თავგასული ფანების გამოხდომა

AutoSharing Option
ბოლო წლებში საფეხბურთო არბიტრების თემა ძალიან აქტუალურია. ცხადია, ხალხს სალაპარაკო ჰაერიდან არ მოსდის. მსაჯები შეცდომებს ადრეც უშვებდნენ და მომავალშიც დაუშვებენ, მაგრამ საქმე ეპოქაშია. დიახ, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საუკუნეში მათი მცირე გადაცდომაც კი უფრო ფართო საზოგადოების სამსჯელო ხდება.

ასე მაგალითად, ამ უქმეებზე "ლივერპული"-"მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრის მეორე ნახევარში მარკ ჰალსის მიერ მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტის შემდეგ მერსისაიდელთა ფანები აღშფოთდნენ. საქმე იმდენად გამწვავდა, რომ მავანმა ჰალსის დაუწერა, იმედია, მაინც კიბოთი მოკვდებიო. "მაინც" იმიტომ, რომ ჰალსი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ყელის სიმსივნეს და
2 წლის წინ საბოლოოდ დაამარცხა ის. "დეილის მეილის" ინფორმაციით, პოლიციამ უკვე მოახერხა "ტვიტერის" მომხმარებლის დაბლოკვა. როგორც იუწყებიან, ვინაობის დადგენა სამართალდამცავებს არ გაუჭირდებათ. ჰალსიმ და მისმა ადვოკატმა გადაწყვიტეს, რომ შეურაცხმყოფელს სასამართლოში უჩივლონ.

შეურაცხყოფა, პოლიცია, გამოძიება და სასამართლო საქმის ერთი მხარეა. არბიტრის საქმიანობით უკმაყოფილებას "ლივერპულის" ფეხბურთელებიც არ მალავენ. სტივენ ჯერარდის თქმით, ზედიზედ მეორე შეხვედრაა, ლუის სუარესის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო პენალტები არ ინიშნება.

"სამართლიანობაზე თუ გვაქვს პრეტენზია, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომ სუარესი ამ მხრივ ძალიან იჩაგრება. მის წინააღმდეგ უხეშ თამაშს რეაქცია არ მოსდევს ხოლმე. თუკი წესი დაირღვა, მიუხედავად იმისა, თუ ვის წინააღმდეგ მოხდა ეს, პენალტი უნდა დაინიშნოს. ფეხბურთელის რეპუტაცია ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. "სანდერლენდთან" მას აქეთ დასდეს ბრალი და სიმულაციისთვის ყვითელი უჩვენეს," - აცხადებს ჯერარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული