საინტერესო ფილოსოფიის უშედეგობა

AutoSharing Option
“ლივერპულის” შარშანდელი და წლევანდელი ასპარეზობა ჩვენს გაზეთში სამსჯელო თემა ხშირად ყოფილა. ჯერ იყო და კენი დალგლიშმა მეორე წრე ისე ცუდად ჩაატარა, ცხრილი მარტო მისი შედეგებით რომ შემდგარიყო, “წითლები” პრემიერლიგიდან გავარდებოდნენ.

მერე “ენფილდზე” ბრენდან როჯერსი მოვიდა. დიდი იმედების მიუხედავად, არც მის გუნდს ეტყობა რაიმე სასიკეთო პირი. ამ ყოველივეს ბრიტანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯონათან უილსონმა საინტერესო სტატია მიუძღვნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

"ბრენდან როჯერსს მხოლოდ თუ მიუსამძიმრებ. ნიჭიერმა სპეციალისტმა სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე დიდი სამუშაო გასწია, თუმცა ყველაზე ძლიერი მწვრთნელიც კი არ არის დაზღვეული მოედანზე
შეგირდების მიერ სულელური შეცდომების დაშვებისგან. მეორე მხრივ, რაკი მწვრთნელი წყვეტს იმას, თუ ვინ უნდა გავიდეს მოედანზე, პასუხისმგებლობა გარკვეულწილად მისი საკისრებელიც არის. ორი ქულა პირველ ხუთ ტურში - ასე ცუდად “ლივერპულს” ჩემპიონატი 1903 წლის მერე არ დაუწყია. ისე, არც იმის დავიწყება გვმართებს, რომ მერსისაიდელებს საშინელი კალენდარი ჰქონდათ.

“ენფილდზე” მათ უკვე უმასპინძლეს “მანჩესტერ სიტის”, “არსენალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ვესტ ბრომვიჩთან” და “სანდერლენდთან” გასვლითი შეხვედრების სირთულე კი თავიდანვე იოლი წარმოსადგენი იყო. “ლივერპულს” ხუთივე შეხვედრაში შეეძლო უფრო მეტის მიღწევის იმედი ჰქონოდა, მაგრამ...

სწორედ ეს “მაგრამ” უშლიდა ხელს. მაგალითად, ვესტ ბრომვიჩში გუნდი სიმპათიურად გამოიყურებოდა და 3:0-ს ნამდვილად არ იმსახურებდა. როჯერსის შეგირდებს იღბალმა აშკარად აქცია ზურგი. ზოლტან გერას ფანტასტიკური გოლის შემდეგ სტუმრები გატყდნენ და დაცვაში საშინელი შეცდომების დაშვება დაიწყეს. ლაპარაკია განსაკუთრებით, ცენტრალურ მცველებზე - მარტინ შკრტელსა და დანიელ აგერზე. “სიტისთან” თავდასხმა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, თუმცა გუნდი ისევ უკანა ხაზმა დააღალატა. თავი კვლავ შკრტელმა “გამოიჩინა”.

“არსენალთან” თამაშის დიდ ნაწილს “ლივერპული” აკონტროლებდა, მაგრამ ტაბლოზე ეს არ ასახულა. სტუმრებმა თავიანთი შანსები ოსტატურად გამოიყენეს. აშკარად ჩააგდო ეს თამაში პეპე რეინამ, ვინც რამდენიმე წლის წინ კი შედიოდა პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეთა შორის, მაგრამ ახლა უკვე თვალნათელია, რომ მას კრიზისი დაეწყო.

“მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრა, ხარისხის თვალსაზრისით, აშკარად საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, მერსისაიდელები ბევრად უფრო მძლავრად გამოიყურებოდნენ. ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებელში “წითლებს” ისეთივე უპირატესობა ჰქონდათ, როგორსაც, როგორც წესი, “ბარსელონა” თუ აღწევს ხოლმე. სამწუხაროდ, შედეგი როჯერსის შეგირდებმა ისევ ვერ მიიღეს.

ყოველ ტურში “ლივერპული”, მინიმუმ, მეტოქეზე არანაკლებად გამოიყურებოდა, მაგრამ ფეხბურთელთა ინდივიდუალური შეცდომების გამო მთელი მონდომება წყალში იყრებოდა. მართალია, ამ ეტაპზე ქულები კატასტროფულად ცოტაა, მაგრამ საფეხბურთო კანონთაგან ერთ-ერთი ჯერ არავის გაუუქმებია - თუკი თამაში არის, შედეგი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა.

და მაინც, ცალკეულ ფეხბურთელთა გარჯა შეკითხვებს მაინც ბადებს. გვგონია, რომ “ენფილდზე” არ სურთ იმის აღიარება, რომ რეინამ პოზიციები საგრძნობლად დათმო. შესაძლოა, უკვე დრო იყოს, რომ გუნდმა სტაბილური მეკარის ძებნა დაიწყოს. ეს ეხება მარტინ შკრტელსაც.

სლოვაკმა სტარტზე მთელი სეზონის შეცდომათა ლიმიტი ამოწურა. დანიელ აგერის გარდა, “იუნაიტედთან” დაშავდა ფაბიო ბორინიც. ასე რომ, როჯერსს, პრაქტიკულად, ერთადერთი თავდამსხმელიღა რჩება - ლუის სუარესი. ჩნდება შეკითხვა: როცა არ არსებობდა კლინტ დემპსის შეძენის გარანტია, რა საჭირო იყო ენდი კეროლის გაშვება? ჰო, სუარესი ვახსენეთ და ურუგვაელის მიერ მომენტების რეალიზაციაც უკეთესის სურვილს ტოვებს. მწვრთნელი თავდასხმის ხაზში მანევრირების საშუალებას, პრაქტიკულად, მოკლებულია.

მერსისაიდელთა ფანებმა მშვენივრად იციან შარშანდელი შესანიშნავი სტატისტიკის შესახებ: ევროპის ტოპჩემპიონატების მონაწილე გუნდებს შორის მხოლოდ “ბარსელონამ” გაატარა “ლივერპულზე” მეტი დრო მეტოქის ნახევარზე. შარშანდელ სეზონში 38 ტურში მხოლოდ 5-ჯერ მოხდა, რომ მეტოქემ კარებისკენ უფრო მეტჯერ დაარტყა.

საერთო დარტყმების რაოდენობით კი მხოლოდ სამმა გუნდმა მოახერხა “წითლების” ჯობნა. თუმცა ეს ლამაზი სტატისტიკა არაფრის მთქმელი ხდება, როცა ცხრილში “ლივერპულს” მე-8 ადგილზე ვხედავთ. ამჟამად გუნდი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში - მე-18 ადგილზეა. თუკი სიტუაცია მალე არ შეიცვლება, როჯერსი, თავისი საინტერესო საფეხბურთო ფილოსოფიის მიუხედავად, შეიძლება უსამსახუროდ დარჩეს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მისი ფეხბურთელები ძველებურად განაგრძობენ შეცდომების დაშვებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული