პრემიერლიგა. III ტურის შეჯამება: დიდი შოტლანდიელის დიდი იუბილე

AutoSharing Option
რობინ ვან პერსის მიერ "საუთჰემპტონის" კარში გატანილი სამი გოლი, რასაკვირველია, ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო.

29 წლის ჰოლანდიელმა მისი წინამორბედის, რუუდ ვან ნისტელროის გზა გაიმეორა. რასაც ვგულისხმობთ, ახლავე მოგახსენებთ: უკანასკნელმა 2001 წლის 19 აგვისტოს "იუნაიტედში" თავისი პირველი გოლი "ფულჰემს" გაუტანა (შეხვედრა 3:2 დასრულდა ალექს ფერგიუსონის გუნდის სასარგებლოდ).

11 წლის შემდეგ სწორედ "ფულჰემთან" შეაგდო პირველი ბურთი ვან პერსიმაც (თამაში 3:2 ისევ "იუნაიტედმა" მოიგო). 2001 წლის 22 დეკემბერს ვან ნისტელროიმ პირველი ჰეთ თრიკი "საუთჰემპტონს" შეუსრულა (6:1).

2012 წლის 1-ელ სექტემბერს კი
"ეშმაკებმა" ისევ სძლიეს "წმინდანებს" (3:2). გამარჯვებულთა შორის სამი ბურთი ვან პერსიმ გაიტანა.

შეიძლება ეს ყველაფერი სიმბოლურია, შეიძლება ვინმემ მასში დამთხვევის მეტი ვერაფერი აღმოაჩინოს, მაგრამ "იუნაიტედის" ფანებს ნამდვილად აქვთ იმედი, რომ ვან პერსი ვან ნისტელროის მხოლოდ ამ ორ შეხვედრაში არ დაემსგავსება.

მიუხედავად 3 არასრულ შეხვედრაში გატანილი 4 გოლისა, ფერგის ამჟამინდელი ჰოლანდიელი შეგირდი უკმაყოფილოა. შეხვედრის 69-ე წუთზე მან პენალტი ვერ გაიტანა. აი, რას ამბობს ის:

- კარგია სამი ქულა, მაგრამ ამ თამაშმა ცოტა ნერვიულობის საბაბიც მომცა. არ ვიცი, რაზე ვფიქრობდი, როცა პენალტს ასე ვურტყამდი. თავიდან ძლიერად მინდოდა შესრულება, ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ბოლო მომენტში რატომღაც გადავიფიქრე.

ცუდად დავარტყი და სიმართლე თუ გინდათ, იმედგაცრუებული ვარ. ყოველთვის ვცდილობ, რომ გარკვეულ დონეს არ ჩამოვცდე და როცა ფეხბურთელს ეს პრეტენზია აქვს, 2:1-ზე მეტოქის სასარგებლოდ პენალტი არ უნდა გააფუჭოს.

ისე, საქმე ლამის წაგებაზე რომ დაგვიდგა, დამნაშავე მარტო მე არ ვარ. გუნდის თავს რაღაც ვერ იყო წესრიგში.

აუცილებელია, რომ მინუსებზე ძალიან ბევრი ვიმუშაოთ. საბოლოოდ ამ მატჩის მოგება ჩვენთვის დიდი შვება გახდა.

პირველი ათასი მატჩი

რაც უნდა დიდებულად ეთამაშა რობინ ვან პერსის, ის მაინც ვერ მოახერხებდა თავისი მნიშვნელობით სერ ალექს ფერგიუსონის იუბილე გადაეფარა.

ლეგენდად ქცეული შოტლანდიელი "ოლდ ტრეფორდზე" 1986 წლის 6 ნოემბერს დაინიშნა და 2 დღის მერე "ოქსფორდ იუნაიტედთან" თავისი პირველი თამაში წააგო "წითელი ეშმაკების" თავკაცის პოსტზე. მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და აგერ, "საუთჰემპტონთან" ის მარტო პრემიერლიგის მატჩებში მეათასედ (!) გაუძღვა გუნდს.

სერ ალექსმა სულ 599-ე მოგება იზეიმა, მის ანგარიშზეა 233 ფრე და 168 წაგება. ძალიან ძნელია, ამ ადამიანზე რამე ახალი ითქვას. ჰოდა, ჩვენც გავჩუმდებით. შოტლანდიელის მიღწევები თავისთავად მეტყველებს მასზე.

ტურის სიმბოლური ნაკრები.
ლელოს ვერსია. 4-4-2

ტიმ ჰოვარდი (ევერტონი) - ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), ტომას ვერმალენი (არსენალი), უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი), ეშლი კოული (ჩელსი) - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), ედენ აზარი (ჩელსი), სანტი კასორლა (არსენალი), მიგელ მიჩუ (სუონსი) - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი)

ტურის გმირი
რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - ფეხბურთელი, ვინც "საუთჰემპტონთან" ლამის წაგებული თამაში "მარტომ მოიგო", შეასრულა ჩემპიონატის პირველი ჰეთ თრიკი. რასაკვირველია, 100%-ით იმსახურებს ამ აღიარებას ჩვენგან.

ტურის მწვრთნელი
სემ ელერდაისი (ვესტ ჰემი) - "დიდმა სემმა" "ფულჰემს" შავი დღე აყარა. არადა, მარტინ იოლის გუნდმა სეზონი ყინჩად დაიწყო და დაახლოებით თანაბარი ძალის დედაქალაქური გუნდების პაექრობაში აშკარა ფავორიტის დასახელებისგან ყველა თავს იკავებდა. მით უფრო მოულოდნელი იყო სტუმართა ასეთი ანგარიშით დამარცხება. "ჩაქუჩებმა" მე-3 ტურში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრისხანე გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. მიგელ მიჩუ (სუონსი)
2. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
3. იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
4. ნათა დაიერი (სუონსი)
5. ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:
29 მატჩი
19 მოგება
10 ფრე
16 მშრალად შენახული კარები
76 გოლი
352 ზუსტი დარტყმა კარებში
264 აცილება
348 ფეხბურთელი
60 ეროვნების მოთამაშე
1 ჰეთ თრიკი
63 ყვითელი ბარათი
5 წითელი ბარათი
1 025 962 ფანი ტრიბუნებზე

პრემიერლიგა. III ტური
ჩელსი-რედინგი 4:2
საუკეთესო: ედენ აზარი (ჩელსი)

ვესტ ჰემი-ფულჰემი 3:0
საუკეთესო: კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი)

სუონსი-სანდერლენდი 2:2
საუკეთესო: მიგელ მიჩუ (სუონსი)

ტოტენჰემი-ნორვიჩი 1:1
საუკეთესო: სიმეონ ჯექსონი (ნორვიჩი)

ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 2:0
საუკეთესო: მარუან ფელაინი (ევერტონი)

უიგანი-სტოკ სიტი 2:2
საუკეთესო: ჟან ბოსეჟური (უიგანი)

სიტი-ქუინზ პარკი 3:1
საუკეთესო: კარლოს ტევესი (სიტი)

ლივერპული-არსენალი 0:2
საუკეთესო: სანტი კასორლა

ნიუკასლი-ასტონ ვილა 1:1
საუკეთესო: ატემ ბენ არფა (ნიუკასლი)

საუთჰემპტონი-იუნაიტედი 2:3
საუკეთესო: რობინ ვან პერსი (იუნაიტედი)

გუნდი
1. ჩელსი 3 3 0 0 8-2 9
2. სუონსი 3 2 1 0 10-2 7
3. ვესტ ბრომვიჩი 3 2 1 0 6-1 7
4. სიტი 3 2 1 0 8-5 7
5. იუნაიტედი 3 2 0 1 6-5 6
6. ევერტონი 3 2 0 1 4-3 6
7. ვესტ ჰემი 3 2 0 1 4-3 6
8. არსენალი 3 1 2 0 2-0 5
9. უიგანი 3 1 1 1 4-4 4
10. ნიუკასლი 3 1 1 1 3-4 4
11. ფულჰემი 3 1 0 2 7-6 3
12. სტოკ სიტი 3 0 3 0 3-3 3
13. სანდერლენდი 2 0 2 0 2-2 2
14. ტოტენჰემი 3 0 2 1 3-4 2
15. ნორვიჩი 3 0 2 1 2-7 2
16. რედინგი 2 0 1 1 3-5 1
17. ასტონ ვილა 3 0 1 2 2-5 1
18. ლივერპული 3 0 1 2 2-7 1
19. ქუინზ პარკი 3 0 1 2 2-9 1
20. საუთჰემპტონი 3 0 0 3 4-8 0

ბომბარდირები
4 - მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 3 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

ასისტენტები
4 - ედენ აზარი (ჩელსი), 3 - უეინ რუტლეჯი (სუონსი), 2-2 - ბრაიან რუისი (ფულჰემი), კრის ბრანტი (ვესტ ბრომვიჩი), ნათან დაიერი (სუონსი), რიკარდუ ვას ტე (ვესტ ჰემი)

გოლი+პასი
5 - მიგელ მიჩუ (სუონსი) - (4+1), ედენ აზარი (ჩელსი) - 1+4; 4 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) 4+0, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 3+1, ნათან დაიერი (სუონსი) - 2+2, უეინ რუტლეჯი (სუონსი) - 1+3

მომდევნო ტური
15 სექტემბერი: ნორვიჩი-ვესტ ჰემი, არსენალი-საუთჰემპტონი, ასტონ ვილა-სუონსი, ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი, მანჩესტერ იუნაიტედი-უიგანი, ქუინზ პარკი-ჩელსი, სტოკ სიტი-მანჩესტერ სიტი, სანდერლენდი-ლივერპული
16 სექტემბერი: რედინგი-ტოტენჰემი
17 სექტემბერი: ევერტონი-ნიუკასლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული