ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტურის წინ: დიდი შაბათი

AutoSharing Option
"არსენალი"-"ჩელსის" მატჩის შემდეგ შეიძლება ცხრილს ახალი ლიდერი მოევლინოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე დიდ და დამაინტრიგებელ ლონდონურ დერბიში, ბუნებრივია, ფრეს ელის, რათა "ტოტენჰემთან" 3 ქულის აღების შემთხვევაში ყველას ზემოდან გადახედოს.

მაშ ასე, მე-5 ტურისა არ იყოს, ამ უქმეებზე გასამართსაც ორი უმაღლესი დონის თამაში ამშვენებს.

მოდი, ტურის წინა მიმოხილვა სწორედ ამ შეხვედრებით დავიწყოთ, მით უფრო, რომ საფეხბურთო შაბათ-კვირას სწორედ დედაქალაქელების დაპირისპირება ხსნის.

დერბი და არანაკლები
"ემირიტსზე" "მეთოფეებიც" და "ლურჯებიც" მშვენიერ განწყობაზე გავლენ მინდორზე, მიზეზი გასაგებია - შუა კვირაში ერთმაც და მეორემაც ლიგის თასზე
მეტოქე მიწასთან გაასწორა, გაუტანა რა 6 გოლი.

თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ მასპინძლებმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ "საუთჰემპტონსაც" 6:1 "ასიამოვნეს", ცხადი გახდება, რომ არსენ ვენგერის გუნდი არნახულ ფორმაშია და მისი შეტევების ნეიტრალიზება "ჩელსის" ძალიან გაუჭირდება.

ჯონ ტერი ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება იმის მიუხედავად, რომ საფეხბურთო ასოციაციაში მოსმენებზე სიარულმა მის ფორმაზე ცუდად იმოქმედა. "ჩელსიზე" რისი თქმა შეიძლება? შარშანდელი სტარტისგან განსხვავებით უკანა ხაზი ბევრად უფრო სტაბილურია. აი, შეტევას კიდევ ედენ აზარის ფანტაზია დაემატა.

ასე რომ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ წლევანდელი გუნდი პოტენციალით შარშანდელს რამდენადმე აღემატება. ოღონდ ახალმა გუნდმა თავისი თამაში აუცილებლად უნდა დაიჭიროს.

ტრავმირებული ფეხბურთელების მხრივ "არსენალი" ბევრად მდიდარია, მაგრამ "მეთოფეებმა" დაამტკიცეს, რომ მათთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. სასიამოვნოა, რომ ჯეკ უილშირი მინდორს უკვე დაუბრუნდა. 14-თვიანი პაუზის შემდეგ ის ჯერჯერობით მხოლოდ 21-წლამდელთა გუნდში თამაშობს.

29 სექტემბრის მატჩებს "იუნაიტედი"-"ტოტენჰემი" დახურავენ. თუკი ეს თამაში წინას რაიმეთი ჩამორჩება, ეს მხოლოდ დერბის ხასიათი და ინტრიგაა. საშემსრულებლო ოსტატობის საშუალო დონე არ გვგონია, "ოლდ ტრეფორდზე" ნაკლები იყოს. შესაბამისად, მისი შედეგის წინასწარ გამოცნონა უფრო იოლია.

უეინ რუნი გამოჯანმრთელდა. დიდი შანსია ძირითადში ვიხილოთ ისიც და რობინ ვან პერსიც. "ეშმაკების" თავდასხმის წყვილს "დეზების" დაცვის ხაზისთვის გადაუჭრელი პრობლემების შექმნა შეუძლია. გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლებისთვის ეს მიჯრით მეხუთე წარმატება იქნება.

თავის მხრივ სტუმრებს ჯერმეინ დეფოს იმედი უნდა ჰქონდეთ, ვინც კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

ბუკმეკერები "იუნაიტედს" გამარჯვების უპირობო ფავორიტად ასახელებენ. სტატისტიკას თვალი გადავავლეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ჩემპიონატში "დეზებმა" მანჩესტერიდან 3 ქულა უკანასკნელად 1989 წლის 16 დეკემბერს მოიპოვეს.

ასე რომ, "ეშმაკებს" ეს გარემოებაც იმედიანად განაწყობს.

სხვა მატჩები
ახლა დანარჩენ შეხვედრებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: მესამეადგილოსანი "ევერტონი" "საუთჰემპტონს" მასპინძლობს. მე-5 ტურში "წმინდანებმა" პირველი, მაგრამ ხმაურიანი გამარჯვება ("ასტონ ვილა" 4:1) მოიპოვეს და "გუდისონ პარკს" კარგ ხასიათზე ესტუმრებიან.

ნაიჯელ ედკინსის გუნდმა შუა კვირაში ლიგის თასზე "შეფილდ უენსდი" დაამარცხა, "ევერტონმა" კი "ლიდსთან" დათმო მე-4 ეტაპის საგზური. თასის თამაში ერთია, მაგრამ მერსისაიდელები პრემიერლიგაში მაინც ფავორიტები არიან.

"სტოკს" ჯერ გამარჯვება არ ღირსებია. განვლილ ტურებში მის ანგარიშზე 4 ფრე და წაგებაა. "სუონსი" ის გუნდია, ვისი დამარცხებაც "მეთიხეებს" ნამდვილად შეუძლიათ. მიკაელ ლაუდრუპის შეგირდებმა, წესით, 29 სექტემბერს თავი უნდა გადადონ, რათა 3-თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტონ. ამ შემთხვევაში ფავორიტის დასახელება გვიჭირს.

"ფულჰემი" მოქმედ ჩემპიონს მასპინძლობს, ვინც ჯერჯერობით ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე და ჩემპიონატის განვლილ შეხვედრებში მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.

მასპინძელს სეზონის ბოლოს ევროთასებზე მოხვედრის ამბიცია აქვს, "ქალაქელების" მიზნებზე წერა კი ზედმეტია. რობერტო მანჩინის ყველა ტურნირის მოგება სურდა, სადაც ასპარეზობდა, თუმცა შუა კვირაში ლიგის თასზე "ასტონ ვილასთან" დამარცხდა.

ჩვენი პროგნოზით, "სიტი" სამი ქულის აღებას მოახერხებს, უარეს შემთხვევაში კი ქულას დაიმსახურებს.

ნორვიჩის "ქეროუ როუდზე" "ლივერპული" 3 ქულისთვის გავა სათამაშოდ. მერსისაიდელებმა ლიგის თასზე "ვესტ ბრომვიჩს" სძლიეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ ნელ-ნელა ფერზე მოდიან და პრემიერლიგაში რეალურ ბრძოლაში ჩასართველადაც არიან მზად.

ბრენდან როჯერსმა ისიც დაგვანახვა, რომ მას ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის იმედი შეიძლება ჰქონდეს. ცხადია, გრძელი სათადარიგოთა სკამი მძიმე სეზონის განმავლობაში დიდი ფუფუნებაა.

"ნიუკასლი" ამ ეტაპზე ჩემპიონატის ყველაზე სუსტ გუნდს - "რედინგს" სტუმრობს. "კაჭკაჭები" კარგ ხასიათზე უნდა იყვნენ, რადგან გუნდის თავკაცმა ალან პარდიუმ თანამშრომლობა 7 წლით (2020 წლამდე) გააგრძელა. მისმა ფეხბურთელებმა კი განსაკუთრებით უნდა მოინდომონ. გვგონია, რომ სტუმრები კრის ჰიუტონის გუნდს იოლად გატეხენ.

კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ერთ გუნდს მოგების შანსი ბევრად მეტი აქვს, ვიდრე მეორეს, "სანდერლენდი"-"უიგანია". "შავ კატებს" არნახულ ფორმაში ჰყავთ სტივენ ფლეტჩერი, ვინც უგოლოდ მოედანს არ ტოვებს.

თუკი სტუმრებს არ სურთ, რომ შარშანდელივით სეზონის ბოლოს დაუდგეთ საქმე ადგილის შენარჩუნებაზე, უკვე უნდა დაიწყონ ფიქრი, თუ როგორ გამოასწორონ თამაში.

სტივ კლარკს უცნაური გუნდი ჰყავს, რომელიც ჩემპიონატში კი ახერხებს სტაბილურად თამაშს, მაგრამ როცა საქმე პლეი ოფის მატჩებზე მიდგა, მუხლი აუკანკალდა და "ლივერპულის" ლამის დუბლშემადგენლობასთან დამარცხდა.

ლიგის თასზე "სიტისთან" ბრწყინვალე მოგების შემდეგ 30 სექტემბერს მასპინძელმა ფრთებგამოსხმულმა უნდა ითამაშოს, მაგრამ... მაინც ვფიქრობთ, რომ "ვილა პარკზე" შეხვედრა ფრედ დასრულდება.

მე-6 ტურს "ქუინზ პარკისა" და "ვესტ ჰემის" ორშაბათის დაპირისპირება დახურავს. საშინელი სტარტის შემდეგ მარკ ჰიუზს ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი ეძლევა იმის დასამკიცებლად, რომ სწორედ ის სპეციალისტია, რომელიც ამ გუნდის სათავეში უნდა იყოს.

ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური
29 სექტემბერი
არსენალი-ჩელსი 15:45
ტრავმა: ფაბიანსკი, შამახი, როსიცკი, სანია, ფრიმპონგი, უილშირი, ვერმალენი, შჩესნი - სტარიჯი

ევერტონი-საუთჰემპტონი 18:00
ტრავმა: გიბსონი, ჰიბერტი (ევე)

ფულჰემი-მანჩესტერ სიტი 18:00
ტრავმა: სენდეროსი, რიჩარდსონი, ფრეი, დევისი, დიარა - როდუელი, რიჩარდსი, მაიკონი

ნორვიჩი-ლივერპული 18:00
ტრავმა: ბასონგი, ლაპინი, ბენეტი, უიტეკერი - ბორინი, კელი, კოული, ლეივა, აგერი

რედინგი-ნიუკასლი 18:00
ტრავმა: ფედერიჩი, რობერტსი, კებე - კრული, ტეილორი, სიმპსონი, კოლოჩინი

სტოკ სიტი-სუონსი 18:00
ტრავმა: ნესი - ბარტლი, ტეილორი, ერნანდესი, აგუსტინი

სანდერლენდი-უიგანი 18:00
ტრავმა: ბერდსლი, ბრაუნი, კუელიარი, კემპბელი, ჯონსონი, ლარსონი - ალკარასი, დი სანტო

მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი 20:30
ტრავმა: ვიდიჩი, რაფაელი, ჯოუნსი, იანგი, სმოლინგი - კაბული, პარკერი, გომესი, ასუ-ეკოტო, ადებაიორი, ნაუტონი, ლივერმორი

30 სექტემბერი
ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: აირლანდი, პეტროვი, გარდნერი, დანი - რიდი, პოპოვი, მორისონი, ტომასი

1 ოქტომბერი
ქუინზ პარკი-ვესტ ჰემი
ტრავმა: ჯონსონი, მბია, ტრაორე, ბოსინგვა, ფაბიო, ტაარაბტი, ფერდინანდი - კეროლი, კოლისონი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 5 4 1 0 9-2 13
2. იუნაიტედი 5 4 0 1 12-6 12
3. ევერტონი 5 3 1 1 9-5 10
4. ვესტ ბრომვიჩი 5 3 1 1 7-4 10
5. არსენალი 5 2 3 0 9-2 9
6. ფულჰემი 5 3 0 2 12-7 9
7. სიტი 5 2 3 0 10-7 9
8. ტოტენჰემი 5 2 2 1 8-6 8
9. ვესტ ჰემი 5 2 2 1 5-4 8
10. ნიუკასლი 5 2 2 1 6-6 8
11. სუონსი 5 2 1 2 10-7 7
12. სანდერლენდი 4 0 4 0 4-4 4
13. სტოკი 5 0 4 1 4-5 4
14. ასტონ ვილა 5 1 1 3 5-9 4
15. უიგანი 5 1 1 3 5-10 4
16. საუთჰემპტ. 5 1 0 4 9-15 3
17. ნორვიჩი 5 0 3 2 2-8 3
18. ლივერპული 5 0 2 3 4-10 2
19. ქუინზ პარკი 5 0 2 3 3-11 2
20. რედინგი 4 0 1 3 4-9 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული