არსენ ვენგერი: ვაღიარებ, აბუ დიაბის ძირითადში დაყენება არ შეიძლებოდა

AutoSharing Option
"არსენალის" 26 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა აბუ დიაბიმ "ჩელსისთან" შეხვედრაში ბარძაყის ტრავმა მიიღო და ახლა მას 20 დღით დასვენება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს პრაქტიკულად მთელი შარშანდელი სეზონი არ უთამაშია. არსენ ვენგერის თქმით, ის გარკვეულწილად ავანტიურაზე წავიდა, რამაც არ გაამართლა. ფრანგი სათამაშოდ მზად არ აღმოჩნდა.

"დიაბის ჯანმრთელობის ისტორია კარგად ვიცი. ბუნებრივია, სიტუაციას წინასწარ ვაფასებდი კიდეც. ახლა ვაღიარებ, რომ ძირითადში მისი დაყენება არ შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ სხვა ტრავმირებულების მოედანზე
დაბრუნებას ის ფორმაში შეხვედროდა.

ჩვენ ხომ უახლოეს ხანებში ჯეკ უილშირის, ფრანსის კოკლენისა და ემანუელ ფრიმპონგის გამოჯანმრთელებასაც ველით. ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდება ტომაშ როსიცკიც.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ფეხბურთელები იმედგაცრუებულები არიან, რადგან მათ ისეთი თამაში წააგეს, რომელიც არ უნდა წაეგოთ.

მე შემიძლია მათი განცდების აღქმა. ვფიქრობ, ამ წაგებას გადავიტანთ. მსგავსი რამ გუნდს სეზონის განმავლობაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაემართოს.

უნდა ითქვას, რომ ორივე გოლის მომენტში ჩემი ფეხბურთელები მეტისმეტად პასიურად მოქმედებდნენ და ყველაფერი სწორედ ამის ბრალია. ძნელია, გაიხსენო შემთხვევა, როცა გუნდს გასვლით თამაშში ორი გოლი ასე იოლად გააქვს. თუმცა ვაღიარებ, რომ საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვქონდა".


გიბსის იმედები
სეზონის დაწყებიდან დღემდე "არსენალის" დაცვის მარცხენა ფლანგზე კირან გიბსი თამაშობს. 23 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრავმებისგან იტანჯებოდა, რის გამოც ვენგერმა ანდრე სანტოსიც შეიძინა.

ბედის ირონიაა, რომ შარშან ბრაზილიელმა განაპირა მცველმაც ტრავმა მიიღო. ერთი პერიოდი ისინი ლაზარეთში ერთად იმყოფებოდნენ. გიბსი კმაყოფილია იმით, თუ როგორ მიდის წელს მისი საქმეები:

"ვგრძნობ, რომ სულ უფრო კარგად გამომდის თამაში და ეს გუნდზეც დადებითად აისახება. ამ წუთას არაფერი მაწუხებს და ყველაფერი სწორედ ამის დამსახურება მგონია.

ექიმებსა და ფიზმომზადების სპეციალისტებს დიდ მადლობას ვუხდი იმ დიდი ამაგისთვის, რაც ამ თვეების განმავლობაში დამდეს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული