ალან შირერი ”ბლექბერნში”

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერშიც ვწერდით, რომ “ბლექბერნის” ხელმძღვანელობას სტივ კინის გუნდიდან გაშვება აქვს განზრახული. როგორც ირკვევა, ახალ მთავარ მწვრთნელად “ვარდები” ალან შირერს მოიაზრებენ. 44 წლის ვეტერანს 2009 წლის გაზაფხულზე “ნიუკასლში” სამწვრთნელო პრაქტიკა მიღებული აქვს. ის სულ რამდენიმე შეხვედრაში ედგა გუნდს სათავეში, მაგრამ “კაჭკაჭები” პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა. შირერი 3 წელია, BBC-ის საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს.

კოულის ახალი კონტრაქტი
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, რობერტო დი მატეოს თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეშლი კოული კლუბთან ახალ ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებს. ლონდონელები წამყვან ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელებას ყველაზე გვიან,
იანვრისთვის გეგმავენ. “კოული დიდი ხანია, “ჩელსის” განუყრელი ნაწილია. ის უნდა დარჩეს ჩვენთან და კლუბის ლეგენდარულ მოთამაშეებს შორის დაიმკვიდროს საპატიო ადგილი,” - განაცხადა დი მატეომ.

სიომინი დაითხოვეს
კიევის “დინამოს” პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გუნდის მთავარ მწვრთნელ იური სიომინსა და მთელ სამწვრთნელო შტაბს კარისკენ მიუთითა. კლუბის ვებგვერდზე სტანდარტულ განცხადებას ვკითხულობთ: “საფეხბურთო კლუბი “დინამო” მადლობას უხდის იური სიომინსა და მის შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს”. გათავისუფლების მიზეზი ცხადია, რუსი სპეციალისტის წარუმატებელი მუშაობაა.

ჰიტცლშპერგერი ევერტონში ვარჯიშობს
გერმანიის ნაკრების ყოფილი წევრი, 30 წლის თომას ჰიტცლშპერგერი “ევერტონის” ბაზაზე ვარჯიშობს და უახლოეს დღეებში მერსისაიდულ კლუბთან, სავარაუდოდ, ხანმოკლე ხელშეკრულებას გააფორმებს. თომასი “ბაიერნის” აკადემიის აღზრდილია. კარიერის განმავლობაში მას “ასტონ ვილას”, “შტუტგარტის”, “ლაციოს”, “ვესტ ჰემისა” და “ვოლფსბურგის” ღირსება დაუცავს. ბირმინგემული კლუბიდან რამდენიმეთვიანი იჯარით ის “ჩესტერფილდშიც” იყო გაშვებული. “ჩაქუჩი” გერმანიის ნაკრებში 2004-დან 2010 წლამდე თამაშობდა და მისი ღირსება 52 მატჩში დაიცვა.

ნოუბლი ლონდონში რჩება
“ვესტ ჰემმა” 25 წლის ცენტრალურ ნახევარმცველ მარკ ნოუბლს გაუმჯობესებული პირობებით ხელშეკრულება 2015 წლამდე გაუხანგრძლივა. ფეხბურთელს წინა კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა. ფეხბურთელის შეძენას პრემიერლიგის შეძლებული წარმომადგენლებიც ცდილობდნენ, მაგრამ “ჩაქუჩების” აკადემიის აღზრდილმა ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა.

კუარეშმა ლივერპულში წავა

“ბეშიქთაშის” 29 წლის პორტუგალიელ ნახევარმცველ რიკარდო კუარეშმას სტამბულელებთან ურთიერთობა დაძაბული აქვს და რაკი სეზონის ბოლოს კონტრაქტი ისედაც ეწურება, გუნდის დატოვება აქვს განზრახული. “სქაი სპორტსის” ინფორმაციით, მისი გადაბირება “ლივერპულს” აქვს დაგეგმილი. რიკარდოს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს - 2009/10 წლების სეზონში 6 თვე მან “ჩელსიში” გაატარა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა. “ლურჯების” გარდა, ის “სპორტინგში”, “პორტუში”, “ინტერსა” და “ბარსელონაშიც” თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული