ინგლისი. პრემიერლიგა. V ტურის წინ: ერთი დღის ორი დიდი თამაში

AutoSharing Option
"ევერტონს" შარშან ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროთასებზე გასვლამდე. მისი ადგილი ევროპა ლიგაზე "ლივერპულმა" დაიკავა ლიგის თასზე გამარჯვების წყალობით. მიუხედავად ამისა, "ლურჯების" გამოსვლას მაინც წარმატებული ეთქმოდა.

მერსისაიდელებმა წელს ძალიან კარგად დაიწყეს ჩემპიონატი, მაგრამ ბოლო ორ ტურში წაიფორხილეს.

რაც შეეხება "სუონსის", უელსელებზე მხოლოდ დადებითის წერა შეიძლება. მიუხედავად ლიდერთა ჯგუფის წასვლისა, "გედებმა" მშვენიერი სტარტი აიღეს, თუმცა დღევანდელი მეტოქისა არ იყოს, მე-3-4 ტურებში ფეხი მათაც დაუცდათ.

მართალია, მიკაელ ლაუდრუპის გუნდი ძალზე სიმპათიურად გამოიყურება, მაგრამ თუნდაც "ლიბერთი სტედიუმზე" "ევერტონთან" მას ძნელად თუ მივიჩნევთ ფავორიტად. ასე ფიქრობენ
ევროპელი ბუკმეიკერებიც.

ჩვენი ლოგიკა ასეთია: პრემიერლიგას ყოველ წელს ჰყავს თითო ისეთი გუნდი, რომელიც მოულოდნელი შედეგებით ყველას თავბრუს ახვევს, მომდევნო სეზონში კი ძალები მხოლოდ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის საბრძოლველად ჰყოფნის.

შარშან ასეთი სწორედ "სუონსი" იყო. "წესით" მას წელს უფრო უნდა გაუჭირდეს.

ერთი კალიბრის გუნდები
"ვესტ ჰემი" საკუთარ "ბოლეინ გრაუნდზე" მისივე კალიბრის გუნდს მასპინძლობს. "სანდერლენდი" ბოლო წლებში პრემიერლიგის საშუალო გაქანების კლუბებს შორის ირიცხება და საქმე წელსაც ძველებურად აქვს - ვერც ევროთასებისთვის იბრძოლებს და გავარდნაც არ დაემუქრება.

უკეთესი პერსპექტივა არც "ჩაქუჩებს" აქვთ. მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ - ენდი კეროლის თამაში გამორიცხულია, ხოლო კარლტონ კოულის - კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სამაგიეროდ, "შავ კატებს" ჰყავთ მწყობრში სტივენ ფლეტჩერი, ვინც ჯერჯერობით ამართლებს მასში გადახდილ უზამაზარ (15 მილიონ ევროზე მეტი. რედ) ევროს.

ტერიმ უნდა დაამტკიცოს
მართალია, "ჩელსი" "იუვენტუსთან" თამაშის მერე ცოტა დაღლილია, მაგრამ ლონდონელები ასეთი გრაფიკით ასპარეზობას რახანია შეჩვეულები არიან. შესაბამისად, არ გვგონია, რომ ამან გადამწყვეტი როლი ითამაშოს თამაშის მიმდინარეობაზე.

აქ ერთი საკითხია: ჯონ ტერიმ ჩემპიონთა ლიგაში საშინლად ითამაშა. სწორედ კაპიტანი შეცდა "ქალბატონის" ორივე გოლისას, მაგრამ ტერი რისი ტერია, თუკი ასეთმა ჩავარდნამ დააძაბუნა? იმავე "იუვესთან" გაბრწყინების შემდეგ საინტერესოა, როგორ ითამაშებს პრემიერლიგაში ბრაზილიელი ოსკარი.

"სტოკ სიტი" კერკეტი კაკალი ტრადიციულად მხოლოდ საშინაო დაპირისპირებებისას არის, ასე რომ, გვგონია, რომ მასპინძელი უპირობო ფავორიტია.

"წმინდანებს" აქამდე 4-დან 4 თამაში აქვთ წაგებული და წესით, "ასტონ ვილასთან" ხელი უნდა გამოიღონ. მით უფრო, რომ "საუთჰემპტონს" ზედიზედ მოუხდა გრანდებთან დაპირისპირება და "არსენალის" გარდა ბრძოლა ყველას გაუმართა.

ჩვენი აზრით, დიდი შანსია, მეტოქეებმა ქულა გაიყონ. ყოველ შემთხვევაში აშკარა ფავორიტის დასახელება შეუძლებელია.

"უიგანი" წელს დაცვაში ძალიან ცუდად თამაშობს, "ფულჰემში" პირიქით, თავდასხმა გამოირჩევა. ლონდონელებს წინა ხაზი ყველაზე უკეთ აქვთ დაკომპლექტებული და ეს გასაკვირი არცაა. ასე რომ, მიგვაჩნია, რომ სტუმარს სამი ქულის აღების მშვენიერი შანსი აქვს. მთავარია, უკანასკნელი ტრადიციულად დაცვამ არ დააღალატოს.

ალბათ არავის ეწყინება თუკი დავწერთ, რომ "ვესტ ბრომვიჩისა" და "რედინგის" მატჩი ყველაზე ნაკლებ ყურადღებას იქცევს. დიდხანს ვიფიქრეთ და მივხვდით, რომ სათქმელიც თითქმის არაფერი გვაქვს გარდა იმისა, რომ უფრო მასპინძელთა გამარჯვებას ველოდებით.

"ნიუკასლი" "ნორვიჩთან" დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტი რომ არის, ალბათ დავა-კამათის საგანი არ უნდა იყოს. მით უფრო, რომ "კაჭკაჭებს" პირველი ტურის მერე მოგება არ ღირსებიათ და ამჟამად იმ ადგილზე იმყოფებიან, რომელიც მათ ამბიციებს არ შეესაბამება.

"სენტ ჯეიმს პარკზე" "იადონები" განწირულები არიან. მართალია, დემბა ბამ კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა, მაგრამ არ გვგონია, ალან პარდიუმ თავს იმის უფლება მისცეს, წინა ტურის გმირი ისევ სათადარიგოთა შორის გაამწესოს.

"ნიუკასლისა" არ იყოს, "ქუინზ პარკთან" საშინაო დაპირისპირებაში სამი ქულის ულაპარაკო პრეტენდენტებად მიგვაჩნია "ტოტენჰემი". მხოლოდ ლონდონურ დერბიში კი არა, მარკ ჰიუზის გუნდს სეზონის ბოლომდე დააკლდება ვეტერან თავდამსხმელი ენდი ჯონსონი, ვისაც მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი. "დეზები" აუცილებლად დაუბრუნდებიან ლიდერთა ჯგუფს.

გემრიელი ლუკმები ბოლოს
დაბოლოს, მივადექით მე-5 ტურის ორ უმთავრეს დაპირისპირებას. "ლივერპული"-"მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩზე წინა დღეებში უკვე შემოგთავაზეთ მასალა და ახლა უბრალოდ შეგახსენებთ: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 1989 წლის აპრილში "ჰილსბოროს" ტრაგედიაში "ლივერპულის" ფანები არ იყვნენ დამნაშავენი.

შესაბამისად, მათი ერთგვარი რეაბილიტაციაც მოხდა. "წითლები" სწორედ ამის აღნიშვნას აპირებენ. "იუნაიტედისგან" მათ ხელშეწყობის გარანტიები მიიღეს. "ენფილდზე" დიდი ფეხბურთი ერთგვარად ჩრდილშია მოქცეული.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, "იუნაიტედისგან" განსხვავებით "ლივერპული" დასვენებეულია, რადგან "იანგ ბოიზთან" ევროპა ლიგაზე ბრენდან როჯერსმა მთლიანად დუბლშემადგენლობა გაიყვანა.

ტრიბუნების განსაკუთრებული მხარდაჭერის პირობებში მასპინძელმა გუნდმა მინიმუმ არ უნდა წააგოს, თუმცა ასე რომც მოხდეს, არ გაგვიკვირდება.

რაც უნდა დიდი ინტრიგა ახლდეს "ლივერპული"-"იუნაიტედის" შეხვედრას, სუფთა სატურნირო თვალსაზრისით ტურის ცენტრალური შეხვედრა "მანჩესტერ სიტი"-"არსენალია". ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ხომ მესამეადგილოსანს მასპინძლობს.

ორივე გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის ითამაშა, ასე რომ, ამ მხრივ მდგომარეობა თანაბარია.

"სიტიმ" "რეალთან" ბოლო წუთებში ორი გოლი გაუშვა და წააგო, "არსენალმა" კი ცუდი თამაშით, მაგრამ "მონპელიესთან" გასვლაზე იმარჯვა.

23 სექტემბერს გასამართ თამაშზე არსენ ვენგერმა ვრცლად ისაუბრა საკლუბო ტელეარხთან ინტერვიუში. ფრანგი სპეციალისტის კომენტარს აქვე გთავაზობთ:

"სიტისთვის" ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში შარშანდელს აქეთ ყველაფერი შეიცვალა, რადგან ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან. ამ შედეგის გამეორება ხშირად უფრო რთულია, ვიდრე პირველად მიღწევა, რადგან ბევრად უფრო მეტ კონცენტრაციას მოითხოვს გუნდისგან.

შემიძლია ვთქვა, რომ "ეტიჰადზე" გასამართი შეხვედრისთვის საუკეთესოდ ვართ მომზადებულები. ბოლო შეხვედრაში 1:0 ვიმარჯვეთ (მიკელ არტეტას გოლით. რედ), მაგრამ მაშინ წარმატების შანსი ორივე გუნდს თანაბრად გვქონდა.

ორი ასეთი დონის გუნდის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო საყურებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ამჟამინდელ შემადგენლობას ეყოფა სათამაშო კლასი საიმისოდ, რომ "სიტის" სერიოზული პრობლემები შეუქმნას".

ინგლისი. პრემიერლიგა. V ტურის წინ
22 სექტემბერი
სუონსი-ევერტონი 15:45
დისკვალიფიკაცია: ჩიკო (სუონსი)
ტრავმა: მონკი, ბარტლი, ტეილორი - იელავიჩი, გიბსონი

ჩელსი-სტოკ სიტი 18:00
დისკვალიფიკაცია: უილკინსონი (სტოკ სიტი)
ტრავმა: ტერი - ნესი

საუთჰემპტონი-ასტონ ვილა 18:00
ტრავმა: ჰოიველდი, კორკი, რიდერი - პეტროვი, გარდნერი, დანი, ოლბრაიტონი, კარატერსი

ვესტ ბრომვიჩი-რედინგი 18:00
დისკვალიფიკაცია: ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი)
ტრავმა: რიდი, ტომასი - რობერტსი, კებე, ფედერიჩი

ვესტ ჰემი-სანდერლენდი 18:00
ტრავმა: კოლინზი, კოული, კეროლი - ბერდსლი, როუზი, ჯონსონი, ბრაუნი

უიგანი-ფულჰემი 18:00
ტრავმა: ალკარასი - დეჟაგა, რუისი, რიჩარდსონი, დევისი, სენდეროსი, დიარა

23 სექტემბერი
ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი 16:30
ტრავმა: ლეივა, კოული - იანგი, რუნი, ევრა, სმოლინგი, ჯოუნსი

ნიუკასლი-ნორვიჩი 18:00
ტრავმა: ტიოტე, სიმპსონი, კრული, კოლოჩინი, ტეილორი, ვუკჩიჩი - ლაპინი, ბენეტი, უიტეკერი

მანჩესტერ სიტი-არსენალი 19:00
ტრავმა: რიჩარდსი, ნასრი - როსიცკი, უილშირი, ფრიმპონგი, სანია, შამახი, ფაბიანსკი, შჩესნი

ტოტენჰემი-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: პარკერი, ასუ ეკოტო, გომესი, კაბული - ფაბიო, მბია, ფერდინანდი, ჯონსონი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 4 3 1 0 8-2 10
2. იუნაიტედი 4 3 0 1 10-5 9
3. არსენალი 4 2 2 0 8-1 8
4. სიტი 4 2 2 0 9-6 8
5. სუონსი 4 2 1 1 10-4 7
6. ვესტ ბრომვიჩი 4 2 1 1 6-4 7
7. ევერტონი 4 2 1 1 6-5 7
8. ვესტ ჰემი 4 2 1 1 4-3 7
9. ფულჰემი 4 2 0 2 10-6 6
10. ტოტენჰემი 4 1 2 1 6-5 5
11. ნიუკასლი 4 1 2 1 5-6 5
12. სტოკ სიტი 4 0 4 0 4-4 4
13. ასტონ ვილა 4 1 1 2 4-5 4
14. უიგანი 4 1 1 2 4-8 4
15. სანდერლენდი 3 0 3 0 3-3 3
16. ნორვიჩი 4 0 3 1 2-7 3
17. ლივერპული 4 0 2 2 3-8 2
18. ქუინზ პარკი 4 0 2 2 2-9 2
19. რედინგი 3 0 1 2 4-8 1
20. საუთჰემპტონი 4 0 0 4 5-14 0

ბომბარდირები:
4 - მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 3 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), დემბა ბა (ნიუკასლი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული