ანხელო ენრიკე: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი ასრულებული ოცნებაა

AutoSharing Option
ჩილეს ნაკრებში ბოლო წლებში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა.

ერთ-ერთი, ვისზეც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ იმედს ამყარებენ, 18 წლის ანხელო ენრიკესია. ასაკის მიუხედავად, თავდამსხმელმა "სანტიაგო დე ჩილეს" შემადგენლობაში 21 თამაშში 12 გოლი გაიტანა.

ამ დღეებში "მანჩესტერ იუნაიტედში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბთან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

პირველ ეტაპზე ის, დიდი ალბათობით, დუბლებში ითამაშებს. ინტერვიუ მას ჩილეურმა La Tercera-მ ჩამოართვა.

- როგორ მიდის თქვენი საქმეები მანჩესტერში?
- როგორც ზღაპარში. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაფერს ვითვისებ, რასაც ცხოვრება მთავაზობს. დიდხანს ვოცნებობდი
ამაზე და კარგია, თუკი უახლოეს დღეებში ის რეალობად გადაიქცევა. "იუნაიტედი" ის კლუბია, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა.

- იფიქრებდით თუ არა, რომ ტრანსფერი წელსვე განხორციელდებოდა?
- მეგონა, რომ ყველაზე გვიან, ერთი წლის თავზე მაინც მოხდებოდა, მაგრამ ძალიან რთული რომ იქნებოდა, ამას კი ნამდვილად ვაცნობიერებდი, რადგან ყველანი ვუყურებთ ტელევიზორში ამ დიდებულ ფეხბურთელებს, რომელთაც ულამაზესი გოლები გააქვთ.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ აქ ვარ და ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, ეს შანსი ხელიდან გავუშვა.

- ალექს ფერგიუსონთან თუ ისაუბრეთ?
- ჯერ ამის შანსი არ მქონია, თუმცა მას ამ დღეებში შევხვდები და ვნახავ, რას მეტყვის და რას ელის ჩემგან.

- კერინგტონის ბაზაზე ვინმეს თუ ესაუბრეთ?
- სამწუხაროდ, არა. აქამდე მხოლოდ სკაუტების გარემოცვაში ვარ. ისინი ყოველმხრივ მეხმარებიან.

- რას ელით ახალი სეზონისგან?
- აქ იმისთვის მოვედი, რომ დიდხანს დავრჩე. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

- უკვე გადაწყვეტილია, დარჩებით თუ
"უნივერსიდად დე ჩილეში" დაბრუნდებით სეზონის მეორე ნახევრის ჩასამთავრებლად?
- რა იქნება, ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ჩემი აგენტი ამ საკითხს "იუნაიტედის" ხელმძღვანელებთან ერთად გადაწყვეტს.

- შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრაქტიკის მისაღებად იჯარით რომელიმე ინგლისურ კლუბს მიაშუროთ?
- მე "იუნაიტედის" პირველ გუნდში მინდა თამაში. თუკი საქმე იჯარაზე მიდგა, რასაკვირველია, "უნივერსიდად დე ჩილეში" მირჩევნია ცოტა ხნით დაბრუნება, მაგრამ ამ საკითხს უკვე "იუნაიტედის" მწვრთნელები გადაწყვეტენ.

-
"მანჩესტერში" ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რამ მოახდინა?
- აქ ყველაფერი შთამბეჭდავია. ჩემთვის ეს ასრულებული ოცნებაა. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, ისეთ ფეხბურთელთან თამაშის შანსი მომეცემა, როგორიც უეინ რუნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული