რობერტო მანჩინი გააბრაზეს...

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში (მე-3 ეტაპი) ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა “მანჩესტერ სიტიმ” “ასტონ ვილასთან” მართალია, შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ მაინც სამარცხვინოდ გამოეთიშა ასპარეზობას.

“ქალაქელები” ორჯერ გავიდნენ წინ, მაგრამ ბირმინგემელებმა ორჯერვე მოახერხეს გათანაბრება. პირველად ეს გარეთ ბერის ავტოგოლით მოხდა, მეორედ - გაბრიელ აგბონლაჰორის ოსტატური თამაშის წყალობით. დამატებით დროში ვილაპარკელებმა მეტოქე კონტრშეტევებზე ორჯერ დაიჭირეს.

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ძალიან არ გაგვიმართლა. გვქონდა მშვენიერი შანსი, რომ შემდგომ ეტაპზე გავსულიყავით, მაგრამ ჩვენმა გულუბრყვილო შეცდომებმა დაგვღუპა. უნდა ვაღიაროთ,
რომ “ასტონ ვილამ” შემდგომ ეტაპზე თამაში ალალად დაიმსახურა.

ალბათ, დღესავით ნათელია, რომ შედეგით იმედგაცრუებული ვარ. გასაგებია, რომ “ვილა” კარგი გუნდია, მაგრამ უფრო მეტად ეს ჩვენ ვერ ვითამაშეთ სათანადოდ, რადგან ვერაფრით მოვახერხეთ მაღალი ტემპის დაჭერა.

ფეხბურთელებს აშკარად უჭირდათ ერთი შეხებით პასის გადაწოდება, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. სეზონის დაწყებიდან დღემდე გაშვებული ბურთების რაოდენობა ნამდვილად პრობლემაა. აუცილებელია, რომ დაცვას მეტი ყურადღება დავუთმოთ, რადგან ამ ხაზში ძალიან სუსტად გამოვიყურებით.

მართალია, ბოლო თამაშის შემდეგ როტაციას მივმართეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ძალები ბოლომდე აღგვედგინა. ახლა გუნდში ისეთი სიტუაციაა, რომ აუცილებელია საკუთარი შეცდომების ბოლომდე გაანალიზება, რათა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ”.

გარდა უშუალოდ თამაშის შეფასებისა, ჟურნალისტებთან მანჩინის “ვილას” თავკაც პოლ ლამბერტთან მეორე ტაიმის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტზეც მოუხდა კომენტარის გაკეთება.

აი, რა თქვა მან: “ალბათ, ყველამ ნახეთ, რომ გარეთ ბერის წინააღმდეგ ჯო ბენეტმა ზედმეტად უხეშადაც კი ითამაშა. მე მივედი სარეზერვო არბიტრთან და ვკითხე, ნუთუ წესების მსგავსი დარღვევის დროს ფეხბურთელი ყვითელ ბარათს არ იმსახურებს-მეთქი. სწორედ ამ დროს ლამბერტი მომიახლოვდა და რაღაცები მომაძახა.

ჩემი კოლეგების მსგავსი დამოკიდებულება ჩემ მიმართ ძალიან არ მომწონს. სიმართლე გითხრათ, დავიღალე კიდეც მსგავსი გამოხდომებით. პირადად პოლისთვის არაფერი მიპასუხია, მაგრამ სხვა დროს იქნება სხვებმა გაითვალისწინონ, რომ მსგავს ეპიზოდებში ჯობია, რომ საერთოდ მოკეტონ”.

თავის მხრივ, პოლ ლამბერტმა პრესკონფერენციაზე დრო მხოლოდ თამაშის შეფასებას დაუთმო: “მატჩის განმავლობაში ანგარიში ორჯერ გავათანაბრეთ. ისეთ გუნდთან, როგორიც “სიტია”, ამის გაკეთება უკიდურესად რთულია. ბიჭების ხასიათის სიმტკიცემ აღმაფრთოვანა.

ვფიქრობ, დავამტკიცეთ, რომ წელს სერიოზული გუნდი გვყავს. მართალია, “ვესტ ბრომვიჩთან” შეხვედრის შემდეგ ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ მაინც ვიმარჯვეთ, რისი წყალობითაც ფეხბურთელებმა ერთდღიანი დასვენება დაიმსახურეს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული