თეო უოლკოტი ლეგენდათა შორის?

AutoSharing Option
“არსენალის” 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა თეო უოლკოტმა განაცხადა, რომ მას “ემირიტსზე” დარჩენა და გუნდის ლეგენდათა შორის საკუთარი სახელის ჩაწერა სურს და რომ “მეთოფეთა” რიგებიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე არასოდეს ულაპარაკია.

იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ტიერი ანრის ან იან რაიტის მიერ გაკვალულ გზას დაადგეს, ამისთვის, სულ მცირე, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა საჭირო, რადგან მოქმედს ვადა სეზონის ბოლოს ეწურება. თეოს ამჟამინდელი ანაზღაურება კვირაში 75 ათასი ფუნტია. ფეხბურთელი ხელფასის 25 ათასით გაზრდას ითხოვს. ვფიქრობთ, “არსენალისთვის” გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან ასეთ პირობებზე შეთანხმება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

არსენ
ვენგერის განცხადებით, თუკი დეკემბრის შუა რიცხვებამდე მხარეები პოზიციებს ვერ შეაჯერებენ, იანვარში კლუბს ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, რათა ფინანსური თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად არ იზარალოს. თავად ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი:

“ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკების პროცესი მეტისმეტად გაიწელა. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც მივალთ შეთანხმებამდე. წასვლაზე არასოდეს მიფიქრია; პირიქით, აქ დარჩენა ყოველთვის მინდოდა, რადგან “არსენალის” ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით მსურს ჩემი სახელის ჩაწერა.

მაგალითად, როცა ტიერი ანრი მოვიდა, ის 22 წლის იყო. სწორედ მას მინდა გავუთანაბრდე. თუმცა ერთია, მასავით თავდასხმაში მინდა თამაში. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ მოსვლის დღიდან მხოლოდ მარჯვენა ფლანგზე მიწევს თამაში. თავდასხმაშიც მინდა შანსი მომეცეს. მთელი ეს სპეკულაციები ფულთან დაკავშირებით ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ეს არ არის ის ფაქტორი, რომლის გამოც გადაწყვეტილებას მივიღებ და რომლითაც ვიღაცები ჩემს მოხიბვლას მოახერხებენ. მე მხოლოდ საფეხბურთო კომპონენტებს ვითვალისწინებ. ველოდები იმ დღეს, როცა მოლაპარაკებების პროცესი განახლდება. დარწმუნებული ვარ, საქმე დაშორებამდე არ მივა. და მაინც, თუ საქმე აქამდე მივიდა, ძალიან სამწუხარო იქნება”.

ლონდონიდან მილანში
მილანის “ინტერს” “არსენალიდან” ბაკარი სანიას შეძენა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი მძიმე ტრავმას მკურნალობს (ბოლო წლის განმავლობაში ფეხი ორჯერ მოიტეხა, მეორედ მაისში), ის ჟურნალისტებთან აქტიურად ურთიერთობს და აცხადებს, რომ უკმაყოფილოა “მეთოფეთა” საკადრო პოლიტიკით.

ამის გამო მას გარკვეულწილად ურთიერთობაც კი დაეძაბა ვენგერთან. კლუბი მას ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობს, მაგრამ 29 წლის მცველი მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. თუკი ის კიდევ ერთხელ იუარებს შეთავაზებას, ლონდონელები წინადადებას უკან გაიხმობენ. მოქმედი ხელშეკრულება სანიას 2014 წლის ზაფხულზე უმთავრდება. შესაბამისად, “არსენალი” მას მომავალ ზაფხულშივე გაყიდის. შექმნილი ვითარებით სწორედ “ნერაძურის” სურს სარგებლობა. იტალიელებს ტრანსფერი 20 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ.

ჰანგელანდის ლონდონური პერსპექტივა
“არსენალს” “ფულჰემიდან” 31 წლის ნორვეგიელი ცენტრალური მცველის, ბრედ ჰანგელანდის გადაბირება აქვს განზრახული. ვეტერანს მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. კლუბი მას თანამშრომლობის გახანგრძლივებას სთავაზობს, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი ჯერჯერობით წარუმატებლად მიდის. “მეთოფეებს” ფეხბურთელის უფასოდ ხელში ჩაგდების იმედი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული