ნემანია ვიდიჩის ორი თვე

AutoSharing Option
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ნემანია ვიდიჩი გუნდს, საუკეთესო შემთხვევაში, ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდება.

თუმცა გამორიცხული არ არის, რომ აღდგენითი პროცესი კიდევ უფრო გაიწელოს. 30 წლის სერბმა მცველმა მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა. 25 სექტემბერს მას ოპერაცია ჩაუტარეს.

ტრავმის ნაწინასწარმეტყველებზე გვიან მორჩენის “გამოცდილება” ფეხბურთელს უკვე აქვს. შარშან დეკემბერში, როცა ნემანიამ მარჯვენა მუხლი პირველად იტკინა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლაზარეთში ის 8 თვეს გაატარებდა. იქიდან გამომდინარე, რომ სერ ალექს ფერგიუსონს მცირე დაზიანების გამო რიო ფერდინანდის სამსახურზე უარის თქმაც უწევს, გამოდის, რომ მას ხუთიდან (ვიდიჩი, ფერდინანდი, სმოლინგი,
ჯონსი, ევანსი) მხოლოდ ერთი სტოპერი ჰყავს ჯანზე - ჩრდილოირლანდიელი ჯონი ევანსი. მას დაცვის ცენტრში, სავარაუდოდ, მაიკლ კერიკი შეუწყვილდება.

ფერგიუსონის პრობლემები მხოლოდ დაცვის ცენტრით არ ამოიწურება. მარტო “ნიუკასლთან” კი არა, ანტონიო ვალენსია, სავარაუდოდ, თვეზე მეტხანს ვერ მოახერხებს მოედანზე გასვლას. "დეილი მეილის” ცნობით, “ლივერპულთან” შეხვედრის მეორე დღეს 25 წლის ეკვადორელმა “კერინგტონის” ბაზა ყავარჯნებით დატოვა, ფეხზე კი სპეციალური დამცავი ფეხსაცმელი ეცვა. ექიმების თქმით, ზუსტად რამდენი ხანი გაუცდება ვალენსიას, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

დაბოლოს, გაცნობებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” “აიაქსიდან” 18 წლის დანიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ფიშერის შეძენა სურს და მზადაა, უნიჭიერეს თინეიჯერში 5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. “ფიშერისგან ძალიან დიდი ფეხბურთელი შეიძლება დადგეს. მას ამისთვის არც ამბიციები აკლია და არც ნიჭი და კარებზეც ყოველთვის დაგეშილია,” - განაცხადა დანიის იუნიორთა ნაკრების თავკაცმა ტომას ფრანკომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული