოელები ისევ იბრძოლებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და ალბათ ისევ ევროპის ლიგით მოუწევთ დაკმაყოფილება.
19 აგვისტო:
უიგანი-ჩელსი 16:30
ტრავმები: მაკარტური - მარინი, სტარიჯი
რობერტო მარტინესის "უიგანმა" შარნშანდელი სეზონის მეორე ნახევარი ისეთი აღმაფრენით ჩაატარა, რომ მის მიერ განვლილ გზას ალბათ ბევრი მოაწერდა ხელს.
ახალგაზრდა ესპანელ მწვრთნელს "ლივერპულში" დანიშვნის უპირველეს კანდიდატურად ასახელებდნენ, მაგრამ ბოლოს მან დარჩენა თავად გადაწყვიტა.
ვნახოთ, განაგრძობს თუ არა მისი გუნდი სიურპრიზებს. რაც მთავარია, "უიგანს" ისეთი ფეხბურთელები არ დაუკარგავს, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია.
აი, "ჩელსი" კი ნამდვილად ცალკე თემაა. "ლურჯები" ძალიან გაძლიერდნენ და ეს განსაკუთრებით ნახევარდაცვაზე ითქმის. მოსამზადებელ ეტაპზეც და "მანჩესტერ სიტისთან" "ქომუნითი შილდის" მატჩშიც აქტიურობით გამოირჩეოდა ფერნანდო ტორესი.
ვნახოთ, რამდენად გასწვდება ესპანელი დიდიე დროგბას ტვირთს. მანჩესტერული გრანდების შემდეგ სწორედ "ჩელსი" შეიძლება მივიჩნიოთ ჩემპიონობის ყველაზე რეალურ პრეტენტენტად.
მანჩესტერ სიტი-საუთჰემპტონი 19:00
ტრავმები: ბალოტელი, რიჩარდსი, ჰარტი, ბერი - კორკი
მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვას პოტენციურ აუტსაიდერთან მატჩით იწყებს. ბუკმეკერები სწორედ "ქალაქელებს" უწინასწარმეტყველებენ პრემიერლიგის მოგებას. ეს ის თემაა, რაზეც დაუსრულებლად შეიძლება კამათი.
რობერტო მანჩინის იტალიური გამოცდილება ერთია, როცა მან სამშობლოში "ინტერთან" ერთად ჩემპიონობა მიჯრით 3-ჯერ მოიგო (2006, 2007, 2008) და მეორეა პრემიერლიგა, სადაც ამის გაკეთება ბევრად უფრო ძნელია.
იტალიელს ეს თავადაც ესმის და იმიტომ იყო, ერთი ვაიუშველებელი რომ ატეხა, ახალი ფეხბურთელები მჭირდებაო. მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე "მსუქანი საფულის" პატრონი კლუბისგან ასეთი პასიურობა მართლა გასაკვირია.
რაც შეეხება "საუთჰემპტონს", საფეხბურთო ექსპერტების უმეტესობა მას საუკეთესო შემთხვევაში ლიგაში დარჩენას უწინასწამეტყველებს.
20 აგვისტო:
ევერტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 23:00
ტრავმები: ფელაინი, გიბსონი - ფლეტჩერი, ჯონსი, ევანსი, სმოლინგი
დაბოლოს, მივადექით შეხვედრას, რომელიც პირველ ტურს ხურავს და სადაც დასუსტებული "ევერტონი" გამგელებულ "იუნაიტედს" დაუხვდება.
"ეშმაკების" მოტივაცია ალბათ უფრო მეტი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ, რადგან სწორედ "ლურჯებთან" ნათამაშებმა ფრემ დააკარგვინა ჩემპიონის ტიტული ალექს ფერგიუსონის შეგირდებს.
სერ ალექსი აცხადებს, რომ თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ევერტონთანვე" შედგება რობინ ვან პერსის დებიუტი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"