ჰესკი მწვანე კონტინენტზე

AutoSharing Option
19 სექტემბრის “დეილი მეილის” ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ემილ ჰესკიმ კარიერის ავსტრალიურ “ნიუკასლ ჯეთსში” გაგრძელება გადაწყვიტა. აღნიშნული კლუბის აღმასრულებელი დირექტორი რობი მიდლბი ამ დღეებში ინგლისში იმყოფებოდა, სადაც ფეხბურთელის აგენტთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მხარეები თანამშრომლობაზე იოლად შეთანხმდნენ. 34 წლის შემტევს “ასტონ ვილასთან” კონტრაქტი 30 ივნისს დაუმთავრდა და ახალ კლუბს მას მერე ეძებდა.

პარლორი უოლკოტს აკრიტიკებს
“არსენალის” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა რეი პარლორმა პრესასთან მშობლიურ კლუბში შექმნილ მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი. ის უკმაყოფილოა თეო უოლკოტის დამოკიდებულებით საქმისადმი და ამბობს, რომ ფეხბურთელმა თამაშზე უფრო მეტი უნდა
იფიქროს, ვიდრე ახალ კონტრაქტზე.

“ცხადია, ყველას გვინდა, რომ უოლკოტმა ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, მაგრამ იქამდე მან თავად უნდა განსაზღვროს, სურს თუ არა “არსენალში” თამაში. ამის მერე კი ფეხბურთზე გააკეთოს კონცენტრაცია. მეჩვენება, რომ თამაშზე მეტად თეო ფულზე ფიქრობს. პირადად ვერასოდეს ვხვდებოდი ახალ კონტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებს. თუკი, უბრალოდ, ფეხბურთის თამაში გინდა, ადექი და ხელი მოაწერე,” - აცხადებს ვეტერანი “მეთოფე”.

რიჩარდსი არსენალში?
“დეილი მეილის” ცნობით, “მანჩესტერ სიტის” მცველის, მიკა რიჩარდსის შეძენით “არსენალია” დაინტერესებული. 24 წლის უკანახაზელი ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიღებულ ტრავმას იშუშებს, მაგრამ გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც კი მას ძირითადი შემადგენლობისკენ გზა გადაკეტილი აქვს – “ქალაქელებმა” მის ადგილზე “ინტერიდან” ბრაზილიელი მაიკონი შეიძინეს. თუკი რიჩარდსს ინგლისის ნაკრებში დაბრუნება სწყურია, “ეტიჰადიდან” წასვლა მართებს. მიკას კონტრაქტი 2015 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. “სიტი” მას იოლად ვერ დათმობს. გამოცემის მტკიცებით, ტრანსფერი 13 მილიონ ფუნტამდე დაჯდება.

მაკფადენი სანდერლენდში მიდის
29 წლის შოტლანდიელმა ჯეიმს მაკფადენმა შარშანდელი სეზონი “ევერტონში” გაატარა, მაგრამ რაკი თამაშის შანსი იშვიათად ეძლეოდა, მერსისაიდელებთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ივნისიდან მოყოლებული, ახალ კლუბს ამაოდ ეძებდა.

“სანდერლენდის” თავკაცმა მარტინ ო’ნილმა მას “შავი კატების” რიგებში ვარჯიშის საშუალება მისცა და თუკი ფეხბურთელი ჩრდილოირლანდიელის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, სეზონის ბოლომდე კონტრაქტს შესთავაზებენ, რასაკვირველია, მისი შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.

ლუიზაოს დისკვალიფიკაცია გაუგრძელეს
უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, “ბენფიკას” 31 წლის ბრაზილიელ მცველ ლუიზაოს დისკვალიფიკაცია 14 ნოემბრამდე გაუგრძელდა. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს დიუსელდორფის “ფორტუნასთან” ამხანაგური მატჩისას ფეხბურთელმა გვერდითა არბიტრს ხელი ისე ჰკრა, რომ უკანასკნელი მოედანზე გაიშხლართა. ასე რომ, “არწივების” დაცვის ბურჯს საერთო ჯამში ჩემპიონატში 9 (3 უკვე გაიმართა) და ჩემპიონთა ლიგაში 4 ტურის გამოტოვება მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული