რაკი უეფას მიერ სატრანსფერო ფანჯარა 4 სექტემბრამდეა გაგრძელებული, გამოდის, რომ ჩრდილოლონდონელებს სულ რაღაც 5 დღე რჩებათ 23 წლის გარემარბის გასაყიდად.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იანვარში უნდა დათმოს იაფად ან კიდევ მომავალი წლის ზაფხულზე სულაც უფასოდ.
უოლკოტის ამჟამინდელი ანაზღაურება კვირაში 60 ათასი ფუნტია. თავის დროზე ფეხბურთელი ხელფასის გაზრდას
"არსენალი" მას კვირაში 15 ათასის მომატებას ჰპირდებოდა. სიტუაცია შეიძლება უახლოეს 48 საათში შეიცვალოს, თუმცა ამის შანსი მიზერულია.
დიდი ალბათობით, უოლკოტი "ემირიტსიდან" წავა და კარიერას ან "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს, ან "ლივერპულში".
"მეთოფეები" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელში 15 მილიონ ფუნტს ითხოვენ. თეო "არსენალში" 2006 წლის იანვარში "საუთჰემპტონიდან" გადავიდა.
"არსენალმა" მაშინ "წმინდანებს" 13 მილიონი გადაუხადა. 6,5 წლის განმავლობაში ფეხბურთელმა ლონდონელთა ღირსება 222-ჯერ დაიცვა, სადაც 22 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ უოლკოტი "არსენალის" უკვე მესამე ლიდერია, ვინც ამ ზაფხულს გუნდს ტოვებს. მოგეხსენებათ, რობინ ვან პერსიმ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, ალექს სონგმა - "ბარსელონას".
"მეთოფეები" შეეცდებიან, მთელი რესურსი მიმართონ "მანჩესტერ სიტიდან" ედინ ჯეკოს გადასაბირებლად, - წერს "მირორი".
26 წლის ბოსნიელს რობერტო მანჩინი სარეზერვო ფეხბურთელად განიხილავს, რაც მას ძალიან აღიზიანებს. ამ ზაფხულს ჯეკოს ტრანსფერზე ბევრი იწერებოდა. მაგალითად, გერმანული გაზეთები მას "ბაიერნში" უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.
არსენ ვენგერის აზრით, ბოსნიელი შეძლებს გუნდის შემტევი პოტენციალის გაძლიერებას. იმავე "მირორის" ცნობით, დედაქალაქელებს "სუონსიდან" ესპანელი მარჯვენა მცველის, 29 წლის ანხელ რანხელის შეძენა სურთ და მზად არიან, "გედებს" 4,5 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"