რობერტო დი მატეო: მოვა დრო, როცა ლიდერობას ახალი თაობა აიღებს ხელში

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო აცხადებს, რომ ის აღფრთოვანებულია თავისი ახალგაზრდა ფეხბურთელებით და იმედი აქვს, რომ ისინი ლონდონელთა ღირსეულ ლიდერებად ჩამოყალიბდებიან.

ამასთან, სოციალურ ქსელებსა თუ ბლოგებზე უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით მტკიცებას, რომ სწორედ იტალიელმა სპეციალისტმა მოახერხა "ლურჯებში" ჟოზე მოურინიოს კვალის საბოლოოდ წაშლა, რადგან გუნდი უკვე აღარ არის დამოკიდებული ჯონ ტერისა თუ ფრენკ ლემპარდზე.

გულშემატკივრებს ახარებთ ის ფაქტი, რომ კლუბმა თანხები არ დაინანა ახალი ფეხბურთელების ტრანსფერებში. შედეგად, ახალწვეულები ოსკარი
და ედენ აზარი უკვე ამართლებენ მათზე გაცემულ ავასებს.

მარკო მარინსა და სესარ ასპილიკუეტას კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა ტრავმების გამო არ მისცემიათ, მაგრამ მათ ოსტატობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

"ტერი და ლემპარდი წლების განმავლობაში იყვნენ გუნდის ლიდერები. ისინი დღემდე წარმოადგენენ გუნდის ხერხემალს. ვფიქრობ, მალე მოვა დრო, როცა ლიდერობას ახალი თაობა აიღებს ხელში, თუმცა იქამდე მათ ჯერ კიდევ მოუწევთ ბევრი რამის სწავლა.

უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შანსი, ვიმუშავო გუნდში, რომელიც ჩემი გულის ნაწილს წარმოადგენს. გულწრფელად ვამბობ, რომ ყველა იმსახურებს შექებას დიდებული სტარტის გამო.

ახალწვეულები კი დამატებით უნდა გამოვარჩიო ახალ გარემოსა და განსხვავებულ სათამაშო სისტემასთან სწრაფი ადაპტაციის გამო.

ამ კლუბში იმიტომ მოვედი, რომ ჩემი საქმე ვაკეთო. იმედია, ჩემი და "ჩელსის" საერთო ისტორია კიდევ დიდხანს გაგრძელდება," - განაცხადა 44 წლის დი მატეომ ESPN-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული