კარლოს კუელიარი დაისვენებს

AutoSharing Option
“სანდერლენდის” 31 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი კარლოს კუელიარი “შავ კატებს” რამდენიმე კვირის განმავლობაში მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია. პირინეელმა დაზიანება “ლივერპულთან” პირველ ტაიმში მიიღო. “რას ვიზამთ, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა, მაგრამ ფეხბურთში მსგავსი ტრავმები ხშირია. მისი გამოჯანმრთელების ლოდინის გარდა, აღარაფერი დაგვრჩენია,” – განაცხადა პრესკონფერენციაზე “სანდერლენდის” მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა.

სტარიჯი ჩელსიდან გარბის
“ჩელსისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი დენიელ სტარიჯი გუნდის სამწვრთნელო შტაბს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, შესაძლოა, “ლივერპულში” 12 მილიონ ფუნტად
გაიყიდოს.

ის, რომ ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ახალი ამბავი არავისთვის არის, მაგრამ “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში რობერტო დი მატეომ მას სკამზეც კი ვერ მოუნახა ადგილი.

მწვრთნელები პრივატულ საუბრებში უკვე აღარ მალავენ, რომ დენიელის არასათანადო განწყობით უკიდურესად უკმაყოფილონი არიან. იტალიელ მწვრთნელთან დაძაბული ურთიერთობის ამბავს არც ფეხბურთელი მალავს. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი წინაპირობა ტრანსფერის განსახორციელებლად მზადაა.

16 მილიონზე მეტი
“დეილი მეილის” ინფორმაციით, “ტორინო” ანჯელო ოგბონას ტრანსფერში დაინტერესებული კლუბებისგან 16 მილიონ ევროს ითხოვს. როგორც ირკვევა, ნიგერიული წარმოშობის 24 წლის იტალიელი ცენტრალური მცველის შეძენას “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობს.

აი, რას აცხადებს იტალიური კლუბის სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაჩი: “ჩვენს თამაშებს ძალიან ბევრი სკაუტი ესწრება და უმრავლესობას ოგბონას თამაში აინტერესებს, რადგან ეს ბიჭი ძალიან დიდ პოტენციალს ფლობს. როგორც ვიცით, სკაუტებს შორის “იუნაიტედის” წარმომადგენლებიც არიან ხოლმე. თავად ფეხბურთელს დიდი გეგმები აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე აჯობებს, თუკი ის ჩვენთან დარჩება”.

სიტის სამპდორიელმა თვალი მოსტაცა
“ფუტბოლ იტალიის” ცნობით, სამპდორიელი პედრო ობიანგის გადაბირებით “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა. 20 წლის ესპანელი დაცვითი ტიპის ცენტრალური ნახევარმცველია. “ქალაქელებმა” ფეხბურთელზე დასაკვირვებლად ატილიო ლომბარდო მიავლინეს. საინტერესოა, რომ უკანასკნელს “ბლუჩერკატის” რიგებში 250-ზე მეტი თამაში აქვს გამართული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული