დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჰოლანდიელი "ეშმაკების" ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
გაირკვა ისიც, რომ "არსენალისთვის" გადასახდელი 24 მილიონი ფუნტიდან რობინს 1,5 მილიონი ბონუსის სახით ეკუთვნის.
ფერგი ახალ შეგირდზე
ალექს ფერგიუსონი გამოტყდა, რომ ვან პერსის ტრანსფერის საკითხში გადამწყვეტი როლი თავად ფეხბურთელის ნებამ ითამაშა, რადგან "სიტი" მზად იყო, "არსენალისთვის" უკეთესი პირობები შეეთავაზებინა.
აი, რა თქვა შოტლანდიელმა ფეხბურთელის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე:
- ძნელი საქმე იყო, რადგან
"იუნაიტედის" ხათრით მან სხვების შეთავაზებებზე უარი თქვა და კლუბისგან ჩვენს წინადადებაზე დათანხმება მოითხოვა. ეს რომ არა, გარიგება ნამდვილად არ შედგებოდა. "არსენალს" უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ დარჩა.
საერთოდ, ასეთი კალიბრის ფეხბურთელის ყიდვა ძალიან ძნელია. ჩვენ შარშანაც ვცადეთ ეს, მაგრამ მაშინ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზეც კი უარი მივიღეთ. ამის შანსი მხოლოდ მას მერე გაჩნდა, როცა ფეხბურთელმა მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ოფიციალური უარი თქვა.
მე და დევიდ გილი ამის მერე გლეიზერებს დავუკავშირდით და ჩვენი განზრახვა გავანდეთ. მათგან სრული მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ.
კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს კონტრაქტი ხელმოწერილია. ეს ტრანსფერი ფეხბურთელებს დამატებით იმპულსს მისცემს, მაგრამ პირადად მე უფრო მეტი თავის ტკივილი მექნება ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას. ამ ნაბიჯით თავად გავირთულე ცხოვრება.
ვან პერსის 2-3 პოზიციაზე ერთნაირად კარგად შეუძლია თამაში, მაგრამ ბოლო წლების გამოცდილება ამტკიცებს, რომ ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება მისი ცენტრფორვარდად გამოყენებაა. მარტო შარშან მან 37 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა. მგონი პატარა ბავშვისთვისაც ცხადი უნდა იყოს, რა პოზიციაზე ვაპირებ მის გამოყენებას.
ვან პერსი და ბიზნესი
რობინ ვან პერსის ბიზნესთან რასაკვირველია არანაირი შეხება არ აქვს, მაგრამ "ოლდ ტრეფორდზე" მისმა გამოჩენამ ნიუ იორკის ბირჟაზე "იუნაიტედის" აქციათა ფასი 14 დოლარიდან 13,77-მდე გააიაფა.
"ფაინენშალ ტაიმსის" ანალიტიკოსმა საიმონ კუპერმა ვარდნა შემდეგნაირად ახსნა:
"ეს ნამდვილად არ იყო ბიზნესგარიგება. გუნდმა შეიძინა ტრავმებისკენ მიდრეკილი 29 წლის თავდამსხმელი, მაშინ როცა ამ ამპლუის ფეხბურთელები თავიანთ პიკს 24 წლის ასაკში აღწევენ.
გლეიზერები გუნდის ფანებთან ერთგვარ გარიგებაზე წავიდნენ, რომელსაც, უპირველესად, ბიზნესლოგიკა აკლდა".
რიო 45 ათასს გადაიხდის
"მანჩესტერ იუნაიტედის" 33 წლის მცველი რიო ფერდინანდი "ტვიტერში" დაწერილი კომენტარისთვის 45 ათასი ფუნტით დაჯარიმდა.
ფეხბურთელი ერთი-ერთი გულშემატკივრის კომენტარს გამოეხმაურა ეშლი კოულზე და "ჩელსის" მცველს Choc Ice (პირდაპირი თარგმანით შოკოლადიანი ნაყინი) უწოდა. ჟარგონზე კი მთქმელმა შეიძლება სხვადასხვა რამ იგულისხმოს.
მართალია, რიო მერე თავად აცხადებდა, რასისტული არაფერი მიგულისხმიაო, მაგრამ საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მას არ დაუჯერა და ჯარიმა დააკისრა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"