პრემიერლიგა. I ტური. მიმოხილვა: ალექს ფერგიუსონის თავის ტკივილი

AutoSharing Option
"ევერტონი" შინ დიდი ძალაა - ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრება არ არის. დიდი ხანია, ამას ყველა აღიარებს.

დევიდ მოიესის გუნდმა თავისი სტატუსი პრემიერლიგის პირველივე ტურში დაამტკიცა და თანაც ვისთან! პირველი შეტევა სტუმრებმა მიიტანეს ტიმ ჰოვარდის კართან, მაგრამ "ლურჯებმა" მშვიდად მოიგერიეს.

მასპინძელთა მცირე უპირატესობა მალე გამოიკვეთა. დავიდ დე ხეას კარში პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა, მაგრამ ნიკიცა იელავიჩის წაქცევაზე არბიტრს რეაქცია არ ჰქონია.

ანგარიშის გახსნა "იუნაიტედს" შეეძლო, თუმცა უეინ რუნის თანაგუნდელებმა მხარი დროულად არ აუბეს, დენი უელბეკის მიმართულებით გაკეთებული პასი კი მცველებმა ჩაჭრეს.

ამის
მერე ძალიან გააქტიურდა მარუან ფელაინი, ვინც ზედიზედ ორჯერ სცადა გატანა. ვერ მოახერხა. გულშემატკივართა მხარდაჭერით გამხნევებულმა მერსისაიდელებმა კიდევ უფრო გაამწვავეს სიტუაცია.

"ეშმაკებმა" ჭკუა იხმარეს და როგორც კი ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაჰქონდათ, მას მაქსიმალურად დიდხანს იჭერდნენ, რათა საკუთარი უკანა ხაზისთვის ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. პატრის ევრამ რამდენჯერმე სცადა საჯარიმოში ჩაწოდება, მაგრამ ყოველ ჯერზე იდეალურად თამაშობდა მეტოქის დაცვა.

განსაკუთრებულად აკადემიურად ირჯებოდა ფილ იაგიელკა. გატანის შანსი ლუიშ ნანის მიეცა, მაგრამ ჰოვარდის კარს სანტიმეტრებში ააცილა.

მალე თამაშმა ისევ დე ხეას კართან გადაინაცვლა. იელავიჩი ესპანელთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ აჯობა.

კუთხურის გათამაშების შემდეგ სტივენ პიენაარმა სცადა თავურით კარის აღება, მაგრამ სამხრეთაფრიკელის დარტყმას ისევ დე ხეა აღუდგა წინ. საპასუხო შეტევაში რუნის ყუმბარისებური დარტყმისას ჰოვარდმა ითამაშა დიდებულად. მალე ისევ სტუმართა მეკარის ჯერი დადგა - პიენაარის უცნაური ტრაექტორიით დარტყმული აიღო.

ტაიმის ბოლო 5 წუთი ბურთი ისევ "იუნაიტედმა" იგდო ხელთ და ორჯერ შექმნა ხიფათი - ჯერ რუნიმ დაარტყა დაუმუშავებლად, მერე უელბეკს არ დაანებეს გასროლა. ტაიმის ბოლოს ლეონ ოსმანმა ახლო მანძილიდან დასცხო, მერე კი ლეიტონ ბეინსს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ დე ხეამ ორჯერვე კარგად ითამაშა.

მეორე 45 წუთის საწყისი მონაკვეთი ისევ მასპინძელთა აქტიური ქმედებებით აღინიშნა. ლეონ ოსმანს არ გაუმართლა, როცა ხარიხას გაარტყა. შინჯი კაგავა უელბეკს მეკარესთან პირისპირ ტოვებდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაცემა იაგიელკამ ჩაჭრა.

57-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გავიდა. კუთხურის გათამაშების შემდეგ ფელაინი ყველაზე მაღლა ახტა და ძლიერი თავურით დე ხეას შანსი არ დაუტოვა. "იუნაიტედმა" იგრძნო საფრთხე და მთელი ძალებით შეტევაში წავიდა.

აქ უკვე მოიესის ჯერი დადგა, ვინც თავის ფეხბურთელებს პრესინგის თამაში დაავალა, რამაც შედეგი გამოიღო.

სტუმრები ბურთს კი ფლობდნენ, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე ვერ მიჰყავდათ და როცა მიიყვანეს, მაშინაც არ გაუმართლათ - ტომ კლევერლი ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ ბურთი იაგიელკას ჩატოვებულ ფეხს მოარტყა.

68-ე წუთზე საქმეში რობინ ვან პერსი ჩაერთო, მაგრამ... ჯობდა, ალექს ფერგიუსონს ეს ნაბიჯი არ გადაედგა. მისმა გუნდმა ამით მხოლოდ წააგო. შოტლანდიელმა ეს აღიარა კიდეც.

მატჩის შემდეგ
ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი): "ვან პერსიზე მეტისმეტი ყურადღება გადავიტანეთ და თანაც, საჯარიმოში შესვლას ვერ ვახერხებდით. როცა ეს ფეხბურთელი შენს გუნდშია, რასაკვირველია, მისი უმთავრესი პლუსების გამოყენება უნდა სცადო.

დღეს ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ. ჩემი გუნდისთვის პრობლემად გადაიქცა მარუან ფელაინიც. მეტოქე დიდწილად მასზე იყო დამოკიდებული და გოლიც სამართლიანად გაიტანა. დაცვის ცენტრი ჩვენთვის ასევე თავის ტკივილია, მაგრამ დღეს არა გვიშავდა.

მაიკლ კერიკმა სამუშაოს თავი გაართვა, ისევე, როგორც სხვა უკანახაზელებმა. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვისუსტებდით. ეს ერთადერთი იყო, რამაც დაგვაღალატა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული