პრემიერლიგა. II ტურის წინ: მოლოდინი უქმეებიდან უქმეებამდე

AutoSharing Option
გრანდები სტემფორდ ბრიჯზე
"ჩელსი"-"ნიუკასლი" 25 აგვისტოს ყველაზე მნიშნელოვანი თამაშია. ეს სწორედ ის გუნდები არიან, რომლებიც წინა სეზონში ბოლომდე იბრძოდნენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, მაგრამ საბოლოოდ ორივე მშრალზე დარჩებოდა, რომ არა ლონდონელთა გმირობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

"ნიუკასლი" ევროპა ლიგაზე უკვე ჩაება და ხუთშაბათს პლეი ოფის პირველ ეტაპზე გასვლით შეხვედრაში ბერძნულ "ატრომიტოსთან" 1:1-ს მიაღწია. ერთი დღით ადრე "ჩელსიმაც" ითამაშა, ოღონდ პრემიერლიგის მე-3 ტურის გადმოტანილ შეხვედრაში და არა მსაჯის დაუხმარებლად "რედინგი" 4:2 დაამარცხა. ასე რომ, წყვილში არც ერთი არ არის დასვენებული.

რობერტო დი მატეოს
გუნდმა ორიდან ორი მატჩი მოიგო ჩემპიონატში, ახლაც სახლში თამაშობს და თანაც მეტოქეზე 24 საათით მეტი ჰქონდა დასასვენებლად. ერთადერთი, რაც შეიძლება ლონდონელთა თავკაცს აფიქრებდეს, "რედინგთან" უკანა ხაზის სუსტი თამაშია. დი მატეომ აღნიშნა კიდეც, ის ფეხბურთელებისგან მოითხოვს, რომ მეორედ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. განსაკუთრებით ეს პირველი გოლის ეპიზოდს ეხება, როცა გარი კეჰილი პაველ პოგრებნიაკთან ბრძოლაში უსუსურად გაისარჯა.

სამაგიეროდ "ჩელსის" ნამდვილად შეუძლია ედენ აზარის იმედი ჰქონდეს. 21 წლის ბელგიელი იოლად მოერგო ახალ გუნდს. მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია. ყველაფრის გათვალისწინებით, "სტემფორდ ბრიჯზე" ფავორიტი აშკარაა.

"ჩელსისგან" განსხვავებით, ვინც ლამის ნახევარი გუნდი განაახლა, "ნიუკასლი" პრაქტიკულად იგივეა, რაც წინა სეზონში იყო. "კაჭკაჭები" შედარებით უკეთ არიან შეთამაშებულნი. მიუხედავად უთვალავი წინადადებისა, კლუბმა არც ერთ ლიდერთან გამოთხოვება არ ისურვა.

ალან პარდიუს შეგირდებმა პირველ ტურში ურთულესი გამოცდა ჩააბარეს წარმატებით, დაამარცხეს რა "ტოტენჰემი" 2:1.

ახლა კი მოკლედ მოგახსენებთ გუნდების საკადრო პრობლემების თაობაზე. "ჩელსის" ორი ფეხბურთელი ჰყავს კითხვის ნიშნის ქვეშ - ბრანისლავ ივანოვიჩი და დავიდ ლუისი.

უკანასკნელის თაობაზე განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. თავად ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მუხლზე მცირე პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ვერ ითამაშებდა, გაზეთები კი ამტკიცებდნენ, რომ კლუბმა ის "მანჩესტერ სიტისთან" უკანონო მოლაპარაკებების ფაქტზე დაიჭირა და დააჯარიმაო.

მასპინძლებს ნამდვილად არ ეყოლებათ გერმანელი მარკო მარინი, ვინც ტრავმა მოსამზადებელი პერიოდის დასასრულს მიიღო და მას მერე უქმობს. სტუმართა რიგებში კი ალბათ ისევ არ იქნება კაპიტანი ფაბრისიო კოლოჩინი. საეჭვოა შოლა ამეობის ასპარეზობაც.

დაჭრილი და საშიში იუნაიტედი
ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კუთხეშია მიმწყვდეული, მაგრამ ფაქტია, რომ 25 აგვისტოს "ეშმაკები" "ოლდ ტრეფორდზე" ჩვეულებრივზე მობილიზებულნი გამოვლენ "ფულჰემთან" საასპარეზოდ.

მოედანზე გამოსვლას არც დედაქალაქელები აპირებენ ჯიბეებში ხელებჩაწყობილები. მარტინ იოლის ბიჭები პირველ ტურის ნამდვილი გმირები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ "ქრეივენ კოტეჯზე" "ნორვიჩის" სტუმრობა სტუმართა 5:0 განადგურებით დასრულდა. მშვენიერი დებიუტი გუნდში დუბლის ავტორს, ხორვატ მლადენ პეტრიჩს ჰქონდა.

თუმცა 25 აგვისტოს გასამართი მატჩის წინ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი - "ფულჰემის" მცველების ასაკი და "იუნაიტედის" თავდამსხმელების სისწრაფე. ჩვენი ინგლისელი კოლეგები ძირითად შემადგენლობაში ისევ უეინ რუნისა და დენი უელბეკის დუეტს ელიან.

რობინ ვან პერსი კი ისევ სათადარიგოთა სკამზე იჯდება და თამაშში საჭიროებისდა მიხედვით ჩაერთვება. პირველ ტურში "ევერტონთან" ჰოლანდიელის თამაშმა "ეშმაკებს" ვერაფერი შემატა.

იმისთვის, რომ ალექს ფერგიუსონის სიტყვები გამართლდეს, ევროპაში ყველაზე მრისხანე თავდასხმა მყავსო, დრო და შემტევების შეთამაშებაა საჭირო. ვიდრე ამას შოტლანდიელი იტყოდა იქამდეც ცხადი იყო, რომ ვან პერსის დადებითი თვისებები "იუნაიტედმა" ვერ გამოიყენა. რა შეიძლებოდა შეცვლილიყო ბოლო 6 დღეში ამას საკუთარი თვალით ვნახავთ.

ბუკმეიკერებს თუ დავუჯერებთ, "იუნაიტედს" გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ტოტალიზატორის მოყვარულებს ისინი მასპინძელთა ორ და მეტბურთიან მოგებაზეც სთავაზობენ ფსონებს.

ახლა კი იმათზეც ვთქვათ, ვისი თამაშსაც ნაკლებად ან საერთოდ არ უნდა ველოდეთ. ზოგიერთი წყარო დაცვის ცენტრში რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის გამოჩენას ელის. თუმცა ფაქტი სულაც არ არის, რომ ფერდინანდი ითამაშებს. მას ბარძაყის კუნთი დღემდე აწუხებს.

სამაგიეროდ სრული დატვირთვით ვარჯიშობს ჯონი ევანსი. მწვრთნელები საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ თამაშის დაწყებამდე მიიღებენ. "იუნაიტედში" ჩრდილოირლანდიელის ჯანმრთელობის გარისკვას არ დაუშვებენ. მცირე ეჭვიც თუ იქნა, ის განაცხადიდან ამოვარდება.

ნამდვილად არ იქნებიან დარენ ფლეტჩერი და ფილ ჯონსი.

"ფულჰემს" რაც შეეხება, მას არ ეყოლება საიმონ დევისი, კერიმ ფრეი და ფილიპ სენდეროსი და რაც მთავარია, შარშანდელ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კლინტ დემპსი, ვისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა.

დეზების ამოცანა
"ტოტენჰემს" მხოლოდ და მხოლოდ მოგება აძლევს ხელს. ამ ამოცანის შესრულება კი იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან როგორც პირველმა ტურმა დაადასტურა, "ვესტ ბრომვიჩი" მშვენიერ ფორმაშია.

კენი დალგლიშის გაშვების შემდეგ სტივ კლარკი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ვისზეც შეჩერდა ისედაც იცით. კლარკმა "ენფილდზე" დარჩენა აღარ ისურვა და "ვესტ ბრომვიჩში" წავიდა. ამ სპეციალისტს უპირველესად კარგ ფსიქოლოგად ახასიათებენ. როგორც ჩანს, ეს ასეც არის.

ცალკე სალაპარაკოა ანდრე ვილაშ ბოაში. ახალგაზრდა, ამბიციურ პორტუგალიელს პირველ ეტაპზე ახალ ჟოზე მოურინიოს უწოდებდნენ.

"პორტუში" წარმატებების მიღწევის შემდეგ თითქოს ეს "წოდება" მართლდებოდა კიდეც, მაგრამ თანამემამულისგან განსხვავებით, რომელმაც "ჩელსიში" ერთ-ერთ პირველივე პრესკონფერენციაზე თქვა, ამა და ამ ტურში ჩემპიონები გავხდებითო და მერე აასრულა კიდეც, ვილაშ ბოაშმა არ ივარგა. მას კარისკენ მიუთითეს.

რამდენად დაამკიცებს "დეზების" ახალი თავკაცი, რომ რომან აბრამოვიჩი შეცდა, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. პორტუგალიელს ოფიციალური დებიუტისას "სენტ ჯეიმს პარკზე" ფეხი დაუცდა და დამარცხდა.

თავის მხრივ "ტოტენჰემის" ფეხბურთელებს სწორედ ახლა მართებთ იმის ჩვენება, რომ ბოლო წლების წარმატებები მხოლოდ ჰარი რედნაპის დამსახურება არ იყო. ტოტალიზატორები "დეზებს" დიდი ანგარიშით გამარჯვებასაც კი უწინასწარმეტყველებენ.

ახლა კი ტრავმებსა დადისკვალიფიკაციებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა: მასპინძლებს დენი როუზი არ ეყოლებათ, ვისაც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს; ჯოვანი დოს სანტოსს კოჭი აქვს ნატკენი; სკოტ პარკერი კი გუნდს კიდევ 2-3 კვირა ვერ დაეხმარება. სტუმრებს კი ნახევარმცველების გრემ დორანსისა და ჯერომ ტომასის გარეშე მოუწევთ გარჯა.

კიდევ ერთი გამოცდა
26 აგვისტოს "ენფილდზე" II ტურის ნამდვილად ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი გაიმართება. "ლივერპულს" "მანჩესტერ სიტი" სტუმრობს.

ცხადია, რომ "წითლები" იმ ძალას დიდი ხანია აღარ წარმოადგენენ, რასაც წლების წინ, მაგრამ იმასაც ვერავინ იტყვის, რომ მათ გრანდებთან ჭიდაობის თავი აღარ აქვთ. პირიქით. სწორედ ჩემპიონატის ფავორიტებთან თამაშობს "ლივერპული" ყველაზე უკეთ, საშუალო კალიბრის გუნდებთან კი სტაბილურობა არ ჰყოფნის.

შარშან "კარდიფ სიტისთან" პენალტების სერიაში მოგებული ლიგის თასი რომ არა, ბრენდან როჯერსს წელს სანერვიულოდ მხოლოდ შიდა ასპარეზი დარჩებოდა.

მერსისაიდელები იქადნებიან, რომ ჩემპიონატის გარდა წარმატებით ასპარეზობა მათ ევროპა ლიგაზეც შეუძლიათ. სიმართლე ითქვას, არც ერთ და არც მეორე ტურნირზე მათ თამაშებს ფავორიტობისა არაფერი ეტყობა, მაგრამ...

"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგა არაჩემპიონურად დაიწყო - ჩემპიონატის დებიუტანტ "საუთჰემპტონთან" შინ 1:2-ს აგებდა, მაგრამ ბოლოს თამაში მაინც შეაბრუნა და აქტივში 3 ქულა ჩაიწერა. სეზონი ჯერ ნორმალურად გახურებულიც არ არის, მაგრამ მსაჯის შეცდომებთან დაკავშირებით უკვე ორი სკანდალი აგორდა.

პირველი სწორედ "სიტის" უკავშირდება, რადგან "წმინდანებთან" კარლოს ტევესმა ანგარიში აშკარა თამაშგარედან გახსნა. გამეორებაზე ეს ცხადად გამოჩნდა.

მეორეზე კი ამ დღეებში "ლელო" უკვე წერდა - "რედინგთან" ფერნანდო ტორესმა ასევე წესის დარღვევით შეაგდო.

"ლივერპულს" ერთი მატჩით დისკვალიფიცირებული დანიელ აგერი არ ეყოლება. "ვესტ ბრომვიჩთან" ის მინდვრიდან გააძევეს. "წითლებს" ტრავმის გამო ჯო კოულიც დააკლდებათ.

"სიტის" დანაკარგის შესახებ კი დიდი ხანია ცნობილია - სერხიო აგუერო, გარეთ ბერი და მიკა რიჩარდსი გუნდს კიდევ დიდხანს ვერ დაეხმარებიან.

ინგლისის პრემიერლიგა. II ტური
25 აგვისტო
სუონსი-ვესტ ჰემი 15:45
ასტონ ვილა-ევერტონი 18:00
ნორვიჩი-ქუინზ პარკი 18:00
მანჩესტერ იუნ-ფულჰემი 18:00
საუთჰემპტონი-უიგანი 18:00
სანდერლენდი-რედინგი 18:00
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ჩელსი-ნიუკასლი 20:30

26 აგვისტო
სტოკ სიტი-არსენალი 16:30
ლივერპული-მანჩესტერ სიტი 19:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული