ლეიტონ ბეინსი კმაყოფილია, როი ჰოჯსონი კი ფრთხილობს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასაწყებად ემზადება.

ბრიტანელები პირველ თამაშს 7 სექტემბერს მოლდოვაში ჩაატარებენ, ხოლო 11 სექტემბერს უკრაინას უმასპინძლებენ.

საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს ინგლისში სხვადასხვა განწყობით ხვდებიან, ზოგი კმაყოფილია, ზოგიც უკმაყოფილო...

ბეინსი მწვრთნელს აქებს
კუნძულელებს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის რამოდენიმე ფეხბურთელი დააკლდებათ. მათ შორის არის ეშლი კოულიც, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, ლეიტონ ბეინსი შეცვლის.

27 წლის მარცხენა მცველს ძირითად შემადგენლობაში აქამდე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში თუ უთამაშია, შესარჩევ ან ფინალურ ეტაპებზე კი სასტარტოში არასდროს მოხვედრილა.

"ევერტონის" მცველი ჟურნალისტებს გაესაუბრა და
ნაკრების მთავარი მწვრთნელით კმაყოფილება გამოთქვა: "მის ხელში თავს მშვიდად ვგრძნობთ. გუნდშიც სიტუაცია ბევრად უკეთესია. ადრე, ფაბიოს დროს, მეტი დაძაბულობა იგრძნობოდა, როიმ კი გასახდელში დადებითი აურა შემოიტანა და ფეხბურთელებსაც უფრო გვსიამოვნებს მწვრთნელთან ურთიერთობა".

ბეინსის აზრით, ჰოჯსონისთვის გაცილებით იოლია ფეხბურთელებთან კომუნიკაცია. ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გუნდში დადებითი ატმოსფეროს შესაქმნელად. "ის ინგლისელია და, კაპელოსთან შედარებით, მისთვის უფრო ადვილია ფეხბურთელებამდე საკუთარი აზრების და იდეების მიტანა.

ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ჩვენ გვქონდა დრო იმისთვის, რომ მისი იდეები უკეთესად გაგვეგო და საფეხბურთო მოედანზე უმტკივნეულოდ გადაგვეტანა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მუშაობის შედეგი უკვე პირველივე შეხვედრაში გამოჩნდება."

გარი კეჰილი ძირითადში დაბრუნებას აპირებს
ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ "ჩელსის" 26 წლის მცველი მიიჩნევს, რომ მას სერიოზული ბრძოლა მოუწევს ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად. შეგახსენებთ, რომ კეჰილმა ზედ ტურნირის დაწყების წინ მოიტეხა ყბა და ევრო 2012-ზე ვერ გაემგზავრა.

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა რთული იქნება, რადგან მე არ მომეცა საშუალება, რომ საკუთარი სიძლიერე დამემტკიცებინა.

იაგიელკამ იტალიასთან გოლი გაიტანა, ლესკოტს ძალიან კარგი ტურნირი ჰქონდა, ხოლო ტერის კი დასამტკიცებელი ისედაც არაფერი აქვს. ასე რომ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩვენთან ძალიან დიდი კონკურენციაა". - განუცხადა კეჰილმა ჟურნალისტებს.

გარდა საკუთარი თავისა, გარი მომავალ დაპირისპირებასაც შეეხო და მოლდოვასთან მატჩზე ისაუბრა: "ჩვენ მოლდოვის ნაკრებზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ თამაშამდე კიდევ არის დრო, დავსხდებით და ერთად ვუყურებთ მათი მატჩების ჩანაწერს და მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს გავაანალიზებთ".

როგორც ჩანს, მცველს მეტოქე დიდად არ აშინებს. სამაგიეროდ, მას მოედნის მდგომარეობა აფიქრებს: "ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ მოედნის მდგომარეობა იდეალური და ისეთი, როგორსაც მიჩვეულნი ვართ, არ იქნება, მაგრამ არა უშავს, თამაშის წინ სტადიონზე ვარჯიში მოგვიწევს და საკუთარი თვალით ვნახავთ ყველაფერს.

იოლი ნამდვილად არ იქნება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მოედნის მდგომარეობას, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ავიღოთ სამი ქულა".

შეგახსენებთ, რომ მატჩი კიშინიოვში, "ზიმბრუს" სტადიონზე გაიმართება. არენა 6 წლის წინ გაიხსნა და 10 400 მაყურებელს იტევს. ბრიტანელებს კიშინიოვში ერთხელ აქვთ ნათამაშები, ოღონდ ძველ, რესპუბლიკურ სტადიონზე, რომელიც 5 წლის წინ დაანგრიეს. ის მატჩი ინგლისელებმა 3:0 მოიგეს, გოლები კი ნიკ ბარმბიმ, პოლ გასკოინმა და ალან შირერმა გაიტანეს. სხვათა შორის, სწორედ იმ შეხვედრაში შედგა დევიდ ბექჰემის დებიუტი ეროვნულ გუნდში.

ჰოჯსონი ფრთხილობს
საკვალიფიკაცია მატჩის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტრადიციულად, ფრთხილ განცხადებებს აკეთებს. როი ჰოჯსონი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს მაისიდან უდგას სათავეში, აფრთხილებს თავის ფეხბურთელებს: "მოლდოვის მსგავს ქვეყნებში თამაშს თავისი სპეციფიკა აქვს.

ამ დროს ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო. უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ საფარზე მოგვიწევს თამაში; მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, გარემოც სტადიონზე და ამინდიც კი. ასე რომ, მე იოლ თამაშს ნამდვილად არ ველი და ვინც ფიქრობს, რომ მოლდოვის ნაკრებთან სტუმრად თამაში იოლი იქნება, ის ძალიან ცდება".

იონ კარას "მოლდოვა" ევროპის 53 ნაკრებს შორის 48-ე ადგილს იკავებს რეიტინგში (ინგლისი ფიფას რეიტინგში მესამეა). 2012 წელს მოლდოველებს არა მარტო თამაში არ აქვთ მოგებული, არამედ გოლიც კი არ გაუტანიათ (2 ფრე და 3 მარცხი 5 ამხანაგურ მატჩში, ბურთების სხვაობა: 0-8), მიუხედავად ამისა, ჰოჯსონმა შემდეგი რამ თქვა:

"კი, უკანასკნელ პერიოდში მათ დადებითი შედეგი არ აქვთ; სამაგიეროდ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მოლდოველებმა ჰოლანდიასთან ორივე შეხვედრა მხოლოდ 0-1 წააგეს, ხოლო ფინეთს საერთოდ მოუგეს".

ლეგენდა პესიმისტურად არის განწყობილი
ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (49 გოლი), ლეგენდარული სერ ბობი ჩარლტონი ეროვნული გუნდის შანსებს მსოფლიოს ჩემპიონატზე პესიმისტურად უყურებს. "ჩვენ საკმარისი რაოდენობის მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ გვყავს იმისთვის, რომ მოვიგოთ ასეთი ტურნირი.

უბრალოდ, წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ჩვენმა გუნდმა 2014 წელს ბრაზილიაში წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა 74 წლის ჩარლტონმა.

მეტ ბასბის "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ინგლისში უცხოელთა მოზღვავება არის:

"ევროკავშირის შექმნის და ბოსმანის წესის ამოქმედების შემდეგ ინგლისში სათამაშოდ უამრავი უცხოელი ჩამოვიდა და ასე უკვე წლებია გრძელდება. შესაბამისად, პრემიერლიგის გუნდებში ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელებისთვის ადგილი აღარ რჩება, რაც ეროვნულ გუნდში საკადრო კრიზისს იწვევს.

თუ მოთამაშეთა ჯგუფი შეიკვრება და გარკვეულ დროს ერთად დაჰყოფს, თან ამას გუნდისთვის ზუსტად შერჩეული, იდეალური მწვრთნელი დაემატება, მაშინ კიდევ შეიძლება წარმატებაზე ფიქრი, მაგრამ აქამდე ჯერ ძალიან შორია.

მე მეცოდება ინგლისის ნაკრების მწვრთელი, იქნება ეს როი (ჰოჯსონი) თუ რომელიმე სხვა, რადგან მას არ ექნება საშუალება, რომ ნაკრები მაღალი დონის ოსტატებით დააკომპლექტოს".

ბოლოს კი შეგახსენებთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მოლდოვასთან და უკრაინასთან სათამაშოდ ემზადებიან:

მეკარეები: ჯეკ ბატლენდი (ბირმინგემი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), ჯონ რადი (ნორვიჩი).
მცველები: ლეიტონ ბეინსი (ევერტონი), რაიან ბერტრანი (ჩელსი), გარი კეჰილი (ჩელსი), ფილ იაგიელკა (ევერტონი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), ჯოლეონ ლესკოტი (მანჩესტერ სიტი), ჯონ ტერი (ჩელსი), კაილ უოქერი (ტოტენჰემი).
ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტომ კლევერლი (მანჩესტერ იუნაიტედი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ფრენკ ლამპარდი (ჩელსი), ჯეიმს მილნერი (მანჩესტერ სიტი), თეო უოლკოტი (არსენალი).
თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), დანიელ სტარიჯი (ჩელსი), დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი).

ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული